ჟურნალმა კოსმოპოლიტენმა ერთ-ერთი ნომრის ყდაზე ჭარბწონიანი მოდელი გამოსახა წარწერით „სიმსუქნე ჯანმრთელობაა“. ამ გარეკანს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება თუ არა, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობასთან გავაიგივოთ, რატომ ხდება სიმსუქნის ნორმალიზება მსოფლიოში და როგორ უნდა გამოვიყენოთ სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტები - ამის შესახებ "იმედის დღის" ეთერში ქეთი ასათიანის რუბრიკაში „დიეტა+“ ენდოკრინოლოგმა, პროფესორმა ელენე გიორგაძემ ისაუბრა.
„სიმსუქნე თავად არის დიაგნოზი. არ მგონია, ვინმეს სიმსუქნე ჯანმრთელობა ეგონოს. უბრალოდ, უნდათ, რომ ასე იყოს. მით უმეტეს, გარკვეულ პერიოდამდე ადამიანი ვერ გრძნობს ვერანაირ დისკომფორტს. აქვს წონა, მაგრამ ამბობს, რომ არ აწუხებს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს ეხებათ.
როგორც ფარისებრი ჯირკვლკის პრობლემის მქონე ადამიანი იკონტროლებს ჰორმონებს მუდმივად, ასეა სიმსუქნეც. ერთხელ დაკლების შემდეგ ადამიანმა მუდმივად უნდა აკონტროლოს წონა,“ - ამბობს ელენე გიორგაძე, რომელმაც წონის პრობლემის გახშირების მიზეზებზეც ისაუბრა.
„როცა სკოლაში ვსწავლობდი, კლასში მხოლოდ ერთი გოგონა იყო ზედმეტი კილოგრამებით. არც სასწორი ჰქონდა ვინმეს სახლში და ამ პრობლემაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. ცხოვრების წესი სხვანაირი იყო, არ არსებობდა გაჯეტები და კომპიუტერი, რომლის წინაც დღეს მთელი დღე გაუნძრევლად ვსხედვართ. მე, პირადად, ყოველდღე ფეხით დავდივარ სამსახურში და დღეში 15 კილომეტრს გავდივარ. დავდივარ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მეშინია, არ დავდგე სიმსუქნის პრობლემის წინაშე. გავიხსენოთ, რა პრპოდუქტს ვიღებდით 30 წლის წინ და რა გვაქვს დღეს. უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ ენდოკრინოლოგებმა, პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ ბრძოლას არ გამოვუცხადებთ სუპერმარკეტს და იმ კომერციას, რაც კვების სფეროში ხდება. დღეს უმეტესად ვიღებთ გენმოდიფიცირებულ საკვებს. არც წარწერა “BIO” გვიცავს ამისგან, რადგან არც ისაა ჯანსაღი. ერთადერთი აღნიშვნა საკვებზე, გახლავთ „wild“ ანუ „ველური“ , მხოლოდ ის არის ჯანსაღი. რაც უფრო იაფია, უფრო ცუდი ხარისხისაა პროდუქტი. მათში შემავალი ემულგატორები და დანამატები ზრდის მადას. ზედმეტი კვება მხოლოდ ადამიანი ბრალი არ არის, თავად პროდუქტი ზრდის მადას“ - ამბობს ელენე გიორგაძე. მისი თქმით, დეპრესია და სიმსუქნე ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
„ზოგიერთ ადამიანს ისეთი ფსიქიკა აქვს, დეპრესიის დროს საერთოდ ვერ ჭამს, მხოლოდ წყალს სვამს და იმასაც ძნელად. ძირითადად კი დეპრესიაში ყოფი ადამიანი ეძებს, რაზე გადართოს ყურადღება. ამ დროს ყველაზე ადვილია, რომ კვებით დაკავდეს. მით უმეტეს, თუ ამ დროს ეკრანს უყურებს, ვეღარ აკონტროლებს ულუფას. უკვე გასუქების შემდეგ დეპრესიის მეორე ტალღა იწყება - როცა იყურება სარკეში და ვიზუალი არ მოსწონს, ვეღარ ეტევა ტანსაცმელში და ა.შ.“ - აღნიშნავს ის და სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატების ტემასაც ეხმაურება.
„ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია ორი მედიკამენტი, მთელი საქართველო ამას იკეთებს. არაჩვეულებრივი პრეპარატებია, მოქმედების სამმაგი მექნიზმით, მაგრამ როგორც ენდოკრინოლოგი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების. არსად მთელ მსოფლიოში ეს პრეპარატები არ იყიდება და არ ინიშნება უექიმოდ და ურეცეპტოდ, საქართველოს გარდა.
ამ პრეპარატებს საკმაოდ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვთ. პაციენტს წინასწარ ვამზადებ, რომ ყველა ანალიზი ჩადგეს ნორმაში და ეს დავნიშნო. ახლა გერმანიაში გამოვიდა პრეპარატი, რომელიც თუ კარგად იმუშავებს, ბარიატრიას ჩაანაცვლებს, რადგან 10 თვეში წონის 25%-ს აკარგინებს. ასეთი ძლიერი პრეპარატები ყოველთვის არის ძლიერი გვერდითი მოვლენებით. ჩვენ, ექიმებიც, ვსწავლობთ, როდის და როგორ დავნიშნოთ და ამ დროს მთელი თბილისი მათ თვითნებურად მოიხმარს. ამის გამო ეს პრეპარატი სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში. ერთადერთი, რაც თვითნებურად შეიძლება, ცხოვრების წესის შეცვლაა. ექიმებს გაიდლაინით გვაქვს რეკომენდაცია, პაციენტებს ვურჩიოთ, რომ ერთსაათიანი მჯდომარე მუშაობის შემდეგ 15 წუთი ოთახში იარონ. აუცილებელია ძილი 6 საათით, ძილის წინ კი 30 წუთი ფეხით უნდა გაიაროთ. "