"თუ მშობელი შვილს წესებს ვერ უდგენს და ძალიან დამთმობია, ის კარგავს ავტორიტეტს, რომელსაც ბავშვი შემდეგ სხვა წრეში ეძებს" - მშობლები

"თუ მშობელი შვილს წესებს ვერ უდგენს და ძალიან დამთმობია, ის კარგავს ავტორიტეტს, რომელსაც ბავშვი შემდეგ სხვა წრეში ეძებს"

2023-03-27 11:10:21+04:00

როგორც კი გაიგებთ, რომ შვილს ელოდებით, პირობას დებთ, რომ იდეალური მშობლები იქნებით. მაგრამ როცა ბავშვი იბადება და მისი აღზრდა იწყება, ეჭვებიც ჩნდება, ნამდვილად გამოგდის, იყო იდეალური მშობელი? აი, რა რა თვისებებია დამახასიათებელი საუკეთესო მშობლებისთვის - ვნახოთ, რამდენად ახლოს ხართ მათთან.

1. იცოდე, როდის გაუშვა

იმის გაცნობიერება, რომ ბავშვები გაიზარდნენ და ცხოვრების გაგრძელება საკუთარი გზით, ჩვენი რჩევების გარეშე უნდათ, მარტივი საქმე არ არის. მაგრამ თუ ბავშვი ბავშვობიდან არ არის მიჩვეული დამოუკიდებლობას, ახალგაზრდობაში ბევრი შეცომის დაშვება მოუწევს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ დამოუკიდებლობა: იფიქროს თავისებურად; მოაგვაროს პრობლემები უფროსების დახმარების გარეშე, თავად აირჩიოს რაღაც - ამ ყველაფრის შემდეგ ყოველთვის დარწმუნებული იქნება საკუთარ ძალებში.

თუ ბავშვი უკვე 2 წლისაა, შეუძლია თვითონ ჩაიცვას და არ დაელოდოს, სანამ დედა მისთვის მოიცლის. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა ასწავლოთ, როგორ გააკეთოს ეს და შემდეგ დაელოდოთ, სანამ ნელ-ნელა მიეჩვევა. ტანსაცმელიც მარტივი უნდა იყოს. არ არის საჭირო, სკოლის ასაკამდე თქვენ აცმევდეთ, აცადეთ, თუნდაც წვალებითა და ზოზინით, მაგრამ თავად გაართვას ჩაცმას თავი. მიეცით შესაძლებლობა, დატკბეს თავისი მცირე გამარჯვებით.

გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ბავშვს საშუალება მისცეთ, თავისი ნამოქმედარის შედეგები ნახოს, ვიდრე შეცდომებისგან დაიცვას იგი. თქვენი პატარა მუდმივად ისვრის სათამაშოებს მთელ სახლში? იმის ნაცვლად, თავად აკრიფოთ, ჰკითხეთ: „არ შეგიძლია ამის გაკეთება?" ნება მიეცით თქვენს შვილს, დამოუკიდებლად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და შანსები, რომ ის უფრო ხშირად მიალაგებს თავის სათამაშოებს მომავალში, მნიშვნელოვნად გაიზრდება. ადვილი არ არის იმის ყურება, თუ როგორ უშვებენ ჩვენი შვილები შეცდომებს და უსაშველოდ დიდხანს უნდებიან ამოცანის შესრულებას, ვერც ხარისხიანად აკეთებენ და ვერც სწრაფად, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ასწავლოთ მათ თავდაჯერებულობა და ეს უნდა იყოს თქვენი მიზანი.

2. აქვს ჰარმონიული ოჯახი

მშობლებს შორის ურთიერთობა დიდ გავლენას ახდენს ბავშვების მსოფლმხედველობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ჰარმონიულ ქორწინებაში მყოფი წყვილები უფრო პასუხისმგებელი მშობლები არიან. უფრო მეტ მოთმინებასა და და ყურადღებას იჩენენ ბავშვების მიმართ.

ხოლო ის წყვილები, რომლებსაც ერთმანეთში უთანხმოება აქვთ, ხშირად არათანმიმდევრული და ზედმეტად მომთხოვნნი არიან ბავშვების მიმართ. მშობლები, რომლებსაც არ შეუძლიათ ოჯახურ ურთიერთობებში საკუთარი პრობლემების გადაჭრა, ხშირად იკარგებიან შვილებთან ურთიერთობაში. მშობლების ბედნიერი ქორწინების ყურებისას, ბავშვი იღებს პირველ გაკვეთილებს ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ბავშვს ესმის, რომ უფროსები სირთულეებს ერთად გადალახავენ და სწავლობს, რომ კონფლიქტები საუბრებითა და დათმობებით უნდა მოგვარდეს. როდესაც ბავშვები ხედავენ, რომ მშობლები ერთმანეთს თბილად ექცევიან, ისინი თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ.

3. გამონახეთ დრო გართობისთვის

კარგი მშობლები ყოველთვის მკაცრები და სერიოზულები არ არიან. გამონახეთ დრო ერთად სათამაშოდ და გასართობად. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მიატოვოთ ყველა საქმე და საათობით ეთამაშოთ ბავშვებს. მაგრამ ხანდახან აუცილებლად უნდა ჩაერთოთ თამაშში და ამ გართობით გამოწვული სიხარული ერთად გაიზიროთ. არ ჩათვალოთ ბავშვთან თამაში დროის დაკარგვად. ბავშვობაში ყველა თამაში ღრმა მნიშვნელობას იძენს: დამალობანა ასწავლის მიჯაჭვულობას, როლური თამაშები (საავადმყოფოში, კაფეში, მაღაზიაში) ეხმარება ბავშვებს იპოვონ ადგილი ცხოვრებაში, ხოლო ჭიდაობა და „ომობანა“ ეხმარება მათ თავდაჯერების ჩამოყალიბებაში. ბურთი, შეჯიბრებითი თამაშები მათ თანამშრომლობას და გუნდურ მუშაობას ასწავლის. თამაში ასევე არის ღელვისა და შფოთვისგან თავის დაღწევის საშუალება. ბავშვები მათ თავიანთი ემოციების საჩვენებლად იყენებენ (მაგალითად, თოჯინებით თამაშისას). როდესაც დედა ავად არის, ბავშვი იხსენებს, თუ როგორ უვლიდნენ მას ავადმყოფობის დროს და თავად "იქცევა" ექიმად.

სამწუხაროდ, სამსახურში გადაღლილი მშობლები ყოველთვის არ არიან მზად ასეთი გართობისთვის. არადა შვილებთან თამაში საუკეთესო საშუალებაა დაღლილობასთან და სტრესთან გასამკლავებლად. როცა ბავშვებთან თამაშობთ, ყველანი თავს უკეთ გრძნობთ და თითქოს ენერგია გემატებათ.

4. იცოდე როგორ თქვა "არა"

ყველა მშობელს საერთოდ არ გამოსდის პრინციპულობა. ასეთი მშობლები წესებს ვერ ადგენენ – ემუქრებიან, ეჩხუბებიან ბავშვს ნამოქმედარზე, მაგრამ საბოლოოდ არაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. ამ მიდგომის შედეგია ბავშვის მხრიდან მუდმივი ჭირვეულობა და ახირებები, მუდმივად უკმაყოფილო განწყობა, განებივრება და ბავშვი რასაც ჰქვია „თავზე გაჯდებათ“. "მთელი კვირა ტელევიზორს ვერ უყურებ!" - ეუბნება დედა შვილს დღისით, საღამოს კი უკვე მულტფილმს ურთავს. ეს დიდი შეცდომაა და ცუდი შედეგები მოაქვს.

როდესაც ბავშვები ძალიან პატარები არიან, მათ საზღვრები სჭირდებათ. დიახ, მათ თავადაც უყვართ წესები. თუ ბავშვობიდანვე თქვენი შვილის თვალში ავტორიტეტი არ გექნებათ, როდესაც მოზარდობის ასაკს მიაღწევს, ავტორიტეტის ძიებას სხვაგან დაიწყებს და შესაძლებელია, რომ ის ძალიან ცუდ წრეში აღმოაჩინოს. ცუდი გავლენისგან ბავშვის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა, თავად იყოთ ბავშვის ავტორიტეტი ადრეული ასაკიდან. რა თქმა უნდა, ზედმეტი სიმკაცრეც გაუმარტლებელია, მაგრამ თუ ძალიან დამთმობი ხართ, ბავშვი უბრალოდ შეწყვეტს თქვენთვის ანგარიშის გაწევას.

შეინარჩუნეთ ბალანსი მხარდაჭერასა და ქცევის მკაფიო წესებს შორის. ეს არის სწორედ ის უნარი, რაც გამოარჩევს კარგ მშობელს - ბალანსის მუდმივი დაცვა.

5. თავად არიან მაგალითები ბავშვისთვის

ყველა მშობელს სურს პასუხისმგებლიანი, ინტელექტუალური, კეთილი და მადლიერი ადამიანი.აღზარდოს, მაგრამ მორალურ ფასეულობებს ვერ ასწავლით ისე, როგორც ფეხბურთის თამაშს, გამრავლების ტაბულას ან ხატვას. მას თქვენი საქციელით უნდა აჩვენოთ ყოველივე ზემოჩამოთვლილის მაგალითი. თუ თქვენ ყოველთვის გულუხვი და გულმოწყალე ხართ, თქვენი ბავშვი აუცილებლად გაიზრდება იმ შეგნებით, რომ ადამიანებს პატივი სცეს და მზრუნველობა გამოიჩინოს. თუ ოჯახში მატერიალური სიკეთე არ იქნება გადაჭარბებული, ბავშვი მიხვდება, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება. მშობლები, რომლებიც უსმენენ შვილს, მის გრძნობებსა და სურვილებს, შთააგონებენ, რომ ასევე მოიქცეს მომავალში სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

ღირებულებებს სახელმძღვანეობით ვერ ასწავლით. ბავშვები მათ მანამ უნდა ეზიარონ, სანამ კითხვას ისწავლიან. უფრო მეტიც, ღირებულებები ნორმალური კომუნიკაციით მთელი დღის განმავლობაში „ისწავლება“.

6. არ უჭირთ სიყვარულის გამოხატვა

ბავშვის ჩახუტება, კოცნა და გულთბილი ღიმილი საუკეთესო საშუალებაა სიყვარულის გამოსახატად. მშობლებს კი ხშირად გვირჩევნია სიყვარული ბავშვის მოვლითა და მასზე ზრუნვით გამოვხატოთ, უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება, განათლების მიცემა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ

ბავშვს მოფერებაც ისე სჭირდება, როგორც კარგი კვება და ჯანმრთელობა.

yda-patara-1679901266.jpg