"ბაღში ზეიმისთვის ფორმების შეკერვა მოგვთხოვეს... ვითომ ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ უარს იტყვი, გაბულინგებენ და დაგცინიან სხვა მშობლები" - მშობლები

"ბაღში ზეიმისთვის ფორმების შეკერვა მოგვთხოვეს... ვითომ ნებაყოფლობითია, მაგრამ თუ უარს იტყვი, გაბულინგებენ და დაგცინიან სხვა მშობლები"

2023-03-27 12:26:55+04:00

„ბევრჯერ წამიკითხავს უკმაყოფილო მშობლების წერილები ბაღთან დაკავშირებით და მეც მინდა ჩემი გულისტკივილი დავწერო.

ორი შვილის დედა ვარ, ორივე ბაღის ასაკისაა. ჩემი და ჩემი მეუღლის ხელფასი საშუალოზე დაბალია, ჩვენ სქვეყანაში ეს გასაკვირი არ არის, ნორმალური ამბავია, სამწუხაროდ.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე უამრავ რამეზე ვამბობთ უარს, უამრავ რამეს ვიკლებთ იმისათვის, რომ ბავშვები არაფერს გამოაკლდნენ, ან რამე არ დააკლდეთ, საჭმელი იქნება ეს თუ ჩასაცმელი, ჩვენი ხელფასი მაინც არაფერში გვყოფნის. ძირითადი თანხის ნაწილი ისედაც წამლებში მიდის, ბაღი ხომ „ვირუსების ბუდეა“.

არავინ მყავს დამხმარე, რომ ბავშვები დავუტოვო, ამიტომ იძულებული ვარ, ვატარო ბაღში.

ბაღის „მოსაკრებლები“ უცხო არავისთვისაა და ამას „შევეგუეთ“: სწავლის დაწყება, ახალი წელი, დედის დღე, ქალთა დღე, მასწავლებლის დღე, დაბადების დღეები, აღდგომა ... რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო ასე უსასრულოდ.

არ მინდა ვინმემ უმადურობაში ჩამომართვას, ძალიან აღელვებული ვწერ ახლა ამ წერილს, შესაძლოა 15 და 20 ლარი ვიღაცისთვის კაპიკებია, მაგრამ ჩემნაირი შეჭირვებული ოჯახისთვის არ არის ადვილად ხელმისაწვდომი თანხა, როდესაც 2 ბავშვი გყავს.

ყველასი მადლიერი ვარ, ვიცი რა ხელფასზეც უწევთ მასწავლებლებს მუშაობა ბავშვებთან და რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, თუმცა ეს უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ და მე არ უნდა მართმევდეს ჯიბიდან „მოსაკრებელს“, რომელიმე კუდაბზიკა მშობელი.

ასეა თუ ისე, მაინც ვერ ჩამორჩები. სხვისი საქილიკო და დასაცინი რომ არ გახდე: „კაი რა, რა სალაპარაჯო გაუხდა 15 ლარი?!“ - ზოგისთვის ადვილი საშოვნელია და მე ციდან არ მიცვივა, სამწუხაროდ.

ცოტა ხნის წინ კრება გვქონდა. იგეგმება ზეიმი, სადაც ბავშვებს სჭირდებათ ფორმები, რომლის შეკერვაც, თურმე 70 ლარი ჯდება.

20 წუთით უნდა გამოიყენოს ბავშვმა, შემდეგ უნდა გადავაგდოთ, ისეთი რამეა, რასაც სხვა დროს ვერაფერში გამოვიყენებთ.

ან ამ კრებას რა აზრი აქვს, ვერ ვხვდები, ყველაფერს წყვეტს მასწავლებელი და მასთან დაახლოებული 2 კუდაბზიკა მშობელი, დანარჩენები კვერს უკრავენ.

განსხვავებული აზრი თუ გამოთქვი, ჩაგქოლავს ყველა, რომ მასწავლებლის თვალში კარგად გამოჩნდნენ.

ასე დავბულინგდი ჩემი სიდუხჭირის გამო, იმის გამო, რომ არც მაქვს საშუალება და დიდად არც ის ფორმა მომწონს, რაც ბავშვმა უნდა ჩაიცვას 20 წუთით და შემდეგ, კარადაში დაიმტვეროს.

გეუბნებიან, რომ ვითომ, ნებაყოფლობითია მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამასთანავე გაბულინგებენ და დაგცინიან, თუ საწინააღმდეგოს იტყვი.

ძალიან განერვიულებული ვარ, რომ იყოს საშუალება, სადმე გადავიყვანო, ან რაიონში ამ ბაღის გარდა სხვა ბაღიც იყოს, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ რომ გჭირდება, სად გაიქცევი?

თავი უნდა დახარო და მიჰყვე ბრბოს, საითაც მიედინებიან შენც იმ მიმართულებით წახვიდე, რომ არ გადაგთელონ და არ გადაგიარონ ისე, როგორც ეს მე დამემართა.

ბავშვიც მეცოდება, ხომ ვერ გამოაკლებ? მასაც უნდა თავის თანატოლებთან ერთად.

ახლა ეს თანხა უნდა ვისესხო, ზედმეტი ვალდებულება უნდა დავიდო არაფრის გულისთვის.

მსგავსი რამ კანონიერია?! ხომ შეიძლება ვინმემ გააკონტროლოს, ან აიკრძალოს მსგავსი მოსაკრებლები ერთხელ და სამუდამოდ, ყველას ხომ არ გვაქვს ერთნაირი შესაძლებლობა და საშუალება?!

ვიცი, ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე სირცხვილად ითვლება. მეც ძალიან მინდა შეძლებული ვიყო და იმის უფლებას ვაძლევდე თავს, რაც მოკლებული მაქვს, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, საბანს იქამდე ვიფარებ, სადამდეც მწვდება.

ამ წერილით იქნებ რამდენიმე მშობელს მაინც მივაწვდინო ხმა, დედები მაინც დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. რაც მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხზე, რაც მეტი დაიწერება ამის შესახებ, იქნებ გამოიღოს შედეგი და აიკრძალოს ეს მანკიერი პრაქტიკა ბაღებში. "

სალომე, 32 წლის

საშემოდგომო ღონისძიება დაარქვეს და მიგვატანინეს ბაღში ხილი, შეაგროვეს ფული... როდის მოიშლება ეს მეტიჩრობა? - შეწუხებული მშობლის წერილი