რუსეთში მცხოვრებ 22 წლის გოგონას, ანა კოლიადას უამრავი გამომწერი ჰყავდა. გოგონა ბლოგერობდა, მოდელობდა და თავის მომავალ პროფესიას - ექიმობას უთმობდა ძალიან დიდ დროს. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის გვერდიც სოციალურ ქსელში მოიცავდა სამედიცინო რჩევებს ჯანმრთელობაზე, ასევე ლამაზ ფოტოებს მისი სავსე ცხოვრებიდან - გოგონა ბევრს მოგზაურობდა, მრავალი ქვეყანა მოინახულა და ბევრისთვის იყო სამაგალითოც კი, პატარა გოგონებისთვის. როგორც წარმატებული, შრომისმოყვარე, ლამაზი, რომელიც ხშირად წერდა თავის გეგმებზე, მიღწეულ წარმატებაზე, სამ უნივერსიტეტზე, სადაც ერთდროულად სწავლობდა და ძალიან დიდ მომავალზე ფიქრობდა.
შარშან მის ცხოვრებაში მამაკაციც გამოჩნდა - ახალგაზრდა ინვესტორი დიმიტრი ჟულინი. წყვილი ერთად ბევრ დროს ატარებდა და ერთობლივად არაერთი ლამაზი ადგილი მოინახულეს.
იმ საბედისწერო დღესაც გამგზავრებაზე საუბრობდნენ და წასვლის წინ, კიდევ ერთი გამამხნევებელი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი გადასხმის გაკეთება გადაწყვიტეს. როგორც შემდგომ გაირკვა, ანა ხშირად იტარებდა გადასხმებს, საკუთარი ინიციატივით - ამბობდა, რომ ასე აღიდგენდა ძალებს, როცა ძალიან გადაიღლებოდა სწავლით თუ მოგზაურობით. ამჯერად მისი "აღმოჩენა" იყო ორგანიზმის პროფილაქტიკური წმენდისა და იმუნიტეტის გასაძლიერებელი გადასხმა იაპონური პლაცენტარული პრეპარატით. თუმცა მოულოდნელად რაღაც ისე არ მოხდა. გადასხმის დროს წყვილ ტემპერატურა აეწია, თავის ძლიერი ტკივილი დაეწყოთ. წყვილი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ანა იქიდან აღარ გამოსულა. დიმიტრი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამ გადახმებს წყვილი ერთი თვის განმავლობაში იტარებდა 2-3 დღეში ერთხელ. უკანასკნელი 13 მარტს გაიკეთეს. საავადმყოფოში სეპტიკური შოკის დიაგნოზი დასვეს ექიმებმა და 25 მარტს ანა გარდაიცვალა. ახლა საქმე ძიებაშია და იკვლევენ, რამ გამოიწვია სიკვდილი - პრეპარატმა თუ გადასხმის დროს დაშვებულმა რაიმე შეცდომამ.
საუბარია იაპონიაში გავრცელებულ საშუალებაზე, რომელიც ადამიანის პლაცენტის საფუძველზე მზადდება. ითვლება ჰეპატოპროტექტორად და იმუნომოდულატორად და აღწერაში უწერია, რომ არის ფარმაცევტული, ნატურალური პოლიპეპტიდური საინიექციო პრეპარატი და შედგება ადამიანის პლაცენტის ჰიდროლიზატისგან. თუმცა ტრადიციული მედიკოსები მსგავსი პრეპარატების მიმართ უნდობლობას იჩენენ, განსაკუთრებულად იმის გამო, რომ ეს არ არის წლობით გამოკვლეული და გამოცდილი დანამატი. ანამ პრეპარატი იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეარჩია. ძიების ვერსიით, ის ავიტამინოზს ებრძოდა, სხვები კი ამბობენ, რომ კორონავირუსის შემდგომ დატოვებულ პრობლემებს უმკლავდებოდა ასე.
"არც ერთ კლინიკულ რეკომენდაციაში არ არის ეს საშუალება, საერთაშორისო პრაქტიკაშიც არ გამოიყენება. წამალს სასწაულებრივ ეფექტებს მიაწერენ: ონკოლოგიაშიც გამოიყენება თითქოს, ახალგაზრდობასაც ახანგრძლივებს... ადვილი მისახვედრია, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი სასწაული რამ", - ამბობენ ექიმები. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ წამალში არც ისეთი არაფერია, რომ სასიკვდილო რეაქცია ჰქონოდა.
"შესაძლოა, მათ ქიმიურად გაყალბებული პრეპარატი შეატყუეს, ან შეცდომით გააზავეს არა ფიზიოლოგიურ ხსნარში, არამედ რაიმე მომწამვლელ საშუალებაში. ასევე შეიძლება, შენახვის იყო დაშვებული შეცდომა და ტოქსიური ნივთიერებების გაჟონვა მოხდა სითბოში", - მსჯელობენ მედიკოსები. იმ ვერსიასაც უშვებენ, რომ გოგონა რაღაც კოქტეილს აკეთებდა რამდენიმე პრეპარატით და შეცდომა დაუშვა. ექსპერტიზა მალე დაადგენს ზუსტ მიზეზს.