3 მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის ტვინის განვითარებაზე მოქმედებს და მათი ხელიდან გაშვება არ შეიძლება - მშობლები

3 მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის ტვინის განვითარებაზე მოქმედებს და მათი ხელიდან გაშვება არ შეიძლება

2023-03-29 11:28:18+04:00

პედიატრი-ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ პროდუქტებზე, რომლებიც ინტელექტსა და აზროვნებას ბავშვობიდან აყალიბებენ და პატარებს ნორმალური განვითარების შესაძლებლობას აძლევენ:

- ბავშვის ტვინი 6 თვის ასაკში უკვე მოზრდილი ადამიანის ტვინის ზომის 50%-ია. 3 წლის ასაკში ის 80%-ს, ხოლო 5 წლის ასაკში - 90%-ს აღწევს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებია. ძალიან ბევრი კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ სწორედ ამ ასაკში, განსაკუთრებით კი 0-დან 3 წლის ასაკის ჩათვლით, 2,5-ჯერ უფრო აქტიურია ბავშვის ტვინი, ვიდრე მოზრდილის. შესაბამისად, მათი აღქმისა და შესწავლის უნარი ბევრად გააქტიურებულია. ამიტომ, ძალიან სწორი და აქტიური ჩარევაა საჭირო. ბავშვის ტვინი ვითარდება და იზრდება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, ვიდრე ის ლაპარაკსა და სიარულს დაიწყებს. განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გენეტიკაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორებთან ერთად, მისი სწორად გამოვლენის კუთხით, ადაპტირებაც სჭირდება და ხელშეწყობაც. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ, გარემოდან და ოჯახიდან გაგზავნილი სითბო და სიყვარულია. მესამე ფაქტორად კი თავისუფლად შეგვიძლია საკვები პროდუქტები დავასახელოთ. არის განსაკუთრებული პროდუქტები, რომლებიც მათში შემავალი კომპონენტების დამსახურებით ტვინის გააქტიურებას იწვევს.

პირველ რიგში, ცილა პროდუქტები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ქოლინი, ფოლატები და იოდი, თუთია, რკინა, A, D, B6, B12 ვიტამინები, ასევე ომეგა 3-ის მჟავები.

ტვინის განვითარებისთვის სწორედ იმ პროდუქტებს ენიჭება უპირატესობა, სადაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ვიტამინები თუ მიკროელემენტები განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაა. ესენია:

  • ბოსტნეული - როგორც ფოთლოვანი, ისე მწვანე ფერის ბოსტნეული 6 თვის ასაკიდან ბავშვისთვის უკვე აქტუალური ხდება. ბოსტნეულში დიდი რაოდენობითაა უჯრედისი, ფოლიუმის მჟავა და რკინა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს ბროკოლი, ისპანახი, ყველა მწვანე ბოსტნეული, სალათის ფოთოლი, ყაბაყი, სეზონური ბოსტნეული და ასე შემდეგ.
  • ხორცი - განსაკუთრებით კი ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, რომელსაც ასევე 6 თვის ასაკიდან 4-5-ჯერ მაინც უნდა იღებდნენ კვირაში. მის შემცველობაში შედის B12 ჯგუფის ვიტამინი, რკინა. ამერიკის პედიატრიის აკადემიის ბოლო კვლევების მიხედვით, დაახლოებით 10 ბავშვიდან ერთს რკინადეფიციტური ანემია აქვს. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, რკინადეფიციტური ანემიები ბავშვებში არც საქართველოსთვისაა გამონაკლისი. თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ინდაურის, ქათმის, საქონლის ნაკლებად ცხიმიანი ხორცი. ასევე, კურდღლის ხორციც შეიძლება ბავშვების ყოველდღიური მენიუს შემადგენელი ნაწილი იყოს.
  • იოგურტი და რძის პროდუქტები - საერთაშორისო სტანდარტებით რეკომენდებულია, რომ ისინი ყველა იმ ჩამოთვლილ ვიტამინებს შეიცავდეს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ.
  • ბურღულეულის ფაფა
  • თხილეული და თესლეული - ეს ცილა პროდუქტადაც აღიქმება და მასში პრაქტიკულად ძალიან ბევრი დადებითი პროდუქტია, რომლებიც ტვინის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
  • ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტები - ზღვის პროდუქტები, ხამანწკები, მოლუსკები და ასე შემდეგ, რომლებიც დაბალი ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება. ამ დროს ომეგა-ის შემცველი პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია. თევზეული ბავშვის მენიუში შეიძლება 8 თვის ასაკიდან კვირაში მაქსიმუმ 2 პორციის სახით ჩავრთოთ.

tvini.jpg

2-3 წლამდე ტკბილეულის სისტემატური გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ ბავშვი 6 თვის ასაკიდან მრავალფეროვან პროდუქტს იღებს, შემდეგ წლებში ტკბილეულის მიმართ უფრო ნაკლები მოთხოვნილება უჩნდებათ.

პედიატრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზეც, თუ საღამოს როდის უნდა დაასრულოს ბავშვმა კვება:

- თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, მას, რა თქმა უნდა, ურეჟიმო კვება აქვთ და შეუძლია, ძილის წინაც იკვებოს. რაც უფრო იზრდება ასაკობრივი ჭრილი, ძილის წინ საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. ჯობს, გარკვეული შუალედი გავაკეთოთ. ასევე, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ყავისა და კოფეინის შემცველი პროდუქტების არსებობა. ყავას ბავშვები არ მიირთმევენ, მაგრამ სამაგიეროდ ჩაის ვთავაზობთ, რომელიც დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს. ბავშვებისთვის კოფეინის შემცველი მსგავსი პროდუქტების შეთავაზება რეკომენდებული არ არის.

ავოკადოს შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები თავის ტვინის განვითარებისთვისაა აუცილებელი, ხოლო ვიტამინები ხელს უწყობენ ბავშვის ზრდა-განვთარებას - როდის და როგორ მივცეთ პატარას ავოკადო?
საკვები პროდუქტები, რომლებიც გონების განვითარებას უწყობენ ხელს - ნევროლოგის რჩევები ბავშვთა ტვინისა და მეხსიერების შესახებ
ეს ჩვევა ბავშვის ტვინს კლავს - რომელი პროდუქტები ეხმარება ან აფერხებს ბავშვის მეხსიერების განვითარებას
პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ტვინს უფრო მოქნილს ხდის - მარი მალაზონიას რჩევები