რა უნდა იცოდეს ყველა ბიჭის მშობელმა ვაჟის პირად ჰიგიენასა და ფიმოზზე? - მშობლები

რა უნდა იცოდეს ყველა ბიჭის მშობელმა ვაჟის პირად ჰიგიენასა და ფიმოზზე?

2015-01-30 18:14:01+04:00

საჭიროა თუ არა პატარა ბიჭუნასთვის ფიმოზის დროს ჩარევა, ე.წ. ჩუჩის გადაწევა ეს თემა აწუხებს ყველა მშობელს, ვისაც ვაჟი ჰყავს. აზრთა სხვადასხვაობა გამუდმებით არის - საჭიროა თუ არა პატარა ბიჭუნასთვის ფიმოზის დროს ჩარევა, ე.წ. ჩუჩის გადაწევა. რამდენიმე ათწლეულის წინ, ეს საკითხი ასე მწვავედ არ იდგა და მხოლოდ მაშინ ეხებოდნენ პატარის ორგანოს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა. მერე შემოვიდა "მოდა", რომ ყველა ბიჭს აუცილებლად უწევდნენ და თუ არ ეწეოდა, სასწრაფოდ ერეოდნენ ამაში ქირურგიულად. ბოლო დროს ექიმების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ასე სტიქიურად ყველასთვის არ არის საჭირო ეს პროცედურა. რა უნდა იცოდეს მშობელმა ფიმოზზე?

მშობლები თავიანთი ბიჭის “მამაკაცურ ღირსებას” განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ჩვილობის პერიოდში ხანდახან თავს იჩენს პრობლემა, რომელსაც „ფიმოზი“ ჰქვია. ეს არის ჩუჩის იმგვარი შევიწროებაა, როდესაც მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.

თუმცა ჩვილ ასაკში ასეთი რამ დღეს პათოლოგიად არ ითვლება. ჩუჩა დაბადებიდანვე ძალიან ცოტა ახალშობილს გასდასდის. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია, რომელიც განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური შევიწროებით, არამედ ასოს თავზე მისი მიწებებით. ძლიერი ფიმოზის დროს ჭირს შარდვა, შარდის ნაკადი სუსტდება, თუ ამას ანთებითი პროცესიც დაერთო, შარდის გამოყოფა მტკივნეული ხდება. ფიმოზი შესაძლოა გართულდეს ცისტიტით, საშარდე გზებსა და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნით, პიელონეფრიტით. სიცოცხლის პირველ წლებში ფიზიოლოგიური ფიმოზი მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ჩუჩისა და ასოს თავის ტუალეტი - რეგულარული გასუფთავება თბილი წყლითა და საპნით. თუ 2-6 წლის ასაკში ის სპონტანურად არ გაიხსნა, ექიმის დახმარება გარდაუვალია. ქირურგიულ ჩარევამდე უროლოგმა ჩუჩის უსისხლო მეთოდით გაფართოება უნდა სცადოს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც არა 2-6 წლამდე, არამედ უფრო ადრეც აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთი პედიატრი მშობლებს აძლევს რეკომენდაციას ჩვილობიდანვე ბანაობისას ნელ-ნელა სცადოს ჩუჩის გადაწევა, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზედმეტად გადაწევამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს. ჩუჩის ძალით გადაწევა არ შეიძლება - შესაძლოა, ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს, რაც ძლიერ ტკივილს და სისხლის შეგუბებას გამოიწვევს. ჩაჭედვისას საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ასოს თავის ან ჩუჩის ნეკროზი (კვდომა).

ცნობილი უკრაინელი ექიმი კომაროვსკი გვირჩევს, რომ თუ რაიმე გართულება არ არის, საერთოდ არ ჩავრიოთ ქირურგი. ექიმის აზრით, ქირურგიული ჩარევის შემდეგ უფრო ხშირია სხვადასხვა სახის ინფექციით დაინფიცირება. თუ ბავშვს არ აწუხებს, შარდვა არის თავისუფალი, არ არის საჭირო ზედმეტი მანიპულაცია.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჩუჩის გადაწევას და საერთოდ საჭიროა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება