მოსწავლეთა კვების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ისევე მოუგვარებელია, როგორც ბევრი სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები. ოპოზიციის თუ ხელისფლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა უფასო სასკოლო კვების დანერგვის გეგმები, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერაც არ გადადგმულა.
მოძრაობა "ხმამ" მასწავლებელთა მოსაზრებები გამოიკვლია არსებული სასკოლო კვების, მოსწავლეების შიმშილის, სასწავლო პროცესზე მოსწავლეთა შიმშილის გავლენისა და მოსწავლეების უფასო სასკოლო კვების მიმართ. მასწავლებლები ხომ ყველაზე კარგად ხედავენ, რა გავლენა აქვს შიმშილის გრძნობას მათი მოსწავლეების სწავლების ხარისხზე.
გთავაზობთ ამონარიდს ამ კვლევიდან და ფრაგმენტებს მასწავლებელტა ინტერვიუებიდან.
მასწავლებლები ხედავენ მოსწავლეთა შიმშილს და მის გავლენას სასწავლო პროცესზე. მათი დაკვირვებით, სკოლაში კვების ამჟამინდელი პრაქტიკა - საკვების სახლიდან მოტანა ან ადგილზე თუ ახლომდებარე მაღაზიებში ყიდვა - ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო გამოკვებას, განსაკუთრებით, მოსწავლის ჯანსაღ საკვებზე ხელმისაწვდომობას. მასწავლებელთა თქმით, ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასწავლო პროცესისთვის და მოსწავლეებში უხერხულობის, დაჩაგვრის და ღელვის საფუძველია. მასწავლებელთა ხედვით, მოსწავლეთა შიმშილი და მისი თანმდევი შედეგები მკაფიოდ ხილვადი და რთული პრობლემაა, რომელიც სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. მასწავლებლები ამბობენ, რომ მშობლების აქტიურობა, რომ სკოლაში მოსწავლეებს უფასოდ აჭამონ ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევის მონაწილეთა ხედვით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია, საჯარო სკოლებში კი ბევრი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეა. ასევე ბევრია ისეთი მოსწავლე, რომლის ყოფა სოციალურად დაუცველის სტატუსს შეესაბამება, მაგრამ ასეთი სტატუსი არ აქვს. ამ მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებზე, სამოსზე, სასწავლო მასალასა და სწავლისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.
მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ თითქმის ყველას მოსწავლეს შივდება საგაკვეთილო პროცესში. მათი დაკვირვებით, მოსწავლეები დილით არ ან ვერ საუზმობენ, რის გამოც მეორე-მესამე გავკეთილიდან წუხან, ტკივდებათ მუცელი, ეფანტებათ ყურადღება და “სულ ჭამაზე ფიქრობენ”.
„სულ შიათ. რამდენჯერმე მართლა ჩამშლია მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გაკვეთილები. იმიტომ რომ, მოსწავლეებს [შიათ], ერთს და ორს კი არა... მე არ მინახავს, რომ მოსწავლეს რაღაც სახლიდან წამოღებული ჰქონდეს, რომ გახსნას, მიირთვას“. (ეთნიკურად მრავალფეროვანი სოფელის საჯარო სკოლის მასწავლებელი)
მასწავლებლებმა გაიხსნეს ნიშნები, რომლებიც, მათი გამოცდილებით, მიუთითებს, რომ მოსწავლეს შია. მათი თქმით, ასეთ დროს მოსწავლეები ჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს, დაღლილობას, უხასიათოდ არიან, გაფანტული აქვთ ყურადღება და/ან უჭირთ კონცენტრაცია. საყურადღებოა, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი იხსენებს ან საკუთარ, ან კოლეგის გამოცდილებას, როდესაც სკოლაში მოსწავლე შიმშილისგან ცუდად გახდა. მასწავლებელთა დაკვირვებით, მოსწავლეები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ შიმშილისგან არიან შეუძლოდ; ხან კი რცხვენიათ აღიარება, რომ შიათ. მასწავლებლებიც ცდილობენ, ისე გადალახონ ასეთი მომენტები, რომ მოსწავლეებს ნაკლები უხერხულობის განცდა ჰქონდეთ - თავად აჭმევენ ტკბილეულს ან ასმევენ ტკბილ სითხეებს. ინტერვიუს ფარგლებში, კვლევის მონაწილეებმა გაიხსენეს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
“იყო შემთხვევა, გული წაუვიდა ბავშვს, მერხიდან გადმოწვა. ეს ქალაქში მოხდა. დავავლე ბავშვს ხელი, შემეშინდა, გამოვვარდი დერეფანში აყვანილი ბავშვით და - მიშველეთ - ვყვიროდი. მანდატურები შემესწრნენ, დავაწვინეთ იქვე და სასწრაფოც გამოვიძახეთ, კვლევებიც ჩაუტარდა და სერიოზული არაფერი ჰქონდა. მშობელმა თქვა, ჭია ყავსო. ეს ბავშვი მერე აღმოჩნდა, რომ იყო სოციალურად დაუცველი ოჯახიდან.” (ქალაქის სკოლის მასწავლებელი)
“ბავშვი სკოლაში ცუდად როცა ხდება, მასწავლებლის პირველი კითხვაა - არ გიჭამია, ხო? ეგრევე მიუთითებენ საჭმელზე. თათბირზე ვთქვი, მოდით ეს კითხვა არ დავსვათ, ისედაც ვიცით და რატომ დავაფიქსირებინოთ? გოგო წაიქცა და ვუთხარი: ჩაი უნდა დავლიო, მოდი, ფუნთუშა და ღვეზელი მაქვს და ერთად ვჭამოთ. ასე როგორც კი ვუთხარი, მოვიდა და ჭამა. მაგრამ თუ ვკითხავთ: უჭმელი ხარ და მაგიტომ ხარ ცუდად? არ შეჭამს. უჭმელი ვინცაა და ფულიც არ აქვს, ისინი დაგიმალავენ.” (სოფლის სკოლის მასწავლებელი)
მასწავლებელი თანხმდებიან, რომ სოციალურ ფონს ზოგადად და კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეების როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარებისთვის. გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლებში კვების არსებობა სწავლებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტია. მასწავლებელთა თქმით, გარდა ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ეს ძლიერი სტიმული იქნება მოსწავლეებისთვის სწავლის პორცესში.
“ფიზიოლოგიური დაკვირვებაა - ბავშვის თუ შია და სწყურია, ვერაფერს იზამს.” (ქალაქის სკოლის მასწავლებელი)
კვლევის ონაწილეებმა თავისი პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე გაიხსენეს სკოლაში კვებასთან დაკავშირებული ორი პრაქტიკა - გასული საუკუნის 90-იან წლებში არსებული უფასო ერთჯერადი კვება და საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგების ინიციატივა, ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში.
მასწავლებლებს ვკითხეთ, როგორ და სად იკვებებიან მოსწავლეები, რა მოაქვთ სახლიდან, რას ყიდულობენ. არსებული კვებითი გამოცდილებები განსხვავდება რეგიონების, სკოლების და მათი ინფრასტრუქტურის მიხედვით. გამოიკვეთა, რომ გავრცელებული პრაქტიკაა სკოლაში ფულის ან საკვების ტარება. პედაგოგთა თქმით, ორივე შემთხვევაში ძალიან თვალხილულია, რომ ბევრ მოსწავლეს ვერც ერთი მოაქვს და ვერც მეორე; ან მოაქვს ისეთი საკვები, რომლის ჭამაც რცხვენია. უხერხულობა იქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსწავლეებს არაერთგვაროვანი საკვები მოაქვთ. აღინიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში გამოწვევაა, ერთი მხრივ, არავინ დარჩეს მშიერი, მეორე მხრივ, საკვები არ გახდეს მოსწავლეებს შორის კონფლიქტისა და ჩაგვრის მიზეზი.
“მასწავლებელმა ბავშვს ფული რომ მისცე, იქ მთელმა კლასმა უნდა დაგინახოს. ხვალ და ზეგ ეს იმ ბავშვის ბულინგის მიზეზი შეიძლება, გახდეს.” (ქალაქის სკოლის მასწავლებელი)
მასწავლებელთა დაკვირვებით, საჯარო სკოლებში საკვები, მოტანილი იქნება თუ ბუფეტში ნაყიდი, არ გამოირჩევა სიჯანსაღით. კვლევის მონაწილეთა თქმით, მეტად პოპულარული პურ-ფუნთუშეულია - ხაჭაპური, პიცა, ლობიანი, თონის პური და ე.წ. „სნექები“. გამოიკვეთა, რომ ზოგ სკოლაში საერთოდ არ არის ბუფეტი ან კვებისთვის განკუთვნილი სივრცე; სკოლების ნაწილში კი დღემდე პრობლემაა წყალი. ასეთ შემთხვევებში მოსწავლეებიის კვების სივრცე საკლასო ოთახი ან სკოლის ეზოა. მასწავლებლები ასევე ამბობენ, რომ კვებისთვის საჯარო სკოლებში, ხშირ შემთხვევაში, სათანადო დრო არ არის გამოყოფილი. განსხვავებული ვითარებაა კერძო სკოლებში, სადაც კვება სასწავლო პროცესის ნაწილია და ინფრასტრუქტურა, ბუფეტი და შესაბამისი დრო კვებისთვის გათვალისწინებულია.
კვლევის ფრაგლებში დავინტერესდით, თუ რა მიზეზებს და ფაქტორებს უკავშირებენ კვლევის მონაწილეები სკოლაში მოსწავლეთა შიმშილს. კვლევაში მონაწილე მასწავლებლები, მათ შორის, კერძო სკოლის მასწავლებლები, თანხმდებიან, რომ ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული გაჭირვება და სოციალური ფონია. გამონაკლისის სახით, ერთმა მასწავლებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სკოლაში “შიმშილი” არ არის სათანადო ცნება და არსებულ ვითარებას უკეთ “მოშიება” ასახავს. ეს “მოშიება” კი არა ეკონომიურ პრობლემებს, არამედ მშობლების მიერ კვებისთვის არასათანადო მნიშვნელობის მინიჭებას ან/და „სადილების კეთების დაზარებას“ უკავშირდება. სხვა მასწავლებლების ხედვით, სოციალურ ფონთან დაკავშირებულ დამატებით საკითხს წარმოადგენს ცალკეული რეგიონებიდან მშობლების მასიური მიგრაცია; მათი თქმით, ბევრ მოსწავლეს მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და ხანდაზმული ბებია-ბაბუა ზრდის; ასეთ სიტუაციაში კი კვების საკითხი კიდევ უფრო პრობლემურია.
„სახლში წავა და საჭმელი არ დახვდება, შეიძლება, მშობელიც არ დახვდეს. მოსწავლეთა 70 პროცენტს ერთი მშობელი ჰყავს ადგილზე, ალბათ. ბებია-პაპას ანაბარა არიან. კვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ინტერესი გაუჩნდება, რომ მივიდეს სკოლაში და მშიერი არ იქნება. გამოიკვებება ერთჯერადად მაინც, ორჯერადად თუ იქნა, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. მაგრამ ერთჯერადად დანაყრდება ბავშვი და მუცელი მტკივა, კუჭი მტკივაო და გული მერევაო აღარ იქნება.“ (ქალაქის სკოლის მასწავლებელი)
პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი ხილვადია და მისი უგულებელყოფა ან არშემჩნევა ყოველდღიურობაში ძალიან რთულია. გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ხშირად განიხილავენ ერთმანეთში მოსწავლეების კვების საკითხს; განიხილავენ დირექციასთანაც, მაგრამ, მათი თქმით, ეს იმდენად ფართო პრობლემაა, რომ ვერც დირექცია და ვერც მასწავლებლები ვერ შეძლებენ პრობლემის გადაწყვეტას. ამავე დროს, მასწავლებლები ყვებიან, როგორ ეხმარებიან მოსწავლეებს საკვებით და ტანსაცმლით; ცდილობენ, მოტანილი საკვების გაზიარება ასწავლონ; თავად უყიდონ ან საკუთარი საკვები გაუზიარონ. ზოგიერთი მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლაში თავადაც შივდებათ და რომ, ხშირ შემთხვევაში, მათი კვებაც პრობლემურია.
“მასწავლებლებიც ვნერვიულობთ. [ბავშვს] რომელიც შეჭირვებული ოჯახიდან არის, როცა ერთხელ მაინც ექნება მიღებული საკვები, ჩვენ უფრო გულდამშვიდებული ვიქნებით. ხშირად გვესმის, რომ შეიძლება ფინანსურად ოჯახს არ უჭირდეს, მაგრამ გვიან ბრუნდებიან ოჯახში და ბავშვი მარტოა სახლში. იყო წინა წელს ასეთი შემთხვევა, და-ძმა იყვნენ პატარები და თვითონ აკეთებდნენ რაღაცებს და მშრალ საკვებს თვითონ ამზადებდნენ.“ (სოფლის სკოლის მასწავლებელი)