5 რჩევა ბიჭების მშობლებს და "ბიჭური პრობლემები", რომლებისთვისაც უფროსებმა ვაჟები წინასწარ უნდა შეამზადონ - მშობლები

5 რჩევა ბიჭების მშობლებს და "ბიჭური პრობლემები", რომლებისთვისაც უფროსებმა ვაჟები წინასწარ უნდა შეამზადონ

2023-04-24 10:41:53+04:00

პროცესი, როცა ბავშვი თანდათან უახლოვდება ზრდასრულობის ასაკს, რთულია როგორც მისთვის, ასევე მშობლებისთვის. ცნობლმა პედიატრმა რანჯ სინგჰმა გაზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს წიგნი მიუძღვნა. როგორც ავტორი აღნიშნავს, წიგნი საკუთარ მოზარდობაზე და ამ დროს მიღებულ გამოცდილებაზე ააგო. და ვინაიდან თავად მამაკაცია, წიგნიც ბიჭებზეა და ბიჭების მშობლებზეა ორიენტირებული. როგორ დავეხმაროთ ვაჟს, რომ საკუთარ სხეულში მიმდინარე ცვლილებები და ემოციები ადვილად მიიღოს - ვფიქრობთ, უცხოელი პედიატრის რეკომენდაციები ქართველ მშობლებსა და მოზარდებსაც გამოადგებათ.

რანჯ სინგჰს პუბერტატული საკითხების კვლევის 18 წლიანი გამოცდილება აქვს. იცის როგორ ესაუბროს ბიჭებს ზრდაზე, გარდატეხის სირთულეებზე, სექსზე, პირველ სიყვარულზე და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

„გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მეც ოდესღაც მოზარდი ვიყავი. ჩემთვის ზრდა ძალიან რთული იყო. მრავალი წლის განმავლობაში კლასში ყველაზე დაბალი ვიყავი და სხვებზე ნელა განვვითარდი. მეშინოდა კიდეც, რომ კაცად არასოდეს ვიქცეოდი. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ვისწავლე ამ განცდებთან ცხოვრება მანამ, სანამ თანატოლებს არ „დავეწიე“. რაც მთავარია, ყველაფერი დავძლიე და სირთულეებმა გამხადა ის, ვინც დღეს ვარ. საბედნიეროდ, მივხვდი, როგორ გავუმკლავდე გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყველა ვმდგარვართ. მე თავის მოვუყარე რჩევებს, რათა გაგიზიაროთ ის გაკვეთილები, რაც თავად ვისწავლე." - წერს ავტორი წიგნში „ბიჭის წიგნი. გაზრდის თანამედროვე გზამკვლევი“.

გთავაზობთ რანჯ სინგჰის რამდენიმე რჩევას:

1. მოუყევით ბიჭს სქესობრივი მომწიფების შესახებ

დაახლოებით 10-დან 16 წლამდე ბიჭები პუბერტატულ პერიოდს გადიან და ძალიან იცვლებიან: ხმა უბოხდებათ, სხეულის ნაწილებზე თმა იზრდება, აკნე ჩნდება და სხვა. მაგრამ პუბერტატი მხოლოდ გარეგანი ცვლილებებით არ შემოიფარგლება. მოემზადეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილის განწყობა უფრო ხშირად შეიცვლება, ის ჩაიკეტება და ემოციების მოზღვავებას მარტოობაში გადაიტანს.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილის გაუადვილოთ ეს ეტაპი, თუ წინასწარ მოამზადებთ ამ ცვლილებებისთვის. აუხსენით, რომ ყველაფერი, რაც მოხდება (ან უკვე ხდება), ნორმალურია, რომ ეს ყველამ გაიარა. ასწავლეთ თქვენს შვილს როგორ მოუაროს სწორად კანს და აკონტროლოს ზოგადად ჰიგიენა. უთხარით, რომ განსაკუთრებით ხშირად და ყურადღებით დაიბანოს იღლიები და სასქესო ორგანოები, რადგან, როგორც წესი, სუნი ყველაზე ხშირად სხეულის ამ ნაწილებიდან მოდის.

ბევრი დედა უკრძალავს შვილებს პირველი ულვაშის და წვერის გაპარსვას. ექიმი სინგჰი წერს: „არ არის საჭირო ამ თმის ასეთი მოფრთხილება. თავად გადაწყვიტე, რა მოუხერხო. მშობლებმა კი ნება მიეცით თქვენს მოზარდ შვილს, დამოუკიდებლად გადაჭრას საკითხი, გაიპარსავს თუ არა. კარგი იქნება, თუ პირველი გაპარსვა ზრდასრული ადამიანის თანდასწრებით ჩაივლის, რომელსაც ბიჭი ენდობა.

2. ხელი შეუწყვეთ თქვენი შვილის თავდაჯერებულობას

მოზარდობის ასაკში ბიჭები ხშირად ადარებენ თავს თანატოლებს.

  • ხომ ყველაფრით ნორმალური ვარ?
  • რატომ არ ვარ ისეთი მაღალი, როგორც ჩემი კლასის დანარჩენი ბიჭები?
  • რატომ არ იცვლება ჩემი სხეული ის, როგორც ჩემი მეგობრების?

თუ თქვენი შვილი სვამს ამ კითხვებს, შეახსენეთ, რომ ადამიანები სულაც არ უნდა იყვნენ ისეთები, როგორც ყველა. ზრდის პერიოდი ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ ბოლოს ყველა აუცილებლად ზრდასრული გახდება და მათ შორის განსხვავებაც თანდათან წაიშლება.

3. ასწავლეთ ბიჭს ემოციებთან გამკლავება

ჩვენ ყველანი სხვადასხვა ემოციებით ვართ დატვირთულნი: სიხარულით, სევდით, ბრაზით, იმედგაცრუებით, უხერხულობით, მღელვარებით, შფოთვით... და არც თქვენი შვილია გამონაკლისი, მით უმეტეს, თუ ის მოზარდია.

ყველა ეს გრძნობა ნორმალურია. როგორი ემოციაც არ უნდა განიცადოს ბავშვმა, არავითარ შემთხვევაში არ გაკიცხოთ და არ გაიოცოთ. ასწავლეთ მას გააცნობიეროს ემოციები, უწოდოს მათ თავისი სახელი და ისწავლოს, როგორ მოერიოს მათ. საამისოდ ერთ-ერთი პრაქტიკული სავარჯიშო ემოციების დღიურის წარმოებაა. შეეცადეთ განწყობის დღიური შვილთან ერთად წეროთ. ეს დაგეხმარებათ უფრო ღრმად ჩახედოთ თქვენი შვილის შინაგან სამყაროს და დაეხმაროთ მას, როცა დაბნეულია.

4. მიეცით თავისუფლება

მოზარდობის ასაკში ბავშვს მეტი დამოუკიდებლობის მოპოვება სურს. ის ცდილობს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, რასაც სხვები ჯერ არ არიან მიჩვეული. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ მასზე ღელავთ, მაგრამ ენდეთ მას და მის გადაწყვეტილებებს, ნება მიეცით თქვენს შვილს იგრძნოს, რომ ნებისმიერი კითხვისა თუ პრობლემის შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლია მოგმართოთ. იცოდეთ და შვილსაც ასწავლეთ, რომ მშვიდი საუბარი საუკეთესო გზაა აზრის გასაგებ ენაზე გადმოსაცემად.

5. ესაუბრეთ გოგოებზე და სექსზე

ეს არის თემა, რომლისაც მშობლებს ასე ეშინიათ. ბევრმა მშობელმა იცის, რომ ჯობია, ბავშვმა მათგან მიიღოს „ამის შესახებ“ ინფორმაცია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არ იციან, როგორ დაიწყონ საუბარი სექსუალურ განათლებაზე და კონკრეტულად, რა ვთქვან.

რანჯ სინგს სჯერა, რომ შვილთან სექსზე საუბარი არ არის რთული, მთავარია, არ მოგერიდოთ და დაწყება გაბედოთ. ბიჭმა არა მხოლოდ თავისი, ელემენტარულ დონეზე ქალის სხეულის აგებულებაც უნდა იცოდეს, ჰქონდეს ინფორმაცია მენსტრუაციაზე. ამით საწინააღმდეგო სქესთან სწორი და ჰარმონიული ურთიერთობა უფრო ადვილად გამოუვა. სწორი და დროული ინფორმაცია მოზარდებს ბევრი უხერხულობისგან, დაბნეულობისგან, არასწორი დასკვნებისგან და მცდარი ნაბიჯებისგან იცავს.