როგოროც ცნობილია, ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული გამოდგა მომღერალ თამარ გვერდწითელისთვის. წლების განმავლობაში მან რუსეთში დაიმკვიდრა თავი და იქ მოღვაწეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მისთვის შეუძლებელი გახდა ამ ქვეყანაში საქმიანობა და საქართველოს დაუბრუნდა. დაახლოებით ამავე პერიოდს დაემთხვა მისი საყვარელი დედის ავად გახდომა და შარშან, ოქტომბერში, გარდაცვალება, რაც უდიდესი ტრაგედია იყო მომღერლისთვის, თამარ გვერდწითელი წლების განმავლობაში დედასთან ერთად ცხოვრობდა და ის მისი დიდი მეგობარი და მრჩეველიც იყო.
მომღერალს ჰყავს ერთადერთი ვაჟი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქმიანობს. ალექსანდრე კახაბრიშვილი ახალგაზრდობაში წავიდა დასავლეთში სასწავლებლად, ჯერ ამერიკაში, შემდეგ ლონდონში. მასმედიის დარგში დოქტორის ხარისხი აქვს.
სანდრო დედის დიდი მეგობარია, თუმცა მომღერალს ძალიან გაუჭირდა ამ ტრაგედიასთან გამკლავება. რუსულ პრესაში იმასაც წერდნენ, თითქოს დაუძლურდა და სახლიდან ვერ გამოდიოდა, თუმცა ეს ჭორები აღმოჩნდა, რომლებსაც მომღერლის საქართველოში დაბრუნებით განაწყენებული ადამიანები ავრცელებდნენ.
ფაქტია, გვერდწითელი დაუბრუნდა სცენას, კიდევ უფრო გამშვენიერებული, მშვენიერ ფორმაში მყოფი. ცოტა ხნის წინ ერევანში მიიღო მონაწილეობა მიუზიკლში "სანსეტ ბულვარი" და წარმატებით შედგა ამ მიუზიკლის პრემიერა.
მაისში კი ამერიკაში გეგმავს კონცერტებს და საგასტროლო ტურისთვის ემზადება.