ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი მთავარი თვისება მოქნილობა და გარმოსთან ადაპტირებაა. ეს თვისებები საშუალებას გვაძლევს სტრესულ სიტუაციაში ჩვენს ფსიქიკას ნაკლები ზიანი მიადგეს. თუმცა ზოგიერთი გარემოება სიცოცხლის ბოლომდე ტოვებს ჩვენში კვალს. ერთ-ერთი ასეთი ყოფილა დედის ქცევა შვილის მიმართ.
მაგალითად, როცა ქალი გათხოვებას და სერიოზულ ურთიერთობას გაურბის. ამ დროს ის აცნობიერებს, რომ ძალიან კარგია ოჯახი და საყვარელი ადამიანი გვერდით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე თავადვე ანგრევს ყველაფერს, რადგან ეშინია მიჯაჭვულობის, ვალდებულებების. რატომ იქცევა ასე? ამ ქცევის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დედის გავლენაა. თუ დედა ბავშვობიდანვე ზედმეტად აკონტროლებდა ქალიშვილს, ერეოდა მის საქმეებში, არ აძლევდა დამოუკიდებლობის უფლებას, ამან შეიძლება გოგონას ახლო ურთიერთობისადმი ნეგატიური ემოციები გამოუმუშაოს.
თუ დედა ავტორიტარული და ზედმეტად მკაცრი იყო, თრგუნავდა შვილის ხასიათს, ზრდასრულობაში ეს ადამიანი, გოგონა იქნება თუ ვაჟი, გაურბის ყველანაირ დაპირისპირებას. ვერავის უწევს წინააღმდეგობას, ვერ იცავს საკუთარ პოზიციას, მუდმივად დათმობის მდგომარეობაშია და თავს მსხვერპლად გრძნობს.
ეს მხოლოდ მინიმუმია იმ მაგალითებისა, თუ როგორ შეიძლება აისახოს დედის არასწორი ქცევა ზრდასრულ ასაკში.
მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა ორმხრივი პროცესია. ბავშვს უფროსისგან (დედის) ზრუნვა სჭირდება, ქალი შვილზე ზრუნვის აუცილებლობას გრძნობს. ეს ორმხრივი კავშირი ვითარდება და გარკვეულ ეტაპებს გადის. თუ ეს პროცესი ჯანსაღად წარიმართა, ამის შედეგი გაზრდილი შვილის მშობლისგან უმტკივნეულოდ განცალკევება იქნება. დიახ, განცალკევება აუცილებელია, რადგან ბავშვი იზრდება და ის დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პიროვნება უნდა გახდეს. როდესაც დედა-შვილის ურთიერთობა ჯანსაღია, არც ერთს არ უჭირს ამ ეტაპზე გადასვლა და განცალკევებასთან შეგუება.
თუ შვილის დედისგან დროული განცალკევება არ მოხდა, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიზეზი ადამიანის ფსიქიკურ პრობლემებში იმალება. ანუ რაღაც აკლდა დედას, რაღაც არ გამოუვიდა ბავშვთან და პრობლემებიც შვილის ფსიქიკაში დაილექა.
ტრავმა ყალიბდენა მაშინ, როცა ბავშვს დედასთან ურთიერთობაში გარკვეული რესურსი აკლია, მათ შორის ფსიქოლოგიურიც. ანუ დედა-შვილს არასაკმარისი ემოციური კონტაქტი აქვთ, დედა არ ცნობს და ვერ ეგუება ბავშვის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ვერ უთმობს საკმარის ყურადღებას და არ გამოხატავს სათანადო სიყვარულს.
დედა ამას, როგორც წესი, განგებ არ აკეთებს: შესაძლოა ის თავად გაიზარდა მკაცრ ოჯახში და ეს მიდგომები შვილთანაც გადმოაქვს, ან იმ მომენტში მას თავად აქვს პრობლემები და აღარ ჰყოფნის შინაგანი რესურსი გარკვეული სახის სტრესული სიტუაციის გამო: ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, განქორწინება, ფიზიკური გადაქანცვა, პრობლემები სამსახურში და ა.შ.
ასეთი სიტუაციები შეიძლება ერთი შეხედვით აწყობილ ოჯახებშიც შეგხვდეს და დარღვეულ ოჯახებშიც, თუმცა ტრავმა ყველა ბავშვს არ ადგება. რა არის ამის მიზეზი?
ადამიანის ფსიქიკა საკმაოდ ადაპტირებადია. ზოგიერთი ბავშვი რთულ ოჯახებში იზრდება (მაგალითად, ალკოჰოლიკი მშობლები, ოჯახში ფიზიკური ძალადობა და ა.შ.), მაგრამ მათ ფსიქოლოგიური მდგრადობისთვის საკმარისი შინაგანი რესურსები აქვთ, რისი წყალობითაც ამ ეტაპს ფსიქიკური ტრავმის გარეშე იტანენ.
ხდება ისეც, რომ ოჯახში კარგი ატმოსფეროა, ნორმალური მშობლები, ბავშვს ნორმალური განვითარების პირობები აქვს, მაგრამ ბავშვი მაინც იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას.
ეს არ არის მარტივად ასახსნელი, რადგან ტრავმა ფსიქიკის ძალიან ღრმა შრეებშია და მხოლოდ სპეციალისტთან მუშაობისას შეგიძლიათ გაიგოთ ბავშვობის ტრავმის მიზეზები, რა აკლდა ბავშვს და რას ვერ გაუმკლავდა მისი ფსიქიკა.
ბავშვობის ტრავმის ყველაზე საშინელი მხარე ის არის, რომ მისი შედეგები მოზრდილობაშიც გრძელდება და ტანჯავს ადამიანს, ხელს უშლის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. აი, ეს ნიშნებიც: