ბავშვების გაჩენის შემდეგ ბევრი დედა უჩივის უძილობას. ხშირად ღამის თენება ახალბედა მშობლების მთავარ პრობლემად იქცევა ხოლმე. ახალშობილს ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, ხშირად იღვიძებს, ყოველ სამ საათში, ან უფრო ხშირად, ითხოვს საკვებს. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ახალშობილებისთვის ზედაპირული ძილი ნორმაა, მაგრამ მაინც ბევრ მშობელს არ ესმის, როგორ გრძნობს ბავშვს, რომ მშობელი მის საწოლს მოშორდა და მაშინვე იწყებს ტირილს.
თუ პატარა გყავთ, მაშინ აუცილებლად გემახსოვრებათ ისეთ ეპიზოდები, როცა დაძინებულ, ლოგინში ჩაწვენილ ბავშვს დაჰყურებ და ხედავ, რომ უკვე ღრმად სძინავს. სანამ მის გვერდით დგახართ ან ზიხართ, მას მშვიდად სძინავს. მაგრამ როგორც კი თავად დაწვებით, კომფორტულად მოეწყობით საწოლში, ბავშვი მაშინვე იღვიძებს და ტირილით გიხმობთ. მშობელი სასოწარკვეთილებაშია, ნერვები დაწყვეტაზე აქვს და ჰგონია, რომ რაღაცით ხმაურით გამოიწვია ბავშვის გაღვიძება.
ერთ-ერთმა ძილის კონსულტანტმა ჯენიფერ რობინსონმა განმარტა, რატომ ხდება ეს და რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.
ბევრი მშობელი შეცდომით თვლის, რომ მათ ხმაურით გააღვიძეს ბავშვი. საქმე იმაშია, რომ სანამ ბავშვს საწოლში აწვენთ,მასზე ხელი გიდევთ, მოძრაობთ, რაღაც ფონურ ხმაურს გამოსცემთ. ბავშვს ესმის შრიალი, ვიღაცის საუბრები. და პატარებს ეს ხმაური ამშვიდებს.
„ხოლო მაშინ, როცა დასაძინებლად წვებით, სახლში სიჩუმე დგება, ბავშვს ხმები აღარ ჩაესმის და იწყებს პანიკას“, - უამბობს გამოცემა Mirror-ს ძილის ექსპერტი.
ამიტომ, იმ ბავშვებისთვის, ვისაც ნამდვილად აქვს ასეთი ჩვევა - მშვიდად ძინავთ ფონურ ხმაურზე და იღვიძებენ აბსოლუტურ სიჩუმეში, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ხმაური. ამ ხმის ჩანაწერი შეიძლება ტელეფონში და სხვა გაჯეტებში ჩართოთ და ის ბავშვს მშვიდად ძილის საშუალებას მისცემს. მშობელსაც მალ-მალე გაღვიძება აღარ მოუწევს. სცადეთ თქვენც.
ჯენიფერ რობინსონის თქმით, ფონური ხმაურისგან განსხვავებით, ბავშვს ადვილად აღვიებს უეცარი ხმა, მაგალითად ჭყიპინა სათამაშოსი, კარის მოჯახუნების და სხვა. ეს მოულოდნელი ხმა ყოველთვის გააღვიძებს ბავშვს.