თუ ამ პროდუქტებს ერთად შეჭამთ, სარგებელს ვერც ერთისგან ვერ მიიღებთ - როცა პროდუქტები ერთმანეთის ვიტამინებს ანეიტრალებენ - მშობლები

თუ ამ პროდუქტებს ერთად შეჭამთ, სარგებელს ვერც ერთისგან ვერ მიიღებთ - როცა პროდუქტები ერთმანეთის ვიტამინებს ანეიტრალებენ

2023-05-24 11:27:24+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, საკვები პროდუქტების როგორი კომბინაციაა ორგანიზმისთვის ყველაზე კარგი, რომ მათში არსებული ყველა სასარგებლო თვისება მივიღოთ და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად:

- მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები გაგიზიაროთ, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ფართო საზოგადოებას გააცნეს. საინეტრესოა, რომ მათი მონაცემები და ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის რეკომენდაციები პრაქტიკულად ერთმანეთს დაემთხვა. საქმე კვებით დანამატებს ეხება. მეცნიერები თვლიან, რომ საზოგადოება ძალიან გაუთამამდა ამ პროდუქტებს. ამერიკის შეერთებული შტატების უმრავლესობა კვებით დანამატებს მოიხმარს. უფრო მეტიც, მათი ნახევარი მსგავს დანამატებს თვითნებურად მოიხმარს.

დადგენილია, როგორი კომბინაცია იქნებოდა ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო და ხელსაყრელი საკვები ნივთიერებების უკეთ შეთვისებისათვის და მათი ეფექტის გაძლიერებისათვის.

მაგალითად, რკინა ჩვენი ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ ის კარგად შევითვისოთ, გარკვეულ თანხლებას მოითხოვს. მისი საუკეთესო აკომპანიატორი C ვიტამინია. C ვიტამინი რკინის შეწოვაში გვეხმარება და ძალიან ბევრ იმ გარდაქმნაში, რომელიც საბოლოოდ ჩვენს ორგანიზმში რკინის დამკვიდრებას ხელს უწყობს. ამიტომ, რკინის შემცველი პროდუქტები C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან დავაწყვილოთ. მაგალითად, ხორცპროდუქტები აუცილებლად ნედლ ბოსტნეულთან დავაწყვილოთ.

კალციუმისა და D3 ვიტამინის ერთდროული არსებობაც მნიშვნელოვანია. რძის პროდუქტები კალციუმისა და D3 ვიტამინის ბუნებრივი კომბინაციაა, რომლის სწორად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისათვის ნებისმიერ ასაკში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

E ვიტამინი და სელენი ერთმანეთის ეფექტს აძლიერებენ. პროდუქტებში ასეთი გადანაწილება საუკეთესო შედეგს გვაძლევს. ამ მხრივ, სიმინდი ზეთი ვიტამინის წყაროცაა და სელენის შემცველი პროდუქტიც. სწორად გამოყენებული მცენარეული ცხიმების შემთხვევაში, თქვენ სწორედ ამ ბუნებრივ, იდეალურ კომბინაციას მოიხმართ."

მარი მალაზონია ასევე ასახელებს იმ კომბინაციებს, რომლებიც რისკის შემცველია და ორგანიზმში პროდუქტებში არსებული სასარგებლო თვისებების შეთვისებას ხელს უშლის:

- თუ ბოსტნეულს, ხორცპროდუქტსა და ყველის ნაჭერს ერთად მიირთმევთ, რკინა და კალციუმი ერთმანეთს ვერ ეწყობა და ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი შეფერხებულად შეიწოვს კალციუმსაც და რკინასაც. დანაკარგი ძალიან დიდია. ამიტომ, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ყველაზე კარგი ამ პროდუქტების დისტანცირება 2-3 საათის ინტერვალით იქნება. ანუ, ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ერთმანეთს 2-3 საათით უნდა დავაშოროთ. იგივე უნდა გავაკეთოთ, როდესაც მშრალ ლობიოსა და რძის პროდუქტებს გამოვიყენებთ. ასევე, როდესაც ისპანახსა და რძის პროდუქტებს მივირთმევთ. ეს კომბინაციაც რკინის მცენარეული წყაროსა და კალციუმის დაპირისპირებაა.

თუ თუთია და სპილენძი პროდუქტში ერთდროულადაა, ასეთ შემთხვევაში, წინააღმდეგობა იქმნება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ამ ნივთიერებების მოხვედრას აფერხებს. ერთი ძალიან გავრცელებული შეცდომა მინდა გაგიზიაროთ, რაც სადილის შემდეგ ჩაის, ან ყავის დაყოლების რიტუალს გულისხმობს. სადილი, ვახშამი, როგორც წესი, რკინის შემცველი პროდუქტებითაა დატვირთული. ასეთ შემთხვევაში, პრობლემა ჩნდება. შესაძლოა, რკინით მდიდარი საკვები შევარჩიეთ და ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან სწორი და სასარგებლო კომბინაციაა. მაგრამ, თუ მაშინვე ჩაის ან ყავას დავაყოლებთ, მათში არსებული ნივთიერებები რკინის შეწოვას აფერხებს.

მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატი მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ, არა რკინასთან კომბინაციაში. ამიტომ, ჩაის, ყავის რიტუალსა და ძირითად კვებას შორის, რკინის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, 2-3 -საათიანი ინტერვალი კარგი არჩევანი იქნება. კიდევ უფრო ადვილად დამაზიანებელია ეს ეფექტი რკინის მცენარეული წყაროს შემთხვევაში. თუ ჩაისა და ყავის დაყოლებას ხორცი გაუძლებს, რკინის მცენარეული წყაროები ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს.