"საქართველოში ემიგრანტები არავის ვჭირდებით, არავის უნდა ჩვენი დაბრუნება..." - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი საკუთარ გამოცდილებაზე, ტკივილსა და ნოსტალგიაზე - მშობლები

"საქართველოში ემიგრანტები არავის ვჭირდებით, არავის უნდა ჩვენი დაბრუნება..." - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი საკუთარ გამოცდილებაზე, ტკივილსა და ნოსტალგიაზე

2023-05-26 09:29:06+04:00

დიანა ჭანკოტაძე ქართველი ჟურნალისტია, რომელიც უკვე 16 წელია, ოჯახთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ვერსალის უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობაშია ჩართული და პერიოდულად, ლექციებსაც კითხულობს. ამავდროულად, საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს მულტიმედია ჟურნალისტიკას ასწავლის და სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. თავადაც სტუდენტია, ადრეული განვითარების სპეციალობას ეუფლება და სკოლებში მუშაობას აპირებს. საფრანგეთში ცხოვრებაზე, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებებსა და საკუთარი საქმიანობის შესახებ გვიყვება:

11-1685079210.jpg

- 3 შვილი მყავს. კორონავირუსის პერიოდში, როდესაც სკოლები დაიკეტა, ბავშვებს ცვლილების მიღება ძალიან გაუჭირდათ. მაქსიმალურად ვეცადე, ჩემი შვილები ტელევიზორსა და ციფრულ მოწყობილობებს არ მიჯაჭვულიყვნენ და მათ "საშინაო" სკოლის ვერსია შევთავაზე. მე და ჩემმა მეუღლემ ერთი ოთახი სკოლად გადავაკეთეთ, შესაბამისად მოვაწყვეთ, მე მასწავლებელი ვიყავი და ბავშვები - მოსწავლეები. დილით, ჩვეულებრივ, დგებოდნენ და ემზადებოდნენ ისე, როგორც სკოლისთვის. ჩემს მეუღლეს სახლიდან გაჰყავდა და რამდენიმე წუთში ჩვენ მიერ მოწყობილ სკოლაში შემოჰყავდა. ასე ვთამაშობდით, ვსწავლობდით და თან დროც საინტერესოდ გაგვყავდა. როგორც გითხარით, ბავშვებს გაკვეთილს თავად ვუტარებდი და მაშინ ეს პროცესი ძალიან მომეწონა. ბავშვი ყველა ქვეყნის მომავალია და სახელმწიფო, განათლების სისტემა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას ხელი შეუწყოს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ თავადაც ბავშვების სამსახურში ჩავდგებოდი და ადრეული განვითარების სპეციალისტი გავხდებოდი. საკმაოდ რთული და ამავდროულად, საინტერესო გზა გავიარე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს შესაბამისი დიპლომიც მექნება.ახლა ერთ-ერთ ინტეგრირებულ სკოლაში სტაჟირებას გავდივარ და ჩემთვის, ეს პროცესი ძალიან საინტერესოა.

- მოგვიყევით საფრანგეთში ცხოვრებაზე - რა სირთულეებს ხედავთ და რა მიმართულებით ფიქრობთ, რომ პროგრესია?

- ფრანგები ქართველებს ბევრ რამეში ჰგვანან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას ვეკუთვნით, თუმცა წინ განვითარების კიდევ დიდი გზაა. აქაც ცნობისმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, ოჯახის ტრადიციაც ისეთივე აქვთ, როგორც ჩვენ - ბებია-ბაბუები შვილიშვილებს ზრდიან, სკოლაშიც დაატარებენ და არდადეგებზეც მიჰყავთ. ოჯახები ერთმანეთს მაქსიმალურად ეხმარებიან და ამავე დროს, ცდილობენ, ზედმეტად არავინ შეაწუხონ. თავისუფალი ადამიანები არიან, რომლებთანაც შემიძლია, ყველაფერზე ვისაუბრო. არ შემეშინდეს, რომ ზურგს უკან ჩემზე ილაპარაკებენ, განმსჯიან და სხვებსაც გაუზიარებენ. ძალიან ხშირად, როდესაც საქართველოში ევროპელების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მათი უმეტესობა გადაჭარბებული, რეალობას აცდენილი და განზრახ დამახინჯებულია. აქ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც ზუსტად იციან როგორც საკუთარი, ასევე სხვისი დროის ფასი.

- სახელმწიფო სერვისების თვალსაზრისით, რა ტიპის ხელშეწყობას გრძნობენ მშობლები ჯანდაცვის, სოციალური საკითხების მიმართულებით?

- საფრანგეთი, გარკვეულწილად, ბიუროკრატიული ქვეყანაა, სადაც დადგენილ წესებსა და პროცედურებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ზედმიწევნით ასრულებენ. მაგალითად, პასპორტის ასაღებად სამჯერ მივედით. პირველ ჯერზე, ფოტო არ მოეწონათ და შეცვლა გვთხოვეს, შემდეგ სხვადასხვა დოკუმენტი წარგვადგენინეს. თუმცა, სახელმწიფო ადამიანებს მაქსიმალურად ეხმარება და მათ ქვეყნის მთავარ ღირებულებად თვლის. ქუჩაში მცხოვრები მოქალაქეებსაც კი ყოველთვიური დახმარება აქვთ, რომელიც, დაახლოებით, 500 ევროს შეადგენს. არსებობს სოციალური საცხოვრებლები, სადაც ისინი უფასოდ ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში არც ერთი ადამიანი დახმარების გარეშე არ რჩება. თუმცა ზოგიერთი მოქალაქისათვის ქუჩაში ყოფნა მათი ცხოვრების სტილია. არსებობს დახმარების ცენტრები, უამრავი ასოციაცია, რომლებიც ხელს უწყობს და როგორც სოციალური, ასევე სხვა ტიპის პრობლემების დაძლევაში ეხმარება. 3 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებს. ქალებს კი მშობიარობის პრემია ერიცხებათ,რაც 1000 ევროზე მეტია. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პერიოდულად, ბავშვისთვის აუცილებელ ჰიგიენის ნივთებს, საკვებს გადასცემენ. უამრავი სოციალური პაკეტია გათვალისწინებული, მარტოხელა დედები საკმაოდ დიდ დახმარებას იღებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კი სახელმწიფო ბინის გადასახადის მნიშნელოვან ნაწილს აფინანსებს, ბავშვებს სკოლაში უფასოდ კვებავენ. ყველა უბანში პედიატრიული პაციენტებისათვისე.წ. ამბულატორიული კლინიკებია გახსნილი, სადაც ყველა სერვისი, გამოკვლევა, გასინჯვა უფასოა. თუ ოჯახი არ მიდის, მაშინ ექთნები თავად მიდიან მათთან, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და განვითარებას ამოწმებენ. რეცეპტით გამოწერილი წამლები მათთვის უფასოა. ახალგაზრდები ძალიან ბევრი სტიპენდიით, სასწავლო დაფინანსებით სარგებლობენ. სახელმწიფო ცდილობს, მოქალაქეები დასაქმების მიღმა არ დატოვოს. სთავაზობს გადამზადების პროგრამებს, პროფესიულ ცენტრებს, სასწავლებლებს. არ არის სავალდებულო, ყველა იურისტი და ექიმი გამოვიდეს. ის ბავშვები, რომლებიც დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, მე-9 კლასიდან უკვე პროფესიულ სწავლებას გადიან და ეუფლებიან იმას, რაც აინტერესებთ. ეს სფერო ძალიან კარგადაა მოწესრიგებული, ამიტომაცაა, რომ ყველა მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრებია. ჩვენთან, სამწუხაროდ, თუკი მოსწავლე გამოცდაზე ძალიან მცირე ბარიერის გადალახვას მოახერხებს, უნივერსიტეტში ხვდება. მათ დიდ ნაწილს კი საკუთარი არჩევანი გაცნობიერებული არ აქვს. საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, თავისუფალი და ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები, კიდევ მეტია სამუშაო და ამიტომაცაა, რომ ადამიანები მთელი რიგი საკითხების, რეფორმების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოდიან.

- განათლების ხარისხის, მთავარი მიდგომების თვალსაზრისით, რა სხვაობას ხედავთ საფრანგეთსა და საქართველოს შორის?

- საქართველოში სკოლა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავასრულე, ამიტომ, შემიძლია, მხოლოდ ფრანგული გამოცდილება და საკუთარი შეხედულებები გაგიზიაროთ. საფრანგეთის მთავარი დევიზი თანასწორუფლებიანობაა. როდესაც სასწავლო წელი იწყება, მშობლებს გვიბარებენ და გვიხსნიან, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ტიპის ჩართულობაა აუცილებელი. გვეუბნებიან, რომ ბავშვებს არანაირი ბრენდის ტანსაცმელი არ უნდა ჩავაცვათ. არც ზედმეტად გამომწვევად უნდა ეცვათ. მოსწავლეები თავისუფალი სამოსით უნდა დადიოდნენ ისე, რომ სხვებისაგან მნიშვნელოვნად არ გამოირჩეოდნენ. ასევე, ხშირად გვესაუბრებიან, როგორ უნდა ვებრძოლოთ ბულინგს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ამ საკითხზე, რომ ჩაგვრის მსხვერპლნი არ გახდნენ, ან კიდევ ბულერებად არ გადაიქცნენ. ჩემი შვილები პირველივე კლასებიდან კერძო სკოლაში დადიოდნენ. ახლახან საჯარო სკოლაშიშევიყვანეთ. განსხვავება ძალიან დიდია. გოგონები, კლასელებთან შედარებით, პროგრამულად ძალიან წინ წავიდნენ და მასწავლებელმა მთხოვა, რომ სახლში ზედმეტად აღარ ვამეცადინო. ასევე, მირჩიეს, რომ რაკი სასწავლო პროგრამა გაცილებით დიდი ხნის წინ ამოწურეს, კერძო სკოლაში გადავიყვანო, სადაც განათლების მათი შესაბამისი დონეა. ასეც გავაკეთეთ და სექტემბრიდან უკვე კერძო სკოლაში მივლენ. საჯარო სკოლა გამორჩეულ ბავშვებს კერძო სკოლაში ამისამართებს. კერძო სკოლა კი ამ ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს, ,,თავებს“ ზრდის. იქ ბავშვები საკმაოდ სერიოზულ წვრთნას გადიან. მათ შორის, დისციპლინის, წესრიგის, ტოლერანტობის თვალსაზრისით. გაძლიერებულია საგნების და უცხოური ენების სწავლა. ასეთი ბავშვები შემდეგ კერძო უნივერსიტეტებში აბარებენ და სახელმწიფო სტრუქტურებში საქმდებიან. კერძო სკოლა ფასიანია, თუმცა როცა მშობელს გადახდა არ შეუძლია და მის შვილს განსაკუთრებული შესაძლებლობები, უნარები აქვს, მთავრობა გადასახადის თვალსაზრისით, საკმაოდ სერიოზულ შეღავათს სთავაზობს. სწავლების ხარისხით სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ასევე გამორჩეულია და ყველას შეუძლია, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისი პროგრამები აირჩიოს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანების კლასიფიცირება, ფაქტობრივად, სკოლიდანვე ხდება.

1-1685079226.jpg

- რამდენი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობთ?აპირებთ საქართველოში დაბრუნებას, თუ თქვენი გეგმები კვლავ საფრანგეთს უკავშირდება?

- უკვე 16 წელია, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ. ჩემი მეუღლეც ქართველია. სახელმწიფო სტიპენდიით სასწავლებლად თავდაპირველად ჯერ ის ჩამოვიდა, შემდეგ კი მეც გამოვყევი და აქ გავაგრძელე სწავლა. დიპლომების აღება და უკან დაბრუნება გვინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო. გადავწყვიტეთ, კიდევ ცოტახანს დავრჩენილიყავით და საბოლოოდ, ამდენი წელია, აქ ვართ.

ჩვენი გეგმები კი უკრაინის ომმა შეცვალა. იქამდე მთელი რიგი გზა გავიარე დასაბრუნებლად. 2022 წელს დაგავწყვიტე, ვერსალის უნივერსიტეტს, სადაც, პერიოდულად, ლექციებსაც ვკითხულობ და სამეცნიერო საქმიანობაშიც ვარ ჩართული, რომელიმე ქართულ უნივერსიტეტთან საპარტნიორო ხელშეკრულება დაედო, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ჩამოგვეყალიბებინა და სტუდენტებისთვის ევროპული ჟურნალისტიკის მთავარი სამუშაო სტანდარტები გაგვეზიარებინა. საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად დავიწყეთ ამ მიმარტულებით მუშაობა, თუმცა პროექტი ჯერჯერობით შეჩერებულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, 3 დიდი რუსული აგრესია გავიარე და ამის გამო ჩვენი ბავშვობა დამახინჯდა. არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც რუსის ჯარის შემოსევა ნახონ და განიცადონ. ახლა, როცა უკრაინაში ომია და საქართველოც, გარკვეულწილად, რისკის წინაშეა, წამოსვლის გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ასევე, ამდენი რუსის ფონზე ქვეყანაში ცხოვრებას ვერ შევძლებ. მტრებთან თანაცხოვრება გამიჭირდება, ყველა ვინც ამას ახერხებთ, ჩემთვის პატივსაცემი ხალხი ხართ, რადგან ძალიან რთული მგონია, ოკუპანტი მათგან გატანჯულ შენს ქვეყანაში აიტანო. ყველაზე მთავარი კი მაინც არის ის, რომ ჩვენ საქართველოში აბსოლუტურად არავის ვჭირდებით, არავის უნდა ჩვენი დაბრუნება. 2018 წლიდან ბევრ უნივერსიტეტთან ვცადე საქმიანობის წამოწყება, როგორც საჯარო, ასევე კერძო მიმართულებით, ამიტომ გამოცდილება მალაპარაკებს. რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, რომ ჩვენნაირი ადამიანების დასაქმება, აქაური გამოცდილების გაზიარება არავის უნდა. ჩვენ კონკურენტებად მოგვიაზრებენ, ამასთანავე ვართ ემიგრანტები რომლებიც ფულს აგზავნიან და ამით, სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებასაც ხელს უწყობენ. ჩვენ რომ საქართველოში დავბრუნდეთ, სამუშაოები უნდა მოვითხოვოთ, რასაც არავინ მოგვცემს, ისედაც არ არის. შესაბამისად, ვჭირდებით სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ფული გამოვაგზავნოთ. ძალიან რთულია ადამიანებისათვის იმის ახსნა, რომ საკუთარ სამშობლოში გვინდა განვითარება და ცხოვრება. წარმოიდგინეთ, ჩიტი გალიაში რომ ჩასვათ, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს, ის მაინც გალიაა. მგონია, ეს შეგრძნება ყველა ემიგრანტს აქვს. რაც არ უნდა წარმატებულები ვიყოთ სხვა ქვეყნებში, საქართველოა ჩვენი სამშობლო და აქ გვინდა ცხოვრება. თუმცა, სამწუხაროდ, არაერთხელ მომეცარა ხელი, მაგრამ მაინც ვაგრძელებ და თუკი რაიმე შემიძლია საქართველოსთვის გავაკეთო, ყოველთვის მზად ვარ...

ძალიან მწყდება გული, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს. არ ვიცი, რა დაგვემართა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ აბსოლუტური სიძულვილი გაგვიჩნდა. ჯგუფ-ჯგუფებად დავიყავით, თითქოს, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არ გვესმის. პოლიტიკურმა გახლეჩამ ხომ საერთოდ დაგვასახიჩრა. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს ეტაპები გადაიტანეს. მეც ველოდები იმ ეტაპს, რომ ყველა პოლიტიკურ, განსხვავებულ შეხედულებაზე მაღლა დავდგებით და ისევ შეგვიყვარდება ერთმანეთი. არაჯანსაღი კონკურენცია ძალიან გვაზარალებს. ყველა ფიქრობს, რომ ადგილს წაართმევ, თუ მასზე მეტი ცოდნა და გამოცდილება გაქვს. ვიდრე ეს დამოკიდებულებაა, იქამდე დაძაბული, შებოჭილები ვიქნებით. ყველა მიმართულებით, განვითარების ეტაპებს გავდივართ და როცა გადავლახავთ, ქვეყანას ახლიდან ავაშენებთ. იქამდე კი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე ვართ. რუსეთის სახით, დიდი მტერი გვყავს. ყველაზე მეტად მეშინია, რომ არ გადაგვყლაპონ. ისინიც ხვდებიან, რომ ჩვენ მათზე გაცილებით მაღლა ვდგავართ, რაღაც ეტაპზე პოლარიზებასაც დავძლევთ ქართველები და ვეღარ მოგვერევიან, ამიტომ დრო იხელთეს. თუ ახლა გადავურჩით, ყველა წყენას დავივიწყებთ, თითქოს გავნულდებით, პოლიტიკაზე მაღლა დავდგებით და გავერთიანდებით და ერთად შევიყვანთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში. ჩვენ ოდითგანვე ევროპელები ვართ და ამას არაფერი შეცვლის. ქართველ ხალხს ახლა ყველაზე მძიმე პერიოდი გვიდგას, თუ ამას გავუძლებთ, მაშინ ისევ შეგვიყვარდება ერთმანეთი, გაქრება შუღლი და სიძულვილი, ისევ ერთ ენაზე დავიწყებთ ლაპარაკს და ძალიან კარგ ქვეყანას ავაშენებთ, იმ დროისთვის ემიგრანტებიც მეტად დავჭირდებით და ჩვენც დაბრუნებას დავიწყებთ.

თამარ იაკობაშვილი