ირანელი მოდელისა და მსახიობის, მაჰლაღა ჯაბერის თამამი გამოსვლა კანის კინოფესტივალზე მართლაც რეზონანსული გამოდგა. გოგონას კაბას ყულფის ფორმის დეკოლტე ჰქონდა და ასე გამოხატა მან პროტესტი მის სამშობლოში სიკვდილით დასჯის კანონის მიმართ, რომელსაც ათასობით ადამიანი ეწირება.
მოგვიანებით მსახიობმა სოციალურ ქსელში გააზიარა წითელ ხალიჩაზე გადაღებული ვიდეო შემდეგი ტექსტით: "შეწყვიტეთ სიკვდილით დასჯა". და ასევე დასძინა, რომ მისი ეს აქცია ირანის ხალხს ეძღვნებოდა. ასევე მან მადლობა გადაუხადა მოდელიერ ჯილა საბერს ულამაზესი კაბის შექმნისთვის.
გოგონა უამრავმა ადამიანმა შეაქო სითამამისა და პატრიოტიზმისთვის.
მაჰლაღა ბოლო პერიოდში გამოჩნდა მსოფლიო ასპარეზზე და ბევრმა მაშინვე აღნიშნა, რომ ბოლივუდის ვარსკვლავის აიშვარია რაის ორეულია. არაერთი ჟურნალის გარეკანი დაამშვენა და საინტერესო კონტრაქტებიც გააფორმა.
გოგონა 1989 წლის 17 ივნისს არის დაბადებული ირანის ქალაქ ისპაჰანში. ამჟამად კი ამერიკაში ცხოვრობს. გარდა მოდელობისა და მსახიობობისა, მისი საყვარელი საქმიანობა ცხენზე ჯირითი და იოგაა. ფიზიკისა და უმაღლესი მათემატიკის ბაკალავრის დიპლომი აქვს. ასევე ამბობს, რომ დაინტერესებულია პოლიტიკით და ხშირად გამოხატავს თავის პოზიციას ირანში არსებული მდგომარეობის შესახებ.
პირველად დის სალონს არეკლამებდა და ასე დაიწყო გარეგნობის მეშვეობით ფულის შევნა. ახლა კი მაჰლაღას სოციალურ ქსელში უამრავი გამომწერი ჰყავს და საკმაო ფულს შოულობს ინსტაგრამსა და ტვიტერზე აქტივობით - ერთი სარეკლამო პოსტის ფასი 4-დან 8 ათას დოლარამდეა. ყავისფერი თვალები აქვს, თუმცა ცისფერ ლინზებს ატარებს და როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, გარეგნობაშიც მკვეთრი ცვლილებები აქვს შეტანილი. პირველი ოპერაციები მანამდე გაიკეთა, სანამ ცნობილი გახდებოდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე კორექცია ჩაიტარა - შეცვლილი აქვს ცხვირის, ნიკაპის, თვალის ჭრილის და ტუჩის ფორმა.
მაჰლაღას პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი. გათხოვილი არაა და რომანტიკული ურთიერთობა რომც ჰქონდეს, სავარაუდოდ, მალავს საზოგადოებისგან. ახლა ცდილობს მთელი დრო სამუშაოს დაუთმოს და კარიერაში წინსვლა ჰქონდეს.