რა შემთხვევაში გადაეცემა მოსწავლეს ოქროს ან ვერცხლის მედალი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ,, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულას არ ეთანხმებით - მშობლები

რა შემთხვევაში გადაეცემა მოსწავლეს ოქროს ან ვერცხლის მედალი და რა შეგიძლიათ გააკეთოთ,, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულას არ ეთანხმებით

2023-05-29 12:04:18+04:00

წარჩინებული მოსწავლეები უკვე მრავალი წელია, სკოლის დასრულების შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის მედალს იღებენ. მედლების გაცემის მიზანი მოსწავლეების წახალისება და მათთვის მოტივაციის ამაღლებაა. აღსანიშნავია, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ზუსტადაა გაწერილი, რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე კონკრეტულ წახალისებას:

  • მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
  • მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ოქროსა და ვერცხლის მედალს ვერ მიიღებენ ის მოსწავლეები:

  • რომლებმაც აღნიშნულ კლასებში პროგრამა წარმატებით დაძლიეს, თუმცა გამოცდები ექსტერნად ჩააბარეს.
  • ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ოქროსა და ვერცხლის მედლის გაცემის პირობების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 98/ნ ბრძანების საფუძველზე, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შემდეგ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაძლიეს ექსტერნატის ფორმით.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მასწავლებლის მიერ დაწერილ ნიშანს არ ეთანხმებით?

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს, მოსწავლეს უფლება აქვს, სემესტრული ნიშანი გააპროტესტოს, მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და ქულის გაუმჯობესების მიზნით, განმეორებითი ტესტირება ან კიდევ გამოცდის სხვა ფორმა მოითხოვოს. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, კონკრეტული საგნის ფარგლებში სხვადასხვა საკითხი შეიმუშაოს და მოსწავლეს მისცეს უფლება, ქულა გაიუმჯობესოს.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ თუ წლიური ნიშანი უკვე დაწერილია და ასახულია ბაზაში, მაშინ ნიშანი ვეღარ შეიცვლება.

რა პრივილეგიებით სარგებლობენ მედალოსნები?

მოსწავლეები, რომლებიც მიიღებენ ოქროს ან ვერცხლის მედლებს, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი პრივილეგიებით არ სარგებლობენ. თუმცა მათ ითვალისწინებს რამდენიმე კერძო უნივერსიტეტი, რომლებიც მედალოსნებს სასწავლო გრანტს სთავაზობენ.

როგორია ქულების გამოანგარიშების წესი?

  1. მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
  2. მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
  3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სხვადასხვა კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;
  4. თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გამშვებ სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით.

საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი ასეთია:

  • საგნის წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა გაიყოს ორზე; ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება 4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
  • თუ სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ქულაც აისახება საგნის წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

რა შემთხვევაში ჩაითვლება კლასი დაძლეულად?

  • დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  • საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  • საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.

უფრო ვრცლად ქულის გამოანგარიშებისა და დამატებითი აქტივობების დანიშვნის შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი