ცნობილი მსახიობი ვახო კანდელაკი დღეს წარმატებული რესტორატორი და ტელეწამყვანია. რუსთავის 2-ის ეთერიდან მაყურებელს ბევრ საინტერესო სიახლეს უზიარებს და კულინარიულ ექსპერიმენტებსაც სთავაზობს. ის ,,შუადღის" თანაწამყვანი და შაბათ-კვირის ეთერის წამყვანია. რუსთავი 2-ში მუშაობს ასევე მისი შვილი, ერეკლე კანდელაკი, რომელსაც საკუთარი რუბრიკა აქვს და მაყურებელს ცნობილ ადამიანებს განსხვავებული კუთხით აცნობს.
რუსთავი 2 უკვე 29 წლის გახდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ტელეწამყვან მამა-შვილთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. ისინი ხშირად გადაღებების დროს მხარს უჭერენ ერთმანეთს, ამხნევებენ და რჩევებსაც უზიარებენ. ვახო გვიყვება, როდის დაინტერესდა კულინარიით, როგორი მამაა და რამდენადაა შვილის აღზრდის პროცესში ჩართული:
- კულინარიით, დაახლოებით, 15 წლის წინ დავინტერესდი. ტელევიზიიდან ჩართვაზე ვიყავი და ყველასათვის ცნობილ და პროფესიონალ შეფს, ლევან კობიაშვილს ვესაუბრებოდი. ისე მომეწონა მასთან თანამშრომლობა, რომ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით მეც მესწავლა.
- მარტო ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც ერეკლე ჩემთან რჩება, რაღაცებს ვამზადებთ ხოლმე. ყველაზე მეტად შემწვარი ქათმის ფილე ნაღების სოუსით უყვარს. ამიტომ, როცა ერთად ვართ, ავტომატურად ამ კერძის მომზადებას ვიწყებ. თავადაც მოსწონს ეს პროცესი და მეგობრებთან ერთად რაღაცებს დამოუკიდებლადაც აკეთებს.
- ყოველთვის ვცდილობ, რომ მის ცხოვრებაში ჩართული ვიყო. უფრო "მამა-მძღოლი" ვარ, მინდა, ყველგან წავიყვანო და ხელი არაფერში შეეშალოს. დაკავებული ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ერეკლესთვის დრო გამოვნახო, სკოლაში, მეგობრებთან, მასწავლებელთან ვატარო. მინდა, მის ცხოვრებას ჩემი ყოფნა არ მოვაკლო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვერდით, მამის სახით, პირველ რიგში, უფროსი მეგობარი გყავს, რომელსაც შეგიძლია, სხვადასხვა ემოცია და განცდა გაუზიარო. ამას ბავშვი უნდა გრძნობდეს. ამ ასაკში, როგორც წესი, თავში უამრავი ფიქრი მოსდით, ბევრი სხვადასხვა რამ აინტერესებთ და აწუხებთ. კარგი იქნება, თუ ასეთ დროს გვერდით მამა იქნება, რომელსაც ბავშვი შეკითხვით მიმართავს ან რჩევას ჰკითხავს. ზოგჯერ, ბევრ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რომ შემდეგში უფრო უკეთესად ვუპასუხო.
- ისეთი აქტივობები, რომლებსაც ერთად ყოფნისას აუცილებლად ვაკეთებთ, გამოყოფილი არ გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს ხასიათში ავყვეთ. ხან ფილმს ვუყურებთ, ხან ვთამაშობთ და ერთად ყოფნა მოგვწონს.
- ერეკლე რომ კარგი შვილია, ვიცი და მეც ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. ბავშვის ცხოვრებაში მამის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მამა შვილის ყოველდღიურობაში ჩართული უნდა იყოს, მისცეს გარკვეული რჩევები, რომ ბავშვი სწორი მიმართულებით განვითარდეს.
ერეკლე კანდელაკი რუსთავი 2-ზე, "შუადღის" რუბრიკის - "ახალი თაობის ხმა" წამყვანია და სტუმრებს სახალისო შეკითხვებს უსვამს, საინტერესო ინტერვიუებს წერს. ამბობს, რომ ტელევიზიით პატარა ასაკიდანვე დაინტერესდა და მამის მხარდაჭერასაც სულ გრძნობს:
- ტელევიზიაში პატარა ასაკიდანვე მოვხვდი, რადგან დედაც და მამაც იქ მუშაობდნენ. 6-7 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ტელევიზია მეც მომწონდა. ჩემი ჰობი უფრო გადაღებაა. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ამის კეთება არასდროს მეზარება.
- ნამდვილად კარგი მამაა. ჩემთვის არაფერი ენანება. სულ გულგახსნილია და არაფერს მიმალავს.
- ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც მე და მამა ერთად სამზარეულოში ვართ, ან როდესაც სამაგიდო თამაშებს ვთამაშობთ.
- დიახ. პატარა ასაკიდანვე ვცდილობდი, როცა მამა რამეს ამზადებდა, დავხმარებოდი. ხან რაღაცებს ვუჭრიდი, ვუწყობდი... მაინტერესებდა, რასაც აკეთებდა. მერე მეც ვცადე.
- რჩევებს ყველანაირ საკითხში ვაძლევთ ერთმანეთს. სულ ვეუბნებით, რა მოგვწონს, ან არ მოგვწონს და მერე ვითვალისწინებთ.
- სულ ხუმრობს. ცუდ ხასიათზეც რომ იყოს, მაინც ახერხებს ჩემს გაცინებას. ტელევიზიაშიც ხანდახან ისეთ ხუმრობებს ამბობს, რომ ყველა მე მიყურებს, მართალია, თუ არაო. მის გვერდით არასდროს ვარ მოწყენილი და მინდა, ხასიათით ვგავდე.