"მოვიდეს მამაშენი...", "ამას არასოდეს გაპატიებ..." - მშობლის მიერ ნათქვამი ეს 10 ფრაზა ბავშვის ფსიქიკას აზიანებს - მშობლები

"მოვიდეს მამაშენი...", "ამას არასოდეს გაპატიებ..." - მშობლის მიერ ნათქვამი ეს 10 ფრაზა ბავშვის ფსიქიკას აზიანებს

2023-06-02 11:17:03+04:00

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მშობლების მიერ ნათქვამი ეს 10 ტოქსიკური ფრაზა ბავშვს აზიანებს და თავდაჯერებულობას უკარგავს:

"რა უბედურება გჭირს?"

ამას ეუბნებიან ხოლმე ბავშვს, როცა რაღაც არ გამოსდის ან რაიმე ისეთი გააკეთა, რაც მშობელს არ მოსწონს. ეს ფრაზა მის ფსიქიკას აზიანებს. როდესაც მას ასე ვსაყვედურობთ, მან შესაძლოა სერიოზულად დაიწყოს ფიქრი, რომ უმაქნისია და არაფერი გამოსდის.

"ნახავ, რაც დაგემართება"

ზოგჯერ მშობლები მსგავს მუქარას იყენებენ, როდესაც ბავშვს ვერ იმორჩილებენ და სურთ, მოსალოდნელი შედეგით დააშინონ. მაგრამ ეს ფრაზა ქცევას ვერ გამოასწორებს, პირიქით, შიშს გაუჩენს და შესაძლოა, საპირისპირო შედეგი მიიღოთ. შეეცადეთ, მშვიდად და დასაბუთებულად აუხსნათ თქვენს შვილს, რა არ მოგწონთ და რის გამოსწორებას ისურვებდით.

2-1685690417.jpg

"ამას არასოდეს გაპატიებ"

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ფრაზა ბავშვს მთელი ცხოვრება ემახსოვრება და ექნება განცდა, რომ თქვენი ნდობა შეარყია. შესაძლოა, თქვენ მსგავსი დაპირება მალევე აღარ გახსოვდეთ, მაგრამ ბავშვს მთელი ცხოვრება დანაშაულის შეგრძნება ექნება და ცუდად გაახსენდება.

"მოვიდეს მამაშენი..."

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ტოქსიკური ფრაზაა, რაც შეიძლება ბავშვს უთხრათ. მამისადმი შიშის ჩანერგვა და ამით დისციპლინის მიღწევა კარგ შედეგს ნამდვილად არ გამოიღებს. შვილს თქვენ მიმართ ნდობა გაუქრება და ურთიერთობაც გაგიფუჭდებათ.

"იმიტომ, რომ მე ვთქვი ასე"

მშობლის მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს გაურკვევლობაში ამყოფებს. აუცილებლად უნდა აუხსნათ, რატომ უკრძალავთ რაიმეს, ან რატომ არ მოგწონთ ის, რასაც აკეთებს. გულწრფელად აუხსენით, მაგალითად, რატომ არ უშვებთ მეგობართან ერთად.

3-1685690440.jpg

"მე ახლა წავალ და აქ მარტო დარჩები"

მსგავს ფრაზას მაშინ იყენებენ მშობლები, როდესაც ბავშვი სათამაშო მოედანზე ან საჯარო ადგილებში ჰყავთ, უკვე წასვლის დროა, მაგრამ ბავშვს თამაშის გაგრძელება უნდა. მუქარა მას შიშს უნერგავს და შფოთვას უზრდის. უმჯობესია, თუ პერიოდულად შეახსენებთ ხოლმე, რომ წასვლის დროა და მოულოდნელად არ გამოუცხადებთ, რომ თამაში შეწყვიტოს.

"ეგ არაფერი..."

მშობლები მსგავსი ფრაზით აბსოლუტურად გულწრფელად ცდილობენ, შვილები დაამშვიდონ. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვს ემოციების გამოხატვის საშუალება აუცილებლად უნდა მივცეთ. უმჯობესია, მის განცდებზე ვისაუბროთ, ვკითხოთ, რა აწუხებს, უმნიშვნელოდ არ ჩავთვალოთ ის, რაზეც ნერვიულობს და ზედაპირულად არ გავამხნევოთ, თითქოს არაფერი მომხდარა.

"როგორი თვალები გაქვს?"

ბავშვის გარეგნობაზე უარყოფითი კომენტარი არასდროს გააკეთოთ. ეს მას დააკომპლექსებს და თავდაჯერებულობას დაუკარგავს. ასწავლეთ თქვენს შვილებს საკუთარი თავის სიყვარული და მიღება.

4-1685690459.jpg

"მსოფლიოში უამრავი მშიერი ბავშვია, ვისაც მსგავსი საჭმელი ენატრება"

შესაძლოა, ძალიან გადაიღალოთ, როცა ბავშვი არ ჭამს და თქვენ მუდმივად ცდილობთ, რაიმე ახალი შესთავაზოთ. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მსგავსი ფრაზები ბავშვს დანაშაულის შეგრძნებას უყალიბებს და შესაძლოა, ამან მომავალში ცუდი შედეგები გამოიწვიოს.

"ახლავე შეწყვიტე ტირილი"

კიდევ ერთი ტოქსიკური ფრაზაა, რომელიც ბავშვს აფიქრებინებს, რომ ნეგატიური ემოციების გამოხატვა არ შეიძლება და რომ ის თავისთვის უნდა შეინახოს. ტირილი ნორმალურია და ადამიანს გრძნობების გამოხატვის არ უნდა ეშინოდეს.