რომელი დიეტაა საუკეთესო - მანანა მგალობლიშვილის რჩევები წონის კლებისა და შენარჩუნებისთვის - მშობლები

რომელი დიეტაა საუკეთესო - მანანა მგალობლიშვილის რჩევები წონის კლებისა და შენარჩუნებისთვის

2023-06-05 13:17:11+04:00

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს და მათ მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას უზიარებს:

- რამდენჯერ უნდა იკვებებოდეს ადამიანი დღის განმავლობაში, რომ ზედმეტმა წონამ არ შეაწუხოს?

- დღეში უნდა იკვებოთ 4-ჯერ, შეგიძლიათ, 3-ჯერაც. დილით რომ გაიღვიძებთ, 1-2 ჭიქა წყალი დალიეთ. 20-30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, საუზმედ ის მიირთვათ, რაც თქვენ გესიამოვნებათ და გნებავთ. ამის შემდეგ, 3-4 საათი არაფერი არ უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ, მხოლოდ წყალი სვათ. შემდეგ კი წახემსებაა. წახემსება მცირე რაოდენობით მსუბუქ კვებას ნიშნავს. ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი იმისათვის, რომ ხილი მიირთვათ. შეგიძლიათ ხილი ხაჭოსთან, მაწონთან ერთად მიირთვათ, როგორც თქვენ გსურთ. ამის შემდეგ, 3-4 საათი ისევ არაფერს არ ჭამთ, მხოლოდ სითხეს, წყალს იღებთ. შემდეგ კი სადილი მოდის. სადილი 3 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. ესენია ცილები, ხორცეულის, თევზეულის სახით. შეგიძლიათ, მცენარეული ცილებიც მიირთვათ ლობიოს, პარკოსნების, ოსპის სახით. ასევე, კვერცხი. მეორე კომპონენტი ნახშირწყლებია. შეგიძლიათ, 1 ნაჭერი პური, წიწიბურა, კარტოფილი მიირთვათ. მესამე კომპონენტი ბოსტნეულია. ბოსტნეული შეგიძლიათ, ბევრი მიირთვათ, გემოვნებით შეაზავოთ, იქნება ეს წიწაკა, ძმარი, სოუსი, ზეთი თუ სხვა. ამის შემდეგ ისევ სვამთ წყალს და თუ სურვილი გექნებათ, 3-4 საათში შეგიძლიათ, 1 ჭიქა კეფირი, ან მაწონი დალიოთ.

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ წონაში დაიკლოთ?

- იმისათვის, რომ იყოთ ფორმაში, არ არის აუცილებელი, განსაკუთრებული დიეტები დაიცვათ. საკმარისია, გადაეჩვიოთ ისეთ მავნე კვებით ჩვევებს, როგორებიცაა მაგალითად: კარტოფილზე ან მაკარონზე პურის მიყოლება, მარილიანი საკვები. ასევე, მავნე ჩვევაა, ჭამის დროს ბევრი წყლის დალევა. აუცილებელია ადამიანს 12 საათიდან დილის 4 საათამდე ეძინოს, რადგან ამ პერიოდში გამოიყოფა ისეთი ჰორმონები, რომლებიც სხვა დროს არ გამოიყოფა. ეს ჰორმონები ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და ეხმარება ნერვულ სისტემას.

- რომელი დიეტაა საუკეთესო?

- ზოგი ამბობს, რომ კეტო დიეტა, ზოგიც აღნიშნავს, რომ 18-საათიანი ინტერვალი, საათობრივი კვება, წიწიბურას დიეტა და ასე შემდეგ. ნებისმიერი დიეტა წონის დასაკლებად ორ ძირითად პრინციპს ემყარება - ესაა ჯანსაღი კვება და განსაზღვრული კალორიების მიღება, რომელიც ინდივიდუალურია. რომელ მეთოდს შეარჩევთ, ეს თქვენი ცხოვრების რეჟიმზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ორგანიზმის თავისებურებებზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.