გოგონა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია... - მოციგურავე წყვილი რუსეთიდან, რომელმაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზოს - მშობლები

გოგონა ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია... - მოციგურავე წყვილი რუსეთიდან, რომელმაც საქართველოს სახელით უნდა იასპარეზოს

2023-06-05 13:25:49+04:00

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი მოციგურავე წყვილი, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და საქართველოს სახელით იასპარეზებს. საუბარია დიანა დევისსა და გლებ სმოლკინზე. რა თქმა უნდა, თავად ფაქტმაც და ამ ადამიანებმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ამ ქალბატონზე ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია და შეგახსენებთ მის სპორტულ თუ პირად ბიოგრაფიას.

a449eb6ea6e1504-1685957719.jpg

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Elle-ის იაპონურმა ვერსიამ მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა და სიის თავში ქართული წარმოშობის მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე იყო. სტატიის ავტორის თქმით, რუსი სპორტსმენების მწვრთნელი ძალიან სასტიკია, ამიტომაც ჩემპიონი ფიგურისტები ხშირად მისგან მიდიან ან საერთოდ უარს ამბობენ სპორტული კარიერის გაგრძელებაზე. სტატიაში მოხსენიებული იყო იულია ლიპნიცკაია, 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გოგონა ანორექსიით იტანჯებოდა და ადრე დაასრულა სპორტული კარიერა. რაც შეეხება თავად ეთერ თუთბერიძის განმარტებას მის სიმკაცრეზე, მედიას ადრინდელ ინტერვიუში ასეთი პასუხი გასცა: "მითია ის, რომ მე მკაცრი და სასტიკი ვარ. უბრალოდ, მკაცრი და უხეში ლაპარაკი ვიცი. შემიძლია სიტყვით დავსაჯო ადამიანი". ეთერ თუთბერიძე ერთ-ერთ უძლიერეს მწვრთნელად მიიჩნევა. რუსეთის ფიგურული სრიალის ნაკრების საუკეთესო წევრები ხშირად მისი აღზრდილები არიან. მის მიერ გაწვრთნილ სპორტსმენებს მოგებული აქვთ ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები.

თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვშია დაბადებული, მრავალშვილიან ქართულ ოჯახში. მის გარდა ოჯახში კიდევ 4 შვილი იზრდებოდა და ეთერი მეხუთე იყო. სამი ძმა და ერთი და ჰყავს. მამამისი ქარხანაში მუშაობდა, დედა ინჟინერი იყო. მუსიკალური სკოლა დაამთავრა, თუმცა 4 წლიდან მისი მთავარი გატაცება ფიგურული სრიალი გახლდათ.

სპორტულ წარმატებებს ვერ მიაღწია, როგორც სპორტსმენმა, რადგან ხერხემალზე მიიღო ტრავმა და ყინულზე ცეკვაზე გადაერთო, ასევე ცეკვავდა ბალეტს ყინულზე. 18 წლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, ცნობილ ყინულის შოუში მონაწილეობის მისაღებად. მერე კი მწვრთნელობა დაიწყო. პროფესიით მწვრთნელი და ბალეტმეისტერ-ქორეოგრაფია.

b259e138650a0070f1a7399322f1c954-1685957756.jpg

1994-98 წლებში აშშ-ში მწვრთნელობდა, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.

რაც შეეხება ოჯახს, ეთერს ამერიკელი ქმარი ჰყავდა, რომლისგანაც ეყოლა ქალიშვილი დიანა დევისი. გოგონა ასევე ფიგურულ სრიალს გაჰყვა და წყვილებში ცეკვავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ბავშვობიდან ავარჯიშებს დედა და წარმატებულ მოცეკვავედაც აქცია. გოგონას არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.2 წლიდან სენსონერვული სმენის დაქვეითება აქვს. იმის გამო, რომ ძალიან ცუდად ესმის, ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდა. თუმცა როგორც თავად ყვება, დედა ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც ჩვეულებრივი საჭიროებების მქონე ბავშვს და არასოდეს არაფერს უთმობდა, იმის მიუხედავადაც, რომ შვილი იყო. ამან ის ბევრად გამოაწრთო და გაცილებით ქმედუნარიანი და მებრძოლი გახადა.