შფოთვა, თვითრწმენის ნაკლებობა და მიზნების არქონა - თანამედროვე თინეიჯერების გამოწვევები და მათი დაძლევის იაპონური ფილოსოფია - მშობლები

შფოთვა, თვითრწმენის ნაკლებობა და მიზნების არქონა - თანამედროვე თინეიჯერების გამოწვევები და მათი დაძლევის იაპონური ფილოსოფია

2023-06-05 15:38:34+04:00

კითხვა - რატომ დგები დილით ლოგინიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მაღვიძარას ხმამ გაგაღვიძა თუ იმიტომ, რომ რაღაცის გაკეთების ხალისი გაძლევს შთაგონებას? - ალბათ ერთხელ მაინც ყველას დაგვისვამს სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის. მასზე პასუხის პოვნა კი შეიძლება, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანის მიგნებაში დაგვეხმაროს.

გქონიათ, შემთხვევა, როცა დამღლელი და არასასიამოვნო ინციდენტებით აღსავსე მგზავრობის შემდეგ, როცა ღამენათევს მხოლოდ დაძინება და კუნთების დასვენება უნდა გინდოდეს, უცხო ქალაქის დათვალიერების სურვილით აღვსილს, გადახდენილი უსიამოვნება დაგვიწყებიათ და გაუჩერებლად გიხეტიალიათ ქუჩებში? მოტივაციამ, ინტერესმა, შეგეცნოთ რაღაც ახალი, დრო ისე გაგეტარებინათ, როგორც თავად გსურდათ, გააუფერულა გასულ ღამეს გადახდენილი უსიამოვნებები და დროებით ძილის მოთხოვნილებაც კი გაგიქროთ.

წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად ასეთი მოტივაციით რომ იღვიძებდეთ და ახალი ენერგიითა შთაგონებით იწყებდეთ თქვენს საქმიანობას, რამდენად უკეთ გამოგივიდოდათ ყველაფერი? მართალია, შინაგანი მამოძრავებელი ძალის პოვნა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ამაში დარწმუნდებით, როცა ბედნიერი ცხოვრების იაპონურ საიდუმლოს - იკიგაის ეზიარებით.

ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების რეცეპტის პოვნა ხომ ყველა ჩვენგანს სურს ამიტომ ორი ავტორის: ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის ნამუშევარმა - იკიგაი, სადაც იაპონური იდეოლოგიის საიდუმლოებებია თავმოყრილი, სწრაფად მოიცვა მსოფლიო. წიგნის 2016 წელს გამოიცა და სულ უფრო აქტუალური ხდება. პოპულარობით სარგებლობს „იკიგაი თინეიჯერებისთვისაც“, რომელმაც ათასობით მოზარდს აჩვენა გზა, როგორ გაეგრძელებინათ განვითარება. ორივე ნამუშევარი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ქართულ ენაზე თარგმნა და წიგნის მაღაზიებში ხელმისაწვდომია.

დღეს ჰარმონიული ცხოვრების იაპონურ იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს. იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა: „იკი“ - სიცოცხლედ ითარგმნება,ხოლო „გაი“ - რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრების მიზნის პოვნასა და ჰარმონიაში ყოფნისთვის გვესაჭიროება. ის გაჯერებულია მცირე ცხოვრებისეული დეტალებით, რომლის ყოველდღიურად შესრულებაც შთაგონების პოვნაში გვეხმარება.

მოზარდებისთვის ცხოვრების აზრისა და სიმშვიდის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი ასაკი ხანდახან უფროსებისთვის უმნიშვნელო, თუმცა მათთვის მძიმე პრობლემებით არის დატვირთული, რასაც თან ახლავს შფოთვა, ინტერესის დაკარგვა და ხანდახან ფრუსტრაციაც. თინეიჯერისთვის ისეთი მიზნის პოვნა, რომელიც დილით ლოგინიდან ადგომასა და საქმის შესრულების მოტივაციას მისცემს, მის ცხოვრებაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი თინეიჯერებისთვის“ მოკლე სახელმძღვანელოა, რომელსაც ბედნიერების ძიებისას ჩვენი სწორ გზაზე დაყენება შეუძლია. ავტორები განიხილავენ ადამიანისთვის მუდამ სასურველი ფულის, ძალაუფლებისა და პოპულარობის მნიშვნელობას და სვამენ მნიშვნელოვან კითხვას, რეალურად, მართლა შეუძლიათ მათ სიმშვიდისა და ჰარმონიის მოტანა ჩვენს ცხოვრებაში? პასუხის მიგნების მეთოდებს კი უკვე შემდეგ თავებში ვკითხულობთ.

იკიგაი გაურკვევლობაში მყოფი ახალგაზრდებისთვის გახდა ერთგვარი კომპასი, იპოვონ სწორი მიმართულება, რომელიც საბოლოოდ ცხოვრების აზრის აღმოჩენაში დაეხმარებათ.

წიგნის ერთ-ერთი ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოს ორჯერ ეწვია და მკითხველს „იკიგაისთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხა. მისმა შინაგანი სიმშვიდემ, თავდაჯერებულობამ და ამ იაპონური ფილოსოფიის სიღრმისეულმა ცოდნამ აუდიტორიაზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენს ქვეყანაში იკიგაის ფილოსოფია ნელ-ნელა პოპულარული ხდება, მით უფრო რომ ინფორმაციით გადატვირთულ გარემოში სიმშვიდისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდა. ეს გამოწვევას წარმოადგენს განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის, რომლებიც აღმოჩენების გაკეთებასა და ექსპერიმენტების ჩატარებას მხოლოდ ახლა იწყებენ.

როგორც „იკიგაის“ ავტორები მოზარდებს მიმართავენ: „როდესაც საკუთარი თავის გწამს, ოცნებები ხდება! შენ ჩემპიონი ხარ!“ ამ სიტყვების უკან კი დგას დიდი ფილოსოფია, რომელიც თვითრწმენის მიღწევაში გვეხმარება. მას შემდეგ კი რაც ცხოვრების აზრსა და მამოძრავებელ ძალას ვიპოვით, ჩემპიონობა ბუნებრივად მოდის ჩვენთან.

R