იწურება სასწავლო წელი და მშობლებსაც და მასწავლებლებსაც უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ უნდა გაატარებინონ ბავშვებს არდადეგები ისე, რომ კარგად დასვენებაც მოახერხონ და ამავდროულად, არც სკოლაში ნასწავლი მასალა გადაავიწყდეთ, რა ტიპის ლიტერატურა უნდა შეურჩიონ და რა დავალებები უნდა გამოიყენონ. შეკითხვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორ მასწავლებელს, გამოცდილ პედაგოგს, ნატო ჯანაშიას მივმართეთ:
- ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნაწილი ფიქრობს, რომ თუკი საზაფხულო არდადეგებს მოზარდები წიგნებისა და საქმიანობისაგან სრულიად იზოლირებულად გაატარებენ, ეს გასული სასწავლო წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას ხარისხს დაუკარგავს და დაავიწყდებათ სასკოლო პროგრამა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბავშვები იმდენად ეჩვევიან თავისუფალ რეჟიმს, ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო რიტმში დაბრუნება უჭირთ, რაც მათი სწავლის ცუდი ხარისხით ვლინდება. ამიტომაც, მასწავლებლები არასასწავლო პროგრამიდან ვირჩევთ ხოლმე კლასგარეშე ლიტერატურას სხვადასხვა კლასის და მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით და ვუწევთ რეკომენდაციას საზაფხულო არდადეგებისათვის.
რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ეს სავალდებულო - რა თქმა უნდა, არა. ეს დამოკიდებულია პედაგოგზე, მშობელზე და კლასის ხელმძღვანელზე
თითოეული პედაგოგი ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე უნდა იძლეოდეს რეკომენდაციას, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაოს მოზარდმა ხანგრძლივი დასვენების პერიოდში. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არდადეგები დასვენებისათვის განკუთვნილი დროა და ბავშვი ზედმეტად არ უნდა გადაიტვირთოს.
ეროვნული სასწავლო გეგმით, საზაფხულო თუ ზამთრის არდადეგებზე მოსწავლეთათვის მისაცემი დავალებები განსაზღვრული არ არის. დასვენების პერიოდში ბავშვს აქვს თამაშის, გართობის, დასვენების უფლება და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მეცადინეობს თუ არა ის ზაფხულში, მუდმივად იძენს ახალ ცოდნას, გამოცდილებას და ივითარებს უნარებს. მოზარდისათვის სწავლის, შემეცნების პროცესი საინტერესო და სახალისო უნდა იყოს და არა ვალდებულება ან იძულება.
- რაც შეეხება საზაფხულო სამეცადინო მასალას და მის გაწერას ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ჩემი აზრით, ეს არის საკმაოდ ინდივიდუალური და თითოეულ მოსწავლეს მასზე მორგებული მიდგომა ესაჭიროება, მათ შორის, საკითხავი ლიტერატურის შერჩევისას, ამ მოსწავლის კითხვის დონის და ინტერესების და კითხვის უნარების განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად შევძლოთ, განუსაზღვროთ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდში წასაკითხი ლიტერატურა.
- ყოველთვის, როცა ზაფხულის არდადეგები ახლოვდება, ვფიქრობ, როგორი დავალებები უნდა მივცე მოსწავლეებს, რომ ეს მათთვის დამთრგუნველი არ იყოს. მშობლების დახმარებით ვარჩევ საზაფხულო საშინაო დავალებების სწორ რაოდენობას/ზომას, რათა ყველა მოსწავლეში წავახალისო უნარების განვითარება ზაფხულის ხალისის გაუნადგურებლად. მშობლებთან შეთანხმებით, ვადგენ დროს დავალების შესასრულებლად, რომ ზედმეტად გადამღლელი ან მომაბეზრებელი არ იყოს. ამასთანავე საინტერესოც იყოს და სახალისოც.
ერთი რამ, რასაც ყველა მოსწავლე ზაფხულში დავალებების შესრულებისგან იღებს - ეს არის უნარები, რომლის შემადგენელი ელემენტებია დაგეგმვა და ორგანიზება, დროის სწორი განაწილება, სტრატეგიების შექმნა.
ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, როგორც მშობელმა, ასევე მოსწავლემ. ბავშვებს ნაკლები მეცადინეობა და მეტი გართობა სჭირდებათ. არ უნდა მივცეთ ისეთი რეკომენდაციები, რომ მათ აიძულებდეს ბევრ სწავლას და ნაკლებ გართობას. უნდა ვეცადოთ, ბავშვი ზაფხულის პერიოდში ისეთი ენერგიით დაიმუხტოს, რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ეყოს. რა თქმა უნდა, კითხვა სასარგებლოა. კითხვის რესურსიც უნდა აიღოს, რადგან მას ეს სწავლის პერიოდშიც დასჭირდება. თუ ბავშვმა წაიზარმაცა, ამ მხრივ, საჭიროა, მშობელმა წაუკითხოს. ამით მშობელიც იღებს სიამოვნებას და ასევე მსმენელი - ბავშვიც.
თამარ იაკობაშვილი