მეზღვაურისა და ბოცმანის, მეტსახელით "ზღვის მგელის", შაბან გოგიტიძის ოჯახში, 1916 წლის შემოდგომაზე, მეცხრე ბავშვი იბადება. ნაბოლარას ფადიკოს არქმევენ. დღეს არავინ იცის, როდის, როგორ და რა ვითარებაში გაუჩნდა გოგონას ფრენის სურვილი, მაგრამ მიზნის მისაღწევად, მშობლების თანხმობის გარეშე იმოქმედა. მეტიც, თქვა, რომ დედაქალაქში სამედიცინო განათლებას მიიღებდა, სინამდვილეში კი აჭარიდან თბილისში მფრინავის პროფესიის დასაუფლებლად გაეშურა. მისი საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკმაოდ მტკიცე და გაბედული გადაწყვეტილება იყო, თან იმ დროს, როცა ჩვენში მამაკაცი მფრინავებიც ცოტა იყვნენ, არათუ ქალები...
ალამბარი ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული სოფელია, რომელიც ქობულეთიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. ალამბარში დაბადებული ფადიკო გოგიტიძე, მამამისის სამსახურებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახთან ერთად ჯერ ფოთში ცხოვრობდა, შემდეგ ბათუმში. წარჩინებული მოსწავლე ცოცხალი, აქტიური ბავშვი, ყველაზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენდა და სადაც უნდა ყოფილიყო, ყურადღების ცენტრში ხვდებოდა.
მშობლებს სურდათ, მათ უმცროს შვილს სამედიცინო განათლება მიეღო, მაგრამ მათგან ფარულად, გოგონამ აბსოლუტურად განსხვავებული გზა აირჩია და 1936 წელს თბილისის საფრენოსნო სკოლა დაასრულა. იმ დროის პერიოდულ პრესაში წერდნენ: „ერთ წელში უნდა დაუფლებოდა მანქანის მართვას. ერთ წელში უნდა გამხდარიყო მფრინავი. ჯერ ერთი წელი არ იყო მოთავებული, რომ ფადიკო გოგიტიძე უკვე დამოუკიდებლად ფრენდა, დამოუკიდებლად მართავდა ფოლადის შევარდენს, მართავდა საოცარი სიზუსტითა და სილამაზით".
პირველ და საკმაოდ რთულ საცდელ ფრენას თავი კარგად გაართვა: ღრუბლიან ამინდში, ნისლში გახვეულ სურამის უღელტეხილს გადაუფრინა და თბილისიდან ბათუმში შევარდენივით გადაფრინდა თურმე. ეს ისტორიული ფაქტი 1936 წლის გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" ასეა დაფიქსირებული: "შარშან, 18 აგვისტოს, დილით 10 საათისთვის დაეშვა თვითმფრინავი "უ-2". ამ თვითმფრინავით ტფილისიდან ჩამოფრინდა პირველი აჭარელი მფრინავი გოგონა ფადიმე გოგიტიძე".
ბუნებრივია, მისი მშობლები და ახლობლები გაოცებულები დარჩნენ, როცა სამთავრობო დონეზე დაგეგმილ საზეიმო დახვედრაზე, დედაქალაქიდან საზღვაო ქალაქში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან ფადიკო გადმოვიდა. დედ-მამას სწორედ მაშინ გაუგია, რომ მათი შვილი ექიმი კი არა, მფრინავი გახდა.
ნუგზარ გოგიტიძე (ექიმი):
ფადიკო გოგიტიძე 1940 წელს, ახალი თვითმფრინავის მორიგი საცდელი ფრენისას, ინსტრუქტორთან ერთად გარდაიცვალა. ის მოკლე დროში იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის სამგლოვიარო პროცესიას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო... - 3 თვის გოგონა დარჩა, რომელიც ბებიამ გაზარდა. ასევე, მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ჯულიეტას ბიძამ, ელიზბარმა, რომელიც დისშვილის მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენდა. რაც შეეხება ფადიკოს მეუღლეს, ლეონიდ ნიკანოვიჩი სავარაუდოდ ინსტრუქტორი ან სამხედრო მფრინავი იყო. ფადიკოს გარდაცვალების შემდეგ მას რა ბედი ეწია, არ ვიცი, მისი კვალი არ ჩანს. რაც შეეხება შვილს, ელიზბარმა დისშვილი თავისთან, გემზე წაიყვანა, სადაც ჯულიეტამ რუსი ინჟინერი გაიცნო და მათ ოჯახი შექმნეს. არაერთი წელი ალჟირში ცხოვრობდნენ, სადაც ჯულიეტას მეუღლე მუშაობდა. შემდგომში ლენინგრადში გადავიდნენ, სადაც კაცი ერთ-ერთ ტექნიკურ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობდა, მას შემდეგ დღემდე პეტერბურგში ცხოვრობენ.