"ველურები ხართ, ცხოველებივით იქცევით, ამ მაგიდასთან ღორები ისხდნენ?!“ - ასე მიმართავს ბებია შვილიშვილებს და ხანდახან მგონია, რომ ბავშვები მე მომყვნენ მზითვებში და მისი შვილიშვილები არ არიან" - მშობლები

"ველურები ხართ, ცხოველებივით იქცევით, ამ მაგიდასთან ღორები ისხდნენ?!“ - ასე მიმართავს ბებია შვილიშვილებს და ხანდახან მგონია, რომ ბავშვები მე მომყვნენ მზითვებში და მისი შვილიშვილები არ არიან"

2023-06-12 22:14:34+04:00

გთავაზობთ ახალგაზრდა დედის წერილს, რომელსაც ანონიმურად ვაქვეყნებთ:

"სამ უცელქეს ბავშვთან ერთად ვცხოვრობთ ჩემი მეუღლის მშობლების სახლში.

ხაზსგასმით - “სხვის სახლში”. მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრების რამდენიმე წელი გავიდა, მაინც სტუმარივით ვგრძნობ თავს.

ნივთის გვერდზე გადაადგილება მეკრძალება, რადგან როგორც დედამთილს სურს, ისე უნდა იყოს ყველაფერი.

გულწრფელად რომ გითხრათ, მივეჩვიე კიდეც ამ ყველაფერს და ვცდილობ, ნერვებს და ემოციებს აღარ ავყვე.

გვაქვს ძველი რემონტი, არაფერი განსაკუთრებული და მოსაფრთხილებელი, მაგრამ ჩვენს სახლში უსიამოვნების მიზეზი ყოველთვის ეს არის, რომ: “რემონტს აფუჭებენ ბავშვები”.

-“კედელზე ვინ დახატა? პარკეტზე წყალი ვინ დაღვარა? გაფუჭდება! შპალერი ვინ მოხია კარის უკან?” - გამუდმებით ისმის ეს შენიშვნები.

მართლა კუდში დავსდევ სამივეს, ჯერ ისედაც პატარები არიან და უყურადღებოდ ვერც დატოვებ, სამივე 5 წლამდე ასაკის არის.

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ამდენი ადამიანი ვართ, ბავშვების მოვლა, მათზე თვალყურის დევნება, სახლის საქმეები: დაალაგება, სადილი, სარეცხი - ყველაფერი მე მევალება.

ყველა გასულია და მუშაობს.

საღამოს სულ იმის შიშში ვარ, ბავშვებისგან რამე გაფუჭებული ან უწესრიგოდ დაყრილი არ დახვდეს ვინმეს და მე არ მივიღო ამის გამო შენიშვნა, მაგრამ სულ რომ ყირაზე დავდგე, სახლის საქმეებთან ერთად, ყოველთვის ვერ ვაკონტროლებ და ბავშვები ხან რას აფუჭებენ, ხან - რას.

ცოტა ხნის წინ ყველაზე პატარას, რომელიც 2 წლის არის, ჭიქა გაუვარდა და პარკეტზე წყალი დაეღვარა, შესაბამისად,“ომიც დაიწყო”… გამოვარდა ჩემი დედამთილი კივილით: “ფუჭდება პარკეტი, ველურები ხართ, ყველაფერს აფუჭებთ…” ბავშვს კი არა მე მეშინია მისი კივილის.

შუათანას დაბადების დღის საჩუქრად, ველოსიპედი უყიდა ჩემმა ძმამ, სიუპრიზად მოუყვანა. გახარებული ბავშვი მაშინვე მოახტა ველოსპედს და ამ დროს ჩემი დედამთილი კივის შეშლილი სახით: “რას შვებიით? გასართობი პარკი მაქვს აქ?! დაიხაზა პარკეტი, რატომ არ უშლი?!” - ეგრევე ჩემზე გადმოაქვს ხოლმე აგრესია.

ხანდახან მგონია, რომ ბავშვები მე მომყვნენ მზითვებში და მისი შვილიშვილები არ არიან, იმდენად აგრესიულია მათ მიმართ.

არ მახსოვს თუნდაც ერთი კანფეტი მოეტანოს ბავშვებისთვის, ამ დროს ნორმალური ხელფასი აქვს.

სამაგიეროდ, რადიკალურად სხვა ბებოა ჩემს მულის შვილებთან, მათზეა თანგადაყოლილი და გული მწყდება, როდესაც ასე აშკარად და ღიად ასხვავებს შვილიშვილებს ერთმანეთისგან.

გამაღიზიანებელია, როცა ამ ქალის ორმაგ სახეს ვხედავ, ასე აშკარად.

ჩემებს ველურებს ეძახის და ჩემი მულის შვილები ცაში აჰყავს.ძალიან მწყდება გული. არ მახსოვს როდესმე ჩემი ბავშვები დაეტოვებინოს, ერთი საათით მაინც გაესეირნებინოს, როდესაც ჩემი მულისშვილები (ისინი ცოტა დიდები არიან ამათზე ) სულ დაჰყავს ხან პარკში, ხან კინოში.

ახლოს ვცხოვრობთ ჩემს მულთან, ბავშვები დაურეკავენ: “ბებო, ეზოში გვინდა”. ნათქვამი არ აქვთ დასრულებული, იქ გარბის უკვე, მათთვის არც წნევა აქვს, არც ფეხები სტკივა, არც სამსახურიდან მოსული გრძნობს დაღლილობას, როცა ჩვენთან სულ ამაზე წუწუნებს.

ჩემი უფროსი ხუთის არის და ერთხელაც ატირდა, მეც მინდა ეზოში, ჩემს მამიდაშვილებთან ერთადო.-“თქვენ ველურებივით იქცევით, ყველას ერთად ვერ წაგიყვანთ”,- ასე უთხრა ბავშვს.

“ველურო, ველურები ხართ, ცხოველებივით იქცევით, ამ მაგიდასთან ღორები ისხდნენ?!“ - ასე მიმართავს ბავშვებს, ოღონდ ეს მაშინ, როდესაც ჩემი ქმარი სახლში არ არის, მასთან ვერ ბედავს, ჩემთან აქვს დიდი გული.

ისე მწარედ მახსოვს, თვეების მყავდა უფროსი, პირველად გავედი სახლიდან მშობიარობის შემდეგ და ბავშვი ჩემს ქმართან დავტოვე. ჩემი დედამთილიც სახლში იყო, მაგრამ რომ დავბრუნდი ბავშვი მშიერი, ატირებული და საფენგამოუცვლელი დამხვდა.

როდესაც ადამიანისგან ვერ ვგრძნობ თბილ დამოკიდებულებას მეც ვერ გავცემ სითბოს. ბოროტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები “მარჯვენა ლოყაში სილას რომ გაგაწნავენ და მეორეც უნდა მიუშვირო”.

შეიძლება ვერ შევეკამათო, კონკრეტულ მომენტში ვერ დავიცვა ჩემი თავი, მაგრამ ადამიანების ქცევების შემდეგ მიყალიბდება დამოკიდებულება მათ მიმართ.

გული მაქვს გაცივებული ამ ქალის მიმართ და ვეღარაფერი მომიბრუნებს-თქო, ვფიქრობ.

მესმის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის დედაა, მაგრამ ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?!

მაინტერესებს, რამეში ვტყუი?!

ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?! "

ნათია, 28 წლის