5 ნუცა საჩეჩელაშვილს უამრავი ადამიანი იცნობს. მან საზოგადოებას თავი სხვადასხვა სიმღერის შესანიშნავი შესრულებით გააცნო. ნუცას ვიდეოებს უამრავი ნახვა, გაზიარება და თბილი კომენტარი აქვს. დედა, თიკო მახარაძე გვიყვება, როდის აღმოაჩინა, რომ მის შვილს ამ მიმართულებით ნიჭი ჰქონდა და ელოდა თუ არა მსგავს გამოხმაურებას.
- ნუცა თვეების იყო, როცა ღიღინებდა. დროთა განმავლობაში, საბავშვო სიმღერების მელოდიებს იმეორებდა და წლი-ნახევრის ასაკიდან უცხოური სიმღერების შესრულება დაიწყო. ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული სიმღერების სწავლა დაიწყო. რასაც უსმენდა, ყველაფერს იმახსოვრებდა. ტექსტებს დამოუკიდებლად, როგორც ესმის, სწავლობს. თავადაც ვეხმარები, რომ სწორად წარმოთქვას. იმდენად მონდომებულია, რომ რაღაც სრულყოფილად ისწავლოს, შუა გზაში არასდროს ტოვებს. თავად მომღერალი ვარ, ხშირად მისმენდა, მხედავდა სცენაზე და ჩემთან ერთად მღეროდა. თავიდან, ჩემ მიერ შესრულებული სიმღერების გადამღერება დაიწყო, შემდეგ კი თავისი სურვილის მიხედვით ირჩევდა რეპერტუარს და სწავლობდა. დღემდე ასეა, საკუთარი სურვილით არჩევს და მეც მაქსიმალურად ვეხმარები.
1
- ბავშვობიდან ვმღერი. ფაქტობრივად, სცენაზე პირველად 2,5 წლის ასაკში გავედი და მას შემდეგ, ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად გადაიქცა. ნუცას დაბადებისას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, იმდენად გადავერთეთ ამ საკითხების მოგვარებაზე, რომ სცენას ჩამოვშორდი. ჩემი შვილი მთავარი პრიორიტეტი გახდა. მისი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ნუცას გარდა, კიდევ ერთი შვილი, 7 წლის ლიზა მყავს. ისიც მღერის, მაგრამ უფრო კარგად ხატავს.
- ორსულობის მე-7 თვეში სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთი კვლევით აღმოჩნდა, რომ პლაცენტის აცლა მქონდა. ორივე გადაგვარჩინეს სიკვდილს. აუცილებელი იყო, რომ ოპერაცია სასწრაფოდ ჩატარებულიყო. ნუცა რომ დაიბადა, ჯანმრთელი იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში, სუნთქვის უკმარისობის გამო ჟანგბადის აპარატის დახმარება დასჭირდა. რადგან ნაადრევად დაიბადა, თავის ტვინი და სხვადასხვა ორგანო ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, თავში კაპილარი გაუსკდა და ტვინი დაუზიანდა. ამის შემდეგ ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ეს პრობლემა თანდაყოლილი არ ყოფილა. თავიდანვე ინფორმირებულები ვიყავით, რომ დროული ჩარევა იყო საჭირო. 6 თვის ასაკში ერთ-ერთ ცენტრში მივიყვანე და დავიწყეთ ვარჯიშები. მას შემდეგ, დღემდე ვარჯიშობს, მეტყველების თერაპიას, ფიზიკურ ვარჯიშებს გადიოდა და მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, რომ არ იცოდნენ, გავლას შეძლებდა თუ არა. მაგრამ, ნუცას მდგომარეობა სასწაულებრივად შეიცვალა და დღემდე ამ გზას გავდივართ.
- ჩემთვის ნუცას ამქვეყნად მოვლენა მთავარი აღმოჩენაა. ხშირად ვამბობ ხოლმე, ალბათ, მარტო იმისთვის ღირდა ჩემი დაბადება, რომ ნუცა გამეჩინა. იმდენად საოცარი და თბილი ადამიანია, ამ ემოციას სხვებსაც გადასცემს. ძალიან პატარა რომ იყო, მაშინაც კი მეუბნებოდნენ, რომ მისგან სხვა, ბევრად უფრო კეთილი ემოცია მოდის. მსგავს გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. არ ვიცი, ამაზე ბედნიერი როდის უნდა ვიყო, იმდენად ამაყი და მადლიერი ვარ ადამიანების, რომლებმაც ჩემი შვილი შეიყვარეს. მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ ნუცა რეალიზებული, ბედნიერი და წარმატებული იყოს.
თამარ იაკობაშვილი