გუშინ დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავმა მთელი საზოგადოება გააერთიანა. გოგონა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ძაღლის ბუდრუგანაში, მძინარე. გავრცელდა ათასნაირი ხმა, თუ რატომ დაიმალა გოგონა და დედამისმა,მარინა ვაშალომიძემ გამოაქვეყნა პოსტი.
- ჩვენი მარიამი კარგადაა! სახლშია, მშობლებთან და საკუთარ და-ძმასთან ერთად! მადლობა უფალს!
მადლობა თქვენ, კეთილო ადამიანებო, ვინც გულთან ასე მიიტანეთ ჩვენი ოჯახის ამბავი!
მესმის ძალიან დიდია დაინტერესება, თუ რა მოხდა, რა გახდა მიზეზი, რომ ბავშვი დაიმალა და მისი მეგობარი ძაღლის სახლში ჩაეძინა. მარიამი იზრდება სიყვარულით სავსე ოჯახში, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია. თითქოს ძვირად ღირებული მობილური დაკარგა და ამის გამო მას ეჩხუბნენ, (მობილური ნამდვილად დარჩა ეზოში, რომლის ღირებულებაც 40 ლარს არ აღემატება) მსგავსი თემა არასდროს ყოფილა ოჯახში კონფლიქტის საბაბი. ამდრომდე ჩვენთვისაც უცნობია რა გახდა რეალურად მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი.მარიამი ემოციური, ცხოველებისა და თავგადასავლების მოყვარული გოგონაა. თუთიყუშებისა და ქამელეონების გარდა გვყავს ეზოდან "დროებით აღზრდაში"აყვანილი ზღარბები, კუები, ხვლიკები, ტრიტონი (ბახმაროდან ჩამოყვანილი), ჩოქელები, კალიები, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ბუნებაშივე ვაბრუნებთ. არც მარიამის საწოლის ქვეშ, მისსავე ტანსაცმელებში ჩაფუმფულებული ფეხმოტეხილი ლეკვის დანახვა გვაკვირვებს, რომელიც ბებოსთან ბედნიერად გაჩუქდა. ასე ვცხოვრობთ მარიამის ხათრით ყველანი ერთ დიდ ოჯახად. გუშინწინ მოუკვდა ბარტყი, რომელსაც უვლიდა და ეს მისთვის ძალიან სტრესული ემოცია იყო.გუშინდელმა დღემ გვაჩვენა რომუამრავი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ოჯახს, ვმუშაობთ გამოცდილ სპეციალისტებთან და ახლობლებთან ერთად, დარწმუნებულები ვართ მარიამთან ერთად ვიპოვით მიზეზებს და საუკეთესო გამოსავალს.მადლიერი ვარ და მიყვარხართ ყველა, ვინც ჩვენთან ერთად იდექით, დიდი თუ პატარა, მაშველი თუ პოლიციელი, ჩინოსანი თუ უბრალოდ გულანთებული ადამიანი! კინოლოგების ძაღლი, რომელმაც კვალზეც გაგვიყვანა!ბიჭები, რომლებმაც ჩვენი პეპი იპოვნეს! ამ ჯადოსნურ ღამეს უბანში არ დარჩენილა არც ერთი ბუჩქი, ხის ძირი და კუთხე- კუნჭული, რომელსაც ციცინათელები არ ანათებდნენ.მადლობა ამ ერთობისთვის და სიყვარულისთვის! მადლობა, რომ ამ ღამით ჩვენი მარიამი ყოველი თქვენგანის შვილად, დად და შვილიშვილად იქცა! მადლობა დიდ დიღომს და მთელ თბილისს გვერდში დგომისთვის!"