როდიდან იგეგმება მეტროსადგურ "ვარკეთილის" დახურვა და რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია - მშობლები

როდიდან იგეგმება მეტროსადგურ "ვარკეთილის" დახურვა და რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია

2023-06-19 11:08:49+04:00

ბოლო დროს დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება გართულებულია, იქმნება საცობი და ადამიანები სასურველ ადგილამდე მისასვლელად უამრავ დროს ხარჯავენ. სწორედ ამ დროს კიდევ უფრო პრობლემურია ერთ-ერთი დატვირთული მეტროსადგურის - "ვარკეთილის" რეაბილიტაციის საკითხი. როგორც იცით, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ მეტროსადგური "ვარკეთილი", ჭერის რეაბილიტაციის მიზნით, ზაფხულში 2 თვით დაიხურება.

"ვარკეთილის" დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. ეს იქნება დაახლოებით ივლისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით, ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად", - აღნიშნა მაშინ დედაქალაქის მერმა.

დავინტერესდით, ახლა რა ეტაპზეა "ვარკეთილის" პროექტის განხილვა და როდიდან იგეგმება მეტროსადგურის დახურვა. შეკითხვით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მივმართეთ:

"როგორც იყო დაანონსებული, დაახლოებით, ასე იგეგმება. ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. თუკი ივლისი-აგვისტოში მეტროსადგურის მომსახურების შეჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გავავრცელებთ", - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თამარ იაკობაშვილი