არსებობს კერძები, რომლებსაც ყველა ოჯახში ამზადებენ და რომლებიც ყველასთვის ბავშვობიდან ნაცნობია. საუბარია კარტოფილზე, უფრო სწორედ, კარტოფილის პიურეზე. დღემდე ვერ მოახერხეს, რომ ეს რბილი და ხავერდოვანი კონსისტენციის კერძი ნახევარფაბრიკატად ექციათ. კარტოფილის სტრუქტურა ვერ გარდაიქმნება ნახევარფაბრიკატებად და ვერც ბლენდერით სწრად დამუშავებას იტანს. ის საუკეთესოა დასრესილ მდგომარეობაში.
მსოფლიოს ყველა კულინარიული წიგნი პიურესთვის რეკომენდაციას ფხვიერ კარტოფილს უწევს. ამ ჯიშებს ბევრი სახამებელი და მცირე ტენიანობა აქვთ და ადვილად იხარშება. თუ კარტოფილზე მწვანე ლაქები შენიშნეთ, ის უნდა გადააგდოთ. არ სცადოთ სიმწვანეების ამოჭრა. მწვანე ლაქები სოლანინის მაღალი შემცველობის მანიშნებელია, როცა კარტოფილი დიდხანს ინახება სინათლეზე. სოლანინი შხამიანია და მისი განეიტრალება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია.
პიურეს მომზადებისას მსოფლიოში ორ მიდგომას ვხვდებით: ზოგს ურჩევნია კარტოფილის მოხარშვა ცივ წყალში დაიწყოს, ზოგი კი მას მდუღარე წყალში ათავსებს. გემოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მდუღარეში მოხარშვით მეტ ვიტამინს შეინარჩუნებთ.
კარტოფილი ბევრ წყალში არ უნდა მოიხარშოს, წყლის ფენა ზემოდან არაუმეტეს 1,5-2 სმ სისქეზე უნდა იდგეს, მდუღარე წყალში ცოტა მარილს ვყრით, მოგვიანებით პიურეს კვლავ შეგიძლიათ მარილი დაამატოთ, თუ არასაკმარისად მოგეჩვენებათ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი: შეგიძლიათ ხარშვისას როზმარინი და დაფნის ფოთოლი დაამატოთ. მომზადების ბოლოს ამოიღეთ ეს მცენარეები.
ასე რომ, კარტოფილი მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე და თუ გაუჩნდა, მოხადეთ ქაფი. პერიოდულად ვამოწმებთ ჩანგლით ან დანით: თუ წვერი ადვილად შედის და გამოდის, ნიშნავს, რომ კარტოფილი მზადაა. ქვაბიდან გადავწურავთ წყალს და ვასხამთ ცხიმიან რძეს ან ნაღებს. ვამატებთ კარაქს. პიურეს გემრიელობა დიდწილადაა დამოკიდებული ცხიმის ხარისხდა და მის რაოდენობაზე. 1 კგ კარტოფილზე 200-250 გრ კარაქი სჭირდება.
როგორც კი წყალს გადავწურავთ, კარტოფილიან ქვაბს დაუყოვნებლივ ვაბრუნებთ ნელ ცეცხლზე - მხოლოდ რამდენიმე წამით, რომ შეშრეს. ამის შემდეგ ვიწყებთ კარტოფილის ჭყლეტას. როდესაც მთლიანი მასა უკვე პიურედ გადაიქცევა, დავამატოთ კარაქი და განვაგრძოთ მორევა. ამ დროს ნელ-ნელა დავამატოთ ცხელი რძე ან ნაღები იმდენი, რომ არც ძალიან გათხელდეს და არც ძალიან სქელი გამოვიდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კარტოფილის ტიპზე. ვურევთ და ჩვეულებრივი მოხარშული კარტოფილი ჩვენს თვალწინ ხავერდოვან ღრუბლად იქცევა. მოვაყაროთ მარილი, შავი დაფქული პილპილი. ძალიან უხდება მუსკატის კაკალი.