ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების აქცია გრძელდება და სულ უფრო რადიკალურ ფორმებს იძენს. რამდენიმე მაღაროელი შიმშილობს, ერთმა პირი ამოიკერა, ერთ-ერთმა მაღაროელმა კი თვალები ამოიკერა და არ აპირებს თვალების გახელას, სანამ ეს მდგომარეობა იქნება მათ გარშემო. სწორედ ამ ამბის შესახებ წერს წარმატებული სტუდენტი მარიამ ჯაფარიძე, რომელიც ჭიათურიდან არის წარმოშობით:
"ჭიათურაში მაღაროელმა თვალები ამოიკერა! ეს კაცი არის საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის სახე!
რაც თავი და ჭიათურა მახსოვს ერთი და იგივე ხდება. ეს არ არის პირველი გაფიცვა, მაგრამ თუ დღეს მაღაროელებს გვერდში არ დავუდგებით, არც უკანასკნელი იქნება. სახელმწიფო პირველ რიგშია ვალდებული მაღაროელების მოთხოვნები დააკმაყოფილოს სრულად! მაგრამ ხალხიც თუ ერთად არ დავდექით, არაფერი გამოვა!..
სადაც არუნდა წავიდე, ქვეყნისა და მსოფლიოს რომელ წერტილშიც, ყველგან პირველი იმას იგებენ ჩემზე, რომ საქართველოდან ვარ (იმ ჯორჯიიდან, რომლის 20%-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებული) და ქალაქ ჭიათურაში გავიზრდე.ყველგან ვსაუბრობ ჭიათურის პრობლემებზე. ნებისმიერ დონეზე.ყველამ იცის, რა ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჰოდა ახლა წამოიდგინეთ, თბილისში ვარ, საბაკალავროს ვწერ და ამ საშინელ ამბებს ვიგებ. თქვენ რა გგონიათ, პირველი შემთხვევაა ეს? წლებია მაღაროელები იფიცებიან და მათი მოთხოვნები არის უცვლელი. ეს მოთხოვნები არის ყველაზე ელემენტალური, რაც კი ადამიანმა შეიძლება მოითხოვოს. ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა თუ არ გაინტერესებთ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზეა საუბარი. მე გავიზარდე ამ ქალაქში, რომელსაც მკვდარ ქალაქს ეძახიან. გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახს არც მანგანუმის მოპოვების ბიზნესთან ჰქონია შეხება და არც ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობდა უშუალოდ მაღაროში. მართლა დიდი გამართლებაა ჭიათურაში ეს. მაღაროში ძირითადად მუნიციპალიტეტის სოფლებიდან არის მოსახლეობა დასაქმებული. ნებისმიერი სამუშაო დღე მათთვის უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. დიახ, იმაზე დიდ რისკთან, ვიდრე თავად ცხოვრება ჭიათურაში, სადაც სოფლები გადათხრილია, კლდეები გადახსნილი, წყალი შავი, ჰაერი ბინძური, ხალხს კიდევ სახლები თავზე ენგრევა. მე რომ ჩავდივარ, ხველება მახრჩობს ჰაერის გამო…უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ერთმა ლექტორმა მითხრა: აა, ჭიათურიდან ხარ? უი, ჩერნობილს მაგონებს ეგ ქალაქიო. მაშინ ისე გავმწარდი, ცრემლები მახრჩობდა. როგორ, ჩემთვის ულამაზესი ქალაქი ჩერნობილს როგორ შემიდარეს-თქო… მაგრამ, ფაქტია, ჭიათურის პრობლემები და ის დაჭაობებული სისტემა, რომელიც ქალაქისა და ხალხის მასობრივი განადგურების ხარჯზე მცირე რაოდენობის ადამიანთა კეთილდღეობაზეა მხოლოდ ორიენტირებული, ხელისუფლებიდან ხელისუფლებას, ხელიდან ხელს და მმართველიდან მმართველს გადაეცემა. ჭიათურის პრობლემები არ არის ახალი და ზუსტად ამიტომ არის სასწრაფო რეაგირება საჭირო.
ჭიათურაში გარეთ გამოსვლა და რამის გაპროტესტება გმირობის ტოლფასი მგონია. ქალაქში ყველა ყველას იცნობს, თან ნაკლები შანსია მასიურად დაგიდგეს ხალხი გვერდით, რადგან ერთადერთი მინიმალური შემოსავლის დაკარგვის ყველას ეშინია. არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც... ჰოდა, როგორ უნდა გიჭირდეს და რა უკიდურეს დონემდე უნდა იყო მისული, პირი და თვალები ამოიკერო?! დღეს თუ არ დავუდექით მაღაროელებს გვერდში, ხვალინდელი დღე აღარ იარსებებს, არც მათთვის და არც ჭიათურისთვის. ადამიანები არ კმარა და ქალაქი უნდა ჩაგვაკვდეს ხელში?! დროა მივხვდეთ, რომ ქვეყნის ძირითადი ძალა რეგიონებშია თავმოყრილი.
სახალხო დამცველისა და ხელისუფლების უმოქმედობაზე რაღა უნდა ვთქვა. პრიორიტეტები და ორიენტაცია ცალსახაა: ჰეფი მილი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ადამიანი. თუმცა ის, რომ აღარაფერი გვაკვირვებს, არ ნიშნავს რომ რეაქციის უნარი დავკარგოთ. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ მედიებიც ამ ხელოვნურ ვექტორებს მიყვებიან. ეს დღეები ყველაზე ნაკლებად აშუქებენ ჭიათურის ამბებს. საერთაშორისო მედიაც კი დაინტერესდა ამ ამბებით და უკვე ამზადებენ სტატიებს. დასანანია, ქართველს ქართველის ყველაზე ნაკლებად თუ სტკივა".