ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ცოლი ჯამილე-სადატ ალამოლჰოდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობს. ვენესუელაში ვიზიტის დროს ადგილობრივ ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ. სწორედ ამ ინტერვიუში თქვა, რომ "ძალადობის მაგალითია" ქალების ვალდებულება, ისწავლონ და იმუშაონ მამაკაცების თანაბრად.
ჯამილას თქმით, ქვეყნების მთავრობები ქალებზე სექსუალიზირებულ ძალადობას ახორციელებენ, როცა მათ რთავენ ნებას, იმუშაონ და ისწავლონ "თავისუფლების საბაბით". მისივე თქმით, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ძირითადად ყოფით ძალადობაზე აკეთებენ აქცენტებს, როცა "გაცილებით საშიშია ორგანიზებული ძალადობა ოჯახს გარეთ".
"ჩვენ გვინდა, რომ ქალი ქალად დარჩეს. რატომ უნდა დაემსგავსონ კაცებს? რატომ უნდა ვისწავლოთ, ვიმუშაოთ ან ვიცხოვროთ კაცებივით? ეს ძალადობის ფორმაა", - აღნიშნა ჯამილამ.
მასვე დაუსვეს შეკითხვა შარშან ირანში მოკლული გოგონას, 22 წლის მაჰსა ამინის შესახებ, რომელიც პოლიციელებმა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო სიკვდილამდე სცემეს და ამას მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირანში. ჯამილას თქმით, "მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება 22 წლის გოგონას სიკვდილისადმი, მასმედიის ყალბი აურზაური იყო".