არაჩვეულებრივ საზაფხულო საბავშვო საკითხავ წიგნზე „საოცნებო მშობლები“ „პალიტრა L“ საქველმოქმედო აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გრძელდება. წიგნის ახალი ტირაჟი სპეციალურად აქციისთვის დაიბეჭდა. ის მსოფლიოს ბესტსელერი და თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნიმუშია. წიგნის ავტორი დევიდ ბედიელი ცნობილია საინტერესო სიუჟეტებით, სხარტი და მხიარული ტექსტებით, შესაბამისად, ის ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი საკითხავია.
ბედიელის შემოქმედება და კონკრეტულად „საოცნებო მშობლები“ ეხმაურება თანამედროვე ბავშვებსა და მათ მშობლებს, და-ძმებსა თუ მეგობრებს შორის არსებულ ურთიერთობებს, საოცრად რეალისტურად წარმოაჩენს მათ ყოველდღიურ რეალობას და ამავდროულად არ ივიწყებს ცოტა ჯადოსნობასაც.
„საოცნებო მშობლები“ საინტერესო საკითხავია როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის, რომლებიც შვილებთან საერთო ენის გამონახვას, მათი ინტერესების შესახებ მეტის გაგებას ცდილობენ.
„პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია მდგომარეობს იმაში, რომ წიგნს არ აქვს ფიქსირებული ღირებულება და ადამიანები მას მათთვის სასურველ თანხად შეიძენენ. ეს შეიძლება იყოს 1 ლარიც კი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წიგნში 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება სოფლის პირველადი სამედიცინო დახმარების ფონდში, ხოლო 10 ლარზე ზემოთ თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „პალიტრა L“ საქველმოქმედო აქციას მართავს. მკითხველთან ერთად გამომცემლობა უკვე დაეხმარა სტუდენტებსა და უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. ამჯერად კი შემოსული თანხა სოფლების პირველადი სამედიცინო საშუალებებით მომარაგებას მოხმარდება.
შეგახსენებთ, რომ აქცია წიგნის მარაგის ამოწურვამდე გაგრძელდება.
R