"...როცა მშობელი იგებს, რომ მისი შვილი აუტისტია, რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია: დიაგნოზის უარყოფა, უსამართლობის განცდის ფონზე სამყაროს/განგების/ადამიანების მიმართ ბრაზი. ბრძოლის სურვილი და საბოლოოდ დიაგნოზის მიღება, გზების ძიება, რომ საკუთარ შვილს ისეთი გარემო შეუქმნას, სადაც თავის უნარებს მაქსიმალურად გამოავლენს და ბედნიერი იქნება. ეს გზა რთულია, რადგან არ ვჯდებით საზოგადოების ჩარჩოებში, რომელსაც განსხვავებული ადამიანი ისედაც არ უყვარს და აშინებს. მეორე უკიდურესობაა, როცა ადამიანები გაგრძნობინებენ, რომ ეცოდებით და ჰგონიათ, მათი მხრიდან ქველმოქმედებაა, თუ ბაღში, სკოლაში ან ზოგადად, საზოგადოებაში მიგვიღეს. რეალურად კი ნებისმიერი შშმ (არა მარტო აუტისტი) ბავშვი საზოგადოების განვითარების დონის გამომამჟღავნებელი ინდიკატორია, რადგან მათდამი დამოკიდებულება ნათლად აჩვენებს, რა ემოციური ინტელექტის პატრონია ესა თუ ის ადამიანი", - ამბობს ნინო ჭინჭარაული, მწერალი, მხატვარი და 2 შვილის დედა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საჯარო ადგილებში ნინოს მიერ შესრულებული მიურალები გამოჩნდა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მიმღებლობის თემას ეხმიანება.
- ბავშვობიდან ვხატავ. რატომღაც ისე გადავწყვიტე, რომ ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მიმეღო. ჩემი ხატვის მასწავლებლის, თამაზ ზაველურის ორგანიზებით, 11 წლის ასაკში თიანეთის ბიბლიოთეკაში პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა. ბებიაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა და 3 თვე, არდადეგებზე სოფელში ჩასული, თავისთან ხშირად დავყავდი. გარდა იმისა, რომ ლიტერატურას ვკითხულობდი, თანამშრომლების კარიკატურებს ვხატავდი. ჩემი ნახატები ბატონმა თამაზმა იქვე ნახა, მოეწონა და უთქვამს, ნიჭიერი ბავშვია, მომიყვანეთ და უფასოდ ვასწავლიო. ბიბლიოთეკის სარდაფში იყო მხატვრის სტუდია და სამ თვეში იქ მივიღე საბაზისო ცოდნა - ყველაფერი ბატონმა თამაზმა მასწავლა. შემდეგ თბილისში ცოტა ხნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებულ ხატვის წრეზე დავდიოდი, მაგრამ თავი მალევე დავანებე, რადგან ვთვლი, რომ ბავშვებს ისეთ ყურადღებას არ აქცევდნენ, როგორიც საჭიროა და ამის შემდეგ აღარ დამიხატავს.
- დიახ, ლექსებს, მოთხრობებს... ლიტერატურის სიყვარული ბებიისგან მომყვება. ბიბლიოთეკაში გატარებული დრო ძალიან საინტერესოდ მახსენდება. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, რადგან მეგონა ხატვას ყოველთვის შევძლებდი და ჟურნალისტიკა წერითი უნარების განვითარებაში დამეხმარებოდა, თუმცა 1 წლის მერე მივხვდი, რომ შევცდი - ეს ორი სხვადასხვა რამ იყო. ისე გავიდა წლები, არ დამიხატავს, მაგრამ პანდემიის დროს, როცა სახლში ჯდომისგან გაგიჟებულმა აღარ ვიცოდი, როგორ გამერთო ბავშვები და საკუთარი თავი, შვილების ოთახის მოხატვა დავიწყე, ამას მისაღები მოჰყვა. იმავე პერიოდში გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე. ზუსტად იმ დროს, საოჯახო მეღვინეობის მფლობელმა დავით ჩაჩანიძემ ინტერნეტში ჩემი ნამუშევრები ნახა და ჭიათურაში თავისი მარნის მოხატვა მთხოვა. ასისტენტთან ერთად ვიმუშავე და ამის შემდეგ სხვადასხვა შეკვეთა წამოვიდა. მერე ინსტაგრამზე გვერდიც გავაკეთე, პატარა პორტფოლიო შევქმენი. დღესაც მაქვს შეკვეთები და ჩემს ნახატებს სარეალიზაციოდ მაღაზიაშიც ვაბარებ.
- ორი შვილი მყავს: 12 წლის ლუკა და 8 წლის ალექსანდრე, იგივე ლექსო. ლუკას აქვს აუტისტური სპექტრი, ხოლო ალექსანდრეს ბავშვთა აუტიზმი. ლექსო არავერბალია, ანუ არ მეტყველებს და შესაბამისად, აქტიურ თერაპიებს გადის. ლუკას ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში შევატყვეთ, რომ მზერითი კონტაქტი არ ჰქონდა. ხელში რომ ავიყვანდი და ვეთამაშებოდი, გვერდებზე იყურებოდა. 2010 წელს საერთოდ არ ვიცოდი აუტიზმი რა იყო, ფილმი "წვიმის კაცი" მქონდა ნანახი და ჩემი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ ამით ამოიწურებოდა. შემდეგ ბავშვი ორ სხვადასხვა სპეციალისტთან მყავდა და დიაგნოზი მათ დაადასტურეს. სენსორული პრობლემები ჰქონდა, დაქვეითებული შეგრძნებები და მშობლებისგან ნასწავლ სხვადასხვა სავარჯიშოს მივმართავდი. მაგალითად, ქვაბში წიწიბურას, ბარდას ვყრიდი, ოდნავ დავასველებდი და ის ხელებს ჰკიდებდა, სპეციფიკურ შეგრძნებებს რომ მისჩვეოდა. ბაღში მივიყვანე თუ არა, მალე მეტყველება ინგლისურ ენაზე დაიწყო. დღეს ჩვეულებრივად ლაპარაკობს, თვითგანვითარების არაჩვეულებრივი უნარი აქვს. ინგლისური ინტერნეტით ისწავლა და ახლა ესპანურს სწავლობს. ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია, სკოლაში სპეცმასწავლებელიც არ დასჭირვებია. ყველა საგნით ერთნაირად არ ინტერესდება, სპეციფიკური ინტერესები აქვს. გამორჩეულად უყვარს მათემატიკა და ფიზიკა, ქართული - არა, რადგან წერა არ უყვარს და აგრამატიზმები აქვს, ანუ წინადადებებს ბოლომდე გრამატიკული სიზუსტით ვერ გამოთქვამს. აუტისტური სპექტრი სწორედ ამას ნიშნავს, თუ ბავშვს რამე არ უნდა, ვერაფრით დააინტერესებ, ასეა ლუკაც. კალათბურთზე დავდიოდით, სუსტი აღნაგობა აქვს და ცოტა სწრაფი გავხდები, გავძლიერდებიო. თან განიცდიდა, რომ სკოლაში სპორტის დროს ზოგჯერ ბავშვები არ ათამაშებდნენ. დაახლოებით სამი წელი ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში დავდიოდით, მაგრამ შემდეგ "საქართველოს კარიტასის" უფასო კურსებზე, თამაშების დეველოპმენტზე მივიყვანე და ძალიან მოეწონა. მანამდეც ჰქონდა თავისით ნასწავლი კოდების წერა, ძალიან მოხიბლა თამაშების შექმნაზე მუშაობამ და გადაწყვიტა გეიმ დეველოპერი გახდეს. სექტემბრიდან რამე პროფესიულ კურსებს კიდევ მოვუძებნი, ვნახოთ.
- 8 წლის ალექსანდრეს დღემდე სიტყვა არ უთქვამს გააზრებულად. მთავარი პრობლემა არის ქცევა, რომელიც ბავშვს მოწესრიგებული არ აქვს. ვერ გვაგებინებს, რა უნდა. როცა რამე აწუხებს, ყვირის, ნივთებს ისვრის და ასე ცდილობს ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ძალიან რთულია გაგება, ამ დროს რა საჭიროება აქვს. ფიზიკურად ჰიპერაქტიურია, ეზოში გასეირნების დროს ფეხზე ყოველთვის ბოტასს ვიცვამ და მაქსიმალურად მობილიზებული ვარ, რადგან საკმარისია ხელი გავუშვა, უკანმოუხედავად გარბის და ამ დროს შეუძლია ტრასაზე გადაირბინოს, ძაღლებსა და მანქანებს გაეკიდოს. შარშანწინ მანსარდა-სტუდიოს ტიპის ბინაში ვცხოვრობდით. ერთხელ, დედაჩემმა ოთახში 5 წუთით მარტო დატოვა და მეხუთე სართულის სახურავზე ამძვრალა. შესაბამისად, ის ბინა გავყიდეთ და ვიყიდეთ პირველ სართულზე, სადაც იმ მხრივ მაინც ვარ მშვიდად, რომ ფანჯრიდან არ გადაძვრება. ადრე ბავშვებს საერთოდ არ ეთამაშებოდა, არ აინტერესებდა, სათამაშოებს ერთნაირად ამწკრივებდა, აკაკუნებდა და თავს ამით ირთობდა. მერე თავის ძმასთან თამაშს მიეჩვია, მაგრამ მათი თამაშიც თითქმის ყოველთვის ცემა-ტყეპით სრულდება, რადგან სიცილ-ხარხარში ხელის, ფეხის კვრა და ნივთების სროლა თამაში ჰგონია. ამ ბოლო დროს ბავშვებთან უფრო ურთიერთობს. თბილისში, 198-ე სპეცსკოლაში მივიყვანე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვები სწავლობენ. ინტეგრირებული კლასებია, 5-6 ბავშვით და თითოეულის განვითარება ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ლექსო მუსიკალური ბავშვია და ხელოვნებისკენ მიდრეკილი. სახლის მოხატვა რომ დავიწყე, აღფრთოვანდა. რა მასალასთან შეხებაც დასაშვებია, უარს არ ვეუბნებოდი და ცდილობდა, გუაშის საღებავით ეხატა, ამ თხუპნიაობით ძალიან ბედნიერი იყო. ზოგადად, როცა ბავშვს სენსორული პრობლემები აქვს, აუცილებელია შესაბამისად მიეწოდოს სხვადასხვა შეგრძნება, ფერები, ხმები და მუდმივად ვცდილობ, ეს ვაკეთო. ალექსანდრეს კიდურების გარკვეულ ნაწილებში შეგრძნებები დაქვეითებული აქვს. მაგალითად, შეიძლება ხელი დაიწვას ან გაიჭრას და ამაზე ხმა არ ამოიღოს. ერთხელ ფეხის თითი იღრძო და არც კი უტირია. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. დიაგნოზში კი გვიწერია "ბავშვთა აუტიზმი", მაგრამ არის დეტალები, რომლის გამოც მეც და მისი თერაპევტებიც ვეჭვობთ, ეს ზუსტად ასეა თუ არა. რამდენიმე დღეში თურქეთში, ერთ-ერთ ცნობილ ექიმთან დიაგნოსტიკაზე მიმყავს. ბევრი მშობელი ემადლიერება მას და ვნახოთ, რა პასუხით დავბრუნდებით. განაგრძეთ კითხვა