ხშირად მაკიაჟი, ჩანთა, სამკაულები ხასიათისა და სტილის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხასიათის აღწერისას გაცილებით დიდი მნიშვნელობა თვალის ფერს აქვს. ამიტომაც, დღეს ფსიქოლოგების მიერ შექმნილ ტესტს გაგიზიარებთ, რომელიც თვალის ფერის მიხედვით აღწერს ქალების ხასიათს:
მწვანე თვალები
მწვანე თვალების მფლობელებს შორის ბევრი მიზანდასახული, თავდაჯერებული და ძლიერი ქალია. ხშირად ეს ადამიანები შეუპოვრობითა და სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა სიჯიუტე და არაპროგნოზირებადი ქცევაც ახასიათებთ. ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა „მწვანეთვალება“ და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთ ქალებს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ და საკუთარ თავს ყოველთვის ენდობიან. საყვარელი ადამიანების რჩევებსაც იზიარებენ, მაგრამ მაინც იმას აკეთებენ, რასაც თავად თვლიან სწორად. მათ მკვეთრი და პირდაპირი დაპირისპირებები არ უყვართ. ამიტომ, ცდილობენ, კონფლიქტურ სიტუაციებს გვერდი აუარონ.
მწვანე თვალების მქონე ქალები საკუთარ თავს აფასებენ და პარტნიორსაც დიდ მოთხოვნებს უყენებენ. საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანები არიან და თავიანთი ქმედებების შედეგის გამოცნობა წინასწარ შეუძლიათ.
მუქის ყავისფერი, შავი თვალები
მუქი ფერის თვალების მქონე ქალები იმდენად ენერგიული და ტემპერამენტიანები არიან, რომ ამ მუხტს სხვებსაც გადასცემენ და ყველას ყურადღებას იპყრობენ. ყურადღების ცენტრში ყოფნაც უყვართ და ამავდროულად, მოსწონთ, როდესაც აქებენ. ფსიქოლოგების თქმით, მათ მუდმივად სჭირდებათ იმის დადასტურება, რომ ყველაზე ლამაზები და ჭკვიანები არიან. ეს ქალები ხშირად ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, ლიდერული უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან და ზუსტად იციან, რისი მიღწევა სურთ. ამავდროულად, საკმაოდ მგრძნობიარე და იმპულსური ადამიანები არიან, თუმცა წყენას გულში არ იდებენ. ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან. შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ და რთულ ცხოვრებისეულ გამოწვევებს სწორედ ეს ხდება ხოლმე მაშველი. არ უყვართ, როდესაც ვინმე რაიმეს აიძულებს და თავისუფლებას არიან მიჩვეულნი.
ღია ყავისფერი (თხილისფერი) თვალები
მსგავსი ტიპის თვალების მქონე ქალები წინა შემთხვევისაგან აბსოლუტურად განსხვავდებიან. ისინი ბევრად მორცხვი, თავშეკავებული და მოზომილი ადამიანები არიან. ძალიან ბევრს ფიქრობენ სხვებზე და იმაზეც, თუ რა იქნება მომავალში. მეოცნებე და ნაზი ბუნების მქონე ადამიანები არიან. აფასებენ სიყვარულსა და ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით მორცხვი და შესაძლოა, ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ, სწორედ მათ მიანდობენ ხოლმე ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების გაკეთებას, რადგანაც ისინი მსგავს დავალებებს შესანიშნავად ასრულებენ. თუმცა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში სიზარმაცისკენ არიან მიდრეკილნი და მალევე კარგავენ მოტივაციას. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ კონფლიქტები თავიდან აირიდონ. უსმენენ სხვების აზრს, თავს უქნევენ, მაგრამ საკითხებს თავისებურად ჭრიან.
ცისფერი თვალები
ცისფერი თვალების მქონე ქალები იმდენად მეოცნებე და რომანტიკოსები არიან, რომ თუ მათ ცხოვრებას რეალური გრძნობები და ემოციები აკლია, გამოგონება შეუძლიათ. ისინი თავიანთი ცხოვრების ნამდვილი სიყვარულის პოვნას სწრაფადვე ვერ ახერხებენ. ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ამიტომ მათი წყენინება უმარტივესია, პატიების მოპოვება კი რთული. ცისფერი თვალების მქონე ქალები, როგორც წესი, წყენას კარგად იმახსოვრებენ და რამდენიმე წლის შემდეგაც კი ზუსტი სიტყვებითა და ინტონაციით შეუძლიათ გაიმეორონ ის სიტყვები, რომლებითაც აწყენინეთ. მათი გუნება-განწყობილება ძალიან სწრაფად იცვლება და შეიძლება ითქვას, რომ დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. შესაძლოა, პრობლემა თავადაც გამოიგონონ და ამის გამო ჩავარდნენ დეპრესიაში. ხშირად სრულიად მოულოდნელად სხვადასხვა ნიჭს ავლენენ. ამ ადამიანების საოცარი ნიჭია, რომ სხვადასხვა პირობასთან სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ.
ლურჯი თვალები
ლურჯი თვალების მქონე ქალები ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან და თუკი ვინმე შეუყვარდებათ, შეუძლიათ, თავით "გადაეშვნენ“ ამ გრძნობაში. მაგრამ, ის, ვინც არ მოსწონთ, არ ეპირფერებიან და ყალბი გრძნობებით არ გამოირჩევიან. ეს ქალები მზად არიან, არავის არაფერი დაუთმონ და კამათში შეჰყვნენ მათ, ვინც იმსახურებს. კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება არ უჭირთ, პირიქით, თავს შესანიშნავად გრძნობენ. ძალიან ძლიერი ადამიანები არიან, თუმცა ხშირად მათი შეფასებები არაობიექტურია. ძირითადად ხელმძღვანელობენ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და არა გონებით.
ნაცრისფერი თვალები
მოაზროვნე, ცნობისმოყვარე, კეთილსინდისიერი - ასე ახასიათებენ ნაცრისფერი თვალების მქონე ადამიანებს. როგორც წესი, ისინი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, კარგად იაზრებენ და მოსალოდნელ შედეგებზეც ფიქრობენ. საკუთარ პირად ცხოვრებასა და გრძნობებზე საჯაროდ არ საუბრობენ და ურჩევნიათ, გარკვეული საკითხები დაფარულად დატოვონ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი გადაწყვეტილებებს ემოციებითა და გრძნობებით კი არა, არამედ გონებით იღებენ. ამიტომაც, ზოგჯერ მათზე ამბობენ, რომ ცივი ადამიანები არიან. თუმცა, კომუნიკაცია, მხარდაჭერა კარგად გამოსდით და განსაკუთრებით უყვართ მათთან საუბარი, ვინც ემოციურად აბალანსებს.
მონაცრისფრო-მოცისფრო თვალები
ასეთი თვალების მფლობელების ხასიათში ნაცრისფერი და ცისფერი თვალების მქონე ქალების თვისებებია შერწყმული. გამოირჩევიან ურყევი სიმშვიდით, თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით. მათი განრიგიდან ამოგდება ძალიან ძნელია! გარდა ამისა, ამ ადამიანებს გაძლიერებული სამართლიანობის გრძნობა, განვითარებული ინტუიცია და მოქნილი, არასტანდარტული აზროვნება აქვთ. ცდილობენ, ყველაფერს ცივი გონებით შეხედონ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ის ქალები, რომლებსაც მონაცრისფრო-მოცისფრო თვალები აქვთ, შესანიშნავი ცოლები არიან - გამოირჩევიან ერთგულებით, თავდადებით და არც გადაჭარბებულ სენტიმენტებს განიცდიან. ამ ადამიანებს რჩევებისთვის ხშირად მიმართავენ, რადგანაც მათ შეუძლიათ, ყველაზე არახელსაყრელი სიტუაციიდანაც კი გამოსავალი იპოვონ.
მუქი მწვანე თვალები
მუქი-მწვანე თვალების მქონე ქალები მომთმენი, შრომისმოყვარე და პრაგმატული ადამიანები არიან. თანაგრძნობის შესანიშნავი უნარი აქვთ და სხვისი გამოცდილების გაზიარებაც კარგად შეუძლიათ. ძალიან კარგი მსმენელები არიან, სწორედ ამიტომაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ და ემოციების გამოხატვა სურთ, სწორედ მათთან გარბიან და საკუთარ დარდსა და პრობლემებს უზიარებენ. ფაქტობრივად, ფსიქოთერაპევტის როლს სრულიად უსასყიდლოდ ასრულებენ. მათ იციან, როგორ მოუსმინონ საკუთარ ინტუიციასაც და გონებასაც. შეუძლიათ, ძალიან მგრძნობიარე ადამიანებიც იყვნენ და სასტიკებიც. მიუხედავად იმისა, რომ თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოხატვა ძალიან კარგად შეუძლიათ, ჯობს, მისი პირადი ხაზები არ გადაკვეთოთ! ასეთ დროს ისინი ძალიან სასტიკები არიან.
ნაცრისფერი, ყავისფერი, მწვანე - ე.წ. ჭროღა, ჭრელი ფერის თვალები
გარდამავალი ფერის თვალების მქონე ქალები, გარკვეულწილად, დაბნეული ადამიანები არიან და საკუთარ თავში დაეჭვების უნარით გამოირჩევიან. მათთვის გადაწყვეტილებების მიღება ძალიან რთული და მტკივნეულია. ხშირად მორცხვები არიან, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ და სჭირდებათ ძლიერი ადამიანი, ვისაც დაეყრდნობიან და რჩევებს გაითვალისწინებენ.