ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი პირველი არხის ეთერში მოზარდებისა და უფროსების დამოკიდებულებაზე საუბრობს და განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობელმა შვილთან სწორი კომუნიკაცია დაამყაროს და საკუთარი შეცდომებიც აღიაროს:
- ადამიანს საკუთარი თავის გარედან შეფასება და იმის აღიარება უნდა შეეძლოს, რომ ზედმეტი მოუვიდა. ამის შემდეგ კი სიტყვა ,,მაპატიე“ და კომუნიკაციის სურვილის გამოხატვა უნდა მოდიოდეს. სხვა შემთხვევაში, თუ ამას საუბარი და გარკვევა არ მოჰყვა, კონფლიქტი გადაუჭრელი იქნება. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა სურვილები აქვს მოზარდს და ამავდროულად, იმის დეკლარირება და წარდგენა უფროსებისაგან, თუ რა შეუძლია ოჯახს, რაზე დაჰყვება და რაზე - არა. ხშირად კომუნიკაციის ნაკლებობა დაძაბულობას იწვევს. სწორედ კომუნიკაცია განსაზღვრავს ცუდ და კარგ ქცევას. თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, შვილებისთვის დროს არ გამოვნახავთ, მხარდაჭერისთვის ვერ მოვიცლით, ან არ შეგვეძლება, რომ დავაცადოთ, ხანდახან 1-2 საათი ოთახიდან არ გამოვიდეს იმიტომ, რომ ასე ურჩევნია, ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ცუდ ქცევას მივიღებთ.