ეს ემოციური მილოცვა მამამთილმა - გია სიხარულიძემ, მიუძღვნა რძალს - ანუკი კუპრაშვილს:
მოვიდა 4 ივლისიც. დადგა ჩემი ანუკის დაბადების დღე. 24 წლის გახდა. ფბ-ს მოგონებებს გადავხედე, 2017 წლიდან ვულოცავ და ეს მილოცვა ამოვარჩიე, ყველაზე უფრო მომხვდა გულს და მომეწონა, ცოტა ჩავასწორე და ამ სიტყვებს ისევ გავიმეორებ დიდი სიყვარულით:
ანუკი ჩემი რძალია, ჩემი ალექსანდრეს მეუღლე, რძლად შემოსული და შვილად მიღებული გმირი დედა - 4 წლისა და 9 თვის ულამაზესი ტაისიას და 2 წლისა და 3 თვის სანის დედიკო. პატარა, ლამაზი ოჯახის პატარა და კოპწია დიასახლისი, სტუდენტი, რომელიც ყველაფერს ასწრებს და ქმარ-შვილი მოწესრიგებულ დალამაზებული ჰყავს მუდამ. უახლოესმა მეგობრებმა იციან მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება - მყოლოდა ქალიშვილი, მამის გული და სული, ერთად გვესეირნა, გვევლო თეატრში, კინოში, გვქონოდა პატარ-პატარა საიდუმლოებები დედისგან მალულად, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთადერთი ვაჟის ანაბარა დავრჩით. მერე იმაზე დავიწყე ოცნება, რომ რძალი შემხვედროდა ისეთი, რომელიც მის მშობლებს სიგიჟემდე ეყვარებოდათ, მასზე გაგიჟდებოდნენ, დატკბებოდნენ მისით, გააღმერთებდნენ, ასწავლიდნენ საკუთარი თავის სიყვარულს, რადგან სხვანაირად სხვასაც ვერ შეიყვარებ.
ანუკი, მა, ჩვენ გავზარდეთ შვილი და დადგა ეს დღეც, როცა ის შენ შეგხვდა და შეგიყვარა, გაღიარა და მიგიღო დედოფლად. ჩვენთან მოგიყვანა, გაგვაცნო შენი თავი და მე უკვე მაშინ მივხვდი, რომ ახდა ჩემი ოცნება და მე ახლა მყავს ქალიშვილი, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა რომ მყოლოდა. ანუკი, შვილო, ჩვენ გავზარდეთ ალექსანდრე, ვასწავლეთ ადამიანობა, მივეცით ყველაფერი, რაც შეგვეძლო, ვიცავდით მის სიმშვიდეს და დადგა ის დრო, როცა ჩვენი ადგილი შენ დაიკავე. ამიერიდან სიმშვიდეს ჩვენს მაგივრად შენთან მოძებნის, შენი თვალები დაამშვიდებს და შენი გული იქცევა მის ნავსაყუდელად. ახლა უკვე თავად ხართ მშობლები, გყავთ არაჩვეულებრივი ტაისია, არაჩვეულებრივი სანი და მაინც მინდა გითხრათ, მოგეფეროთ, დაგლოცოთ: დაუდექით ერთმანეთს გვერდში და გიყვარდეთ ერთმანეთი. იყავით გამბედავები, მაგრამ არასდროს შეგრცხვეთ სხვისთვის დახმარების თხოვნა. კეთილშობილურად გაიაზრეთ ყოველი ნაბიჯი და ამ ნაბიჯზე ეცადეთ, რომ სხვებიც ატაროთ. მინდა. რომ რწმენა გამოძრავებდეთ - საკუთარი თავის და საკუთარი შეძლების რწმენა. ეს მოგცემთ სხვისი დახმარების უნარსაც და შნოსაც. მოუსმინეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ საკუთარი აზრები და ეჭვები, ერთად გააანალიზეთ ყველაფერი და ნახავთ, რომ თითოეული თქვენგანი დღითიდღე უკეთესი გახდება. იმედი მაქვს, რომ თქვენ ორნი ააშენებთ საკუთარ ბედნიერებას და არასდროს დაივიწყებთ, თუ როგორ შექმენით ის.
გილოცავ დაბადების დღეს. შორს ხარ ახლა ჩვენგან და შენს მაგივრად შენს განმეორებას, ტაისიას ვეფერები და ყველა ერთად კიდევ შენ სადღეგრძელოს ვსვამთ. იხარე, იბედნიერე და ჯანის სიმრთელე არ მოგიშალოს ღმერთმა. მიყვარხარ და მეამაყები".