რა მოხდება, თუ ბავშვი ბლის კურკებს გადაყლაპავს - მშობლები

რა მოხდება, თუ ბავშვი ბლის კურკებს გადაყლაპავს

2023-07-05 10:33:56+04:00

„ჩემი შვილი 3 წლის 5 თვისაა. წლინახევრიდან ვაძლევთ ბალს, ჯერ წვენის სახით, ახლა უკვე რბილობს. ძალიან უყვარს და სულ მეშინია, მთლიანი არ ჩაიდოს პირში და კურკა არ გადაყლაპოს. რა მოხდება, თუ შემთხვევით ბლის კურკას გადაყლაპავს? და თუ თუ რამდენიმე ჩაყლაპა? რა ასაკშია რეკომენდებული ბავშვებისთვის ბლის მიცემა?“ - ეს შეკითხვა ერთ-ერთი მკითხველისგანაა და ვფიქრობთ, მასზე პასუხი ბევრი მშობლისთვის იქნება საინტერესო.

ბალი ბავშვის მენიუში 8 თვიდან შეგიძლიათ ჩართოთ. ამ ასაკში ბავშვი უკვე იცნობს სხვადასხვა ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს. მისი საჭმლის მომნელებელი სისტემა ადაპტირებულია დამატებით საკვებთან და უარყოფითი შედეგების რისკი დაბალია. უფრო ადრეულ ასაკში მიცემამ შესაძლებელია ალერგიული რეაქცია, საკვების აუტანლობა, მეტეორიზმი და განავლის კონსისტენციის დარღვევა გამოიწვიოს. წლამდე ბავშვს უფრო ღია ფერის ჯიშების ბალი შესთავაზეთ, რომელშიც პოტენციური ალერგენების შემცველობა მინიმალურია.

როგორ გავაცნოთ ბავშვს ბალი?

  • პირველ დღეს რეკომენდებულია ბავშვს რამდენიმე წვეთი ბლის წვენი. თუ მან კარგად მიიღო ახალი პროდუქტი, მაშინ მეორე დღეს შეგიძლიათ შესთავაზოთ რბილობი კანის გარეშე. რბილობი შეიცავს დიდი რაოდენობით უხეში ბოჭკოს, რამაც შეიძლება ბავშვის კუჭ-ნაწლავი გააღიზიანოს, ამიტომ ვაკვირდებით ბავშვის განავლის კონსისტენციას და რაოდენობას.
  • ერთი წლის ბავშვს ერთ ჭამაზე 3-4 ცალ ბალზე მეტს ნუ მისცემთ, ისიც შუაზე გაჭრილი და კურკაგამოცლილი უნდა იყოს.
  • 2 წლის შემდეგ შეგიძლიათ ბავშვს მთლიანი ნაყოფი მისცეთ, მანამდე აუხსენით, რომ კურკა უნდა გადმოფურთხოს. უმჯობესია აჩვენოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს და გაიმეოროთ რამდენჯერმე.
  • 2-3 წლის ასაკში ბავშვისთვის ბლის დღიური პორცია დაახლოებით 100 გრამია (15-20 ცალი)

ბლის მიმართ ალერგიული რეაქციები იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია. თუ უარყოფითი რეაქციები გამოჩნდება (გამონაყარი, ქავილი, განავლის დარღვევა), უნდა შეაწყვეტინოთ მისი ჭამა, სანამ ყველა სიმპტომი არ გაქრება. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ეცადეთ ბავშვს მცირე რაოდენობით ბალი მისცეთ. თუ რეაქცია განმეორდება, მისი მენიუში ჩართვა რამდენიმე თვით გადადეთ.

რა მოხდება, თუ კურკას ჩაყლაპავს

ბლის კურკა საკმაოდ პატარაა, ზედაპირი გლუვია და არ აქვს მკვეთრი კიდეები. ის ადვილად ხვდება კუჭში, შემდეგ ნაწლავებში და ბუნებრივად გამოდის. შემთხვევით გადაყლაპულ კურკას არ შეუძლია არც ზრდასრულს და არც ბავშვს ზიანი მიაყენოს. თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი მთელ მუჭა კურკას არ გადაყლაპავს. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ნაწლავის გაუვალობა ან აპენდიციტის გამწვავება. ორივე შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმს უნდა მიმართოთ.

გადაყლაპული კურკა არც ჰიდროციანმჟავით მოწამვლას გამოიწვევს. მართალია ბლის კურკა, შეიცავს ნივთიერება ამიგდალინს (ვიტამინი B17), რომელიც გარკვეულ პირობებში, ორ მოლეკულად იშლება და აქედან ერთი ჰიდროციანმჟავაა. მაგრამ ამ მჟავით მოწამვლისთვის ან ძალიან დიდი რაოდენობით კურკა უნდა გადაყლაპოთ, ან საფუძვლიანად დაღეჭოთ და მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ნაწლავებში უნდა დარჩეს. ასეთი სცენარი კი დაგვერწმუნებით, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაშია მოსალოდნელი.