"ჩემი დრო მოვიდა..." - დემნა გვასალიას ძმა მადონასთან მუშაობს და სუპერვარსკვლავობისთვის ემზადება - მშობლები

"ჩემი დრო მოვიდა..." - დემნა გვასალიას ძმა მადონასთან მუშაობს და სუპერვარსკვლავობისთვის ემზადება

2023-07-08 12:12:04+04:00

Vetements-ი ერთ დროს ძმებმა ერთად დააარსეს. ახლა ამ ფირმის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიას უმცროსი ძმა გურამია. 37 წლის დიზაინერმა The New York Times-თან ისაუბრა ძმასთან მეტოქეობაზე, მადონასთან თანამშრომლობაზე და კარიერულ ამბიციებზე.

გურამი ამბობს, რომ ბოლო ხუთი თვეა მუშაობს მადონასთან უახლესი ტურის კოსტიუმებზე, რომელიც ცოტა ხნით გადაიდო, რადგან მადონა საავადმყოფოში მოხვდა. გურამმა ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ დიდ პატივად და პრივილეგიად მიაჩნია მისთვის კოსტიუმების შექმნა.

gvasal-1-1688804353.jpg

ცნობილია, რომ მადონამ ერთ დროს დიზაინერ ჟან-პოლ გოტიეს ბედი შეცვალა, მასთან თანამშრომლობით. ახლა გურამსაც იმედი აქვს, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან დიდ შედეგებს მოიტანს სამომავლოდ.

გურამი Vetements-ის კრეატიული დირექტორის პოსტზე 2021 წლიდან არის. აქამდე ის ძირითადად იმით იყო ცნობილი, რომ დემნა გვასალიას ძმაა - "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორის. არადა, Vetements-ი ორივემ ერთად შექმნა და გურამი იყო პასუხისმგებელი ამ მარკის ბრენდად ქცევაზე, ასევე მან გაუთქვა სახელი ფირმას და სოციალურ ქსელშიც 5 მილიონზე მეტი გამომწერი მოაგროვა. "ჩვენ ვქმნიდით სამოსს და ვაკეთებდით იმას, რაც სწორად მიგვაჩნდა. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად. არ იყო ასე, რომ შენ დიზაინერი და მენეჯერი ხარ, მე - მწმენდავი..."

გურამი ამბობს, რომ დადგა დრო, ცნობილი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს. "ჩემი ძმა 6 წლით არის უფროსი. ადრე მას ცხოვრებაში განსაზღვრული შესაძლებლობები ჰქონდა. თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ამ ასაკში, ვფიქრობ, მე საერთო ჯამში გაცილებით დიდი წინსვლა მაქვს".

vetem-pic-32ratio-1200x800-1200x800-1241-1688804353.jpg
Vetements-ის 2024 წლის გაზაფხულის კოლექცია

თავისი აზრის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, გურამმა კიმ კარდაშიანისა და მისი უმცროსი დის, კაილი ჯენერის და ასევე ცნობილი ჩოგბურთელების, ვენუს და სერენა უილიამსების მაგალითები მოიყვანა, როცა ჯერ უფროსები იყვნენ ცნობილები, თუმცა შემდეგ უმცროსებმა გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწიეს.

d41ad87d4589388d7c38824df97fe624-1632846075-1688805123.jpg

დღესდღეობით ძმები ცდილობენ, საზოგადოებაში ცალ-ცალკე გამოჩნდნენ. დემნამ 2021 წლის ბოლოს გვარი მოიხსნა ოფიციალური დასახელებიდან და მხოლოდ დემნად მოიხსენიებენ. გურამი კი მიხვდა, რომ პირადი ამბიციები აქვს და უნდა, მსოფლიო ასპარეზზე თავისი სიტყვა თქვას. მისი ბრენდის ბოლო კოლექციაც საკმაოდ დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. თავად ამბობს, რომ კარლ ლაგერფელდის შთაგონებით შექმნა ეს კოლექცია.

hur0snxfuljvrmfg7gtwhsqlj3mex3rb-1688804352.jpg

როგორც ცნობილია, დემნა და გურამი სოხუმში დაიბადნენ. გურამი 7 წლის იყო, როცა ომი დაიწყო და ოჯახი დევნილად იქცა. ცოტა ხანს თბილისში ცხოვრობდნენ, მერე კი გერმანიაში, დიუსელდორფში გადავიდნენ. 2021 წელს გურამმა თქვა, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭსო. დემნამ კი აღნიშნა, რომ ორიენტაციის გამო სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

მშობლების დაჟინებით, ორივემ ბიზნეს-სკოლა დაამთავრა. გურამმა ლონდონის მოდის კოლეჯში მაგისტრის ხარისხიც აიღო, მერე კი მუშაობდა Burberry-სა და Selfridges-თან. ამასობაში დემნამ Margiela-სა და Louis Vuitton-თან იმუშავა. შემდეგ ძალები გააერთიანეს და Vetements-ი დააარსეს. თუმცა სუპერვარსკვლავად დემნა იქცა, გურამი კი ჩრდილში იდგა.

ახლა გურამი ციურიხში ცხოვრობს, პარტნიორთან ერთად. წლების წინ საკმაოდ მორცხვი იყო და ფოტოების გადაღებაც არ უყვარდა, ბოლო დროს კი იმიჯი შეიცვალა და მეტად ჩანს საზოგადოებაში. უყვარს სათვალე, შავი სამოსი და სამკაულები. აგროვებს ძვირად ღირებულ საათებს, ჩანთებს და მანქანებს. ამჟამად "როლს როისით" დადის. კლუბებშიც ხშირად ხედავენ და ცნობილებთანაც მეობრობს, როგორც ჩანს, სერიოზულად გადაწყვიტა მსოფლიო ბომონდის დაპყრობა.

საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა - დემნა გვასალიას აღიარება
რას საქმიანობს გურამ გვასალია, რომელსაც ნაკლებად იცნობენ საქართველოში? - ძმები გვასალიების მოგონებები საქართველოზე და ტრიუმფი