5 ნიშანი, რომ პლაჟიდან დაბრუნებული ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ - მშობლები

5 ნიშანი, რომ პლაჟიდან დაბრუნებული ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ

2023-07-13 11:02:05+04:00

ზაფხულში ბავშვებს გაუწყლოების მეტი რისკი აქვთ. მზეზე ადამიანის ორგანიზმი იმაზე მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე იღებს და სწორედ ასევე ემართებათ ბავშვებსაც, თუ დიდხანს უწევთ მზეზე ყოფნა. ეს კი ყველაზე ხშირად სანაპიროზე ხდება.

რატომ არის საშიში გაუწყლოება?

სხეულის გაუწყლოებით ყველა ორგანო იტანჯება. ამ დროს სისხლი სქელდება და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ირღვევა. ორგანიზმი ვერ უმკლავდება წყლის ნაკლებობას, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს.

დეჰიდრატაციის შედეგებია თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციონირების დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ასევე იმუნური სისტემის შესუსტება. ძლიერი დეჰიდრატაციის დროს დროული დახმარების არარსებობამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

დეჰიდრატაციის ნიშნები ბავშვებში

საერთო ჯამში, არსებობს 5 ნიშანი, რომელიც მძიმე დეჰიდრატაციაზე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებს:

  • უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა ბავშვში
  • თავბრუსხვევა ადგომისას, რომელიც სიარულშიც გრძელდება
  • შარდის გამუქება - ფერი ხდება მუქი ყვითელი და ბავშვი ნაკლებად ხშირად მიდის ტუალეტში
  • სწრაფი სუნთქვა და/ან პალპიტაცია
  • ბავშვს ტირილის დროს პრაქტიკულად არ აქვს ცრემლები

თუ ყველა ამ ნიშანს აღმოაჩენთ ბავშვში ან საკუთარ თავში, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ერთ-ორ ნიშანს შეამჩნევთ, აუცილებლად დაიწყეთ წყლის ბალანსის შევსება. თუმცა ექიმები გირჩევენ, რომ დალევა მცირე ყლუპებით დაიწყოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან დეჰიდრატაციის რისკი?

დეჰიდრატაციის რისკის თავიდან აცილება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მის შედეგებთან გამკლავება. ამისათვის მარტივი წესი უნდა დაიცვათ: ცხელ ამინდში გარეთ ყოფნა შეზღუდეთ და რაც შეიძლება ხშირად დალიეთ წყალი.

სახლიდან გასვლამდე მიიღეთ ბევრი წყალი. თუ დიდხანს სასეირნოდ მიდიხართ, ბავშვს წყალი ყოველ 10-15 წუთში შესთავაზეთ, რათა ორგანიზმი დატენიანდეს: უმჯობესია დალიოთ ცოტა და ხშირად, რათა უკეთ შეიწოვოს სითხე.