ბავშვთა აუტიზმის განვითარების რისკს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოაკლდა: "გვინდა დავამშვიდოთ მშობლები" - მშობლები

ბავშვთა აუტიზმის განვითარების რისკს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოაკლდა: "გვინდა დავამშვიდოთ მშობლები"

2023-07-19 10:02:33+04:00

მეცნიერები მშობლებს ამშვიდებენ და ადასტურებენ, რომ ეპიდურული ანესთეზია აუტიზმის რისკებზე არ მოქმედებს. არადა ამ ეჭვზე მიუთითებდა მანამდე ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ეპიდურული ანესთეზია აუტიზმის რისკს 37%-ით ზრდიდა. რომელ კვლევას დავუჯეროთ და რა ხდება სინამდვილეში?

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ) და მანიტობის უნივერსიტეტის (კანადა) მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგებმა დაასკვნა, რომ მშობიარობის დროს ეპიდურული ანესთეზია არ ზრდის აუტიზმის რისკს ბავშვში. შესაბამისი სტატია ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

როგორც აღვნიშნეთ, ახალი კვლევის მიზეზი ამ თემაზე ჩატარებული სხვა კვლევის შედეგები გახდა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მის მიხედვით, ეპიდურული ანესთეზია დაკავშირებულია ბავშვში აუტიზმის რისკის 37 პროცენტით ზრდასთან. თუმცა, ეს კვლევა მკვეთრად გააკრიტიკეს ექსპერტებმა, რადგან ის არ ითვალისწინებდა აუტიზმის მრავალი რისკ-ფაქტორს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქალებში, რომლებმაც ეპიდურული ანესთეზია აირჩიეს. ანუ რისკს ზრდის არა უშუალოდ ანესთეზია, არამედ ქალის ის მდგომარეობები, რომლის დროსაც გამოიყენეს ასეთი ტიპის ანესთეზია.

გარდა ამისა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეპიდურული ანესთეზია უბრალოდ ვერ გაზრდის აუტიზმის რისკს ბავშვში - ეს წარმოუდგენელია ბიოლოგიური თვალსაზრისით.

ამ საკითხის დასასრულებლად მკვლევარებმა 2005-2016 წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში დაბადებული 123 000-ზე მეტი ბავშვის მონაცემები გაანალიზეს. ყველა მათგანი ბუნებრივი მშობიარობით დაიბადა პირველი ორსულობის შედეგად. ბავშვების 38%-ში დედები მშობიარობის დროს ეპიდურული ანესთეზიას იყენებდნენ.

მონაცემების გაანალიზებისას მეცნიერებმა, წინა კვლევის ავტორებისგან განსხვავებით, მხედველობაში მიიღეს ყველა ის ამჟამად ცნობილი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება პოტენციურად იმოქმედოს ბავშვებში აუტიზმის რისკზე.

ეს მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დედის ოჯახური მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობა ორსულობამდე და ორსულობის დროს, მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, აქვს თუ არა დედას ფსიქიკური დაავადება, მედიკამენტების ჩამონათვალს, რომელსაც ის იღებს (შედის თუ არა მათში ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები და ანტიეპილეფსიური საშუალებები. ნარკოტიკები), მშობიარობის დროს გართულებების არსებობა, გესტაციური ასაკი, რომელზედაც მოხდა მშობიარობა, რამდენად დროულად დაიწყო მშობიაობა.

გარდა ამისა, მკვლევარებმა გააანალიზეს მონაცემები და-ძმების შესახებ, რომელთაგან ერთზე დედამ ეპიდურული ანესთეზიით იმშობიარა, ხოლო მეორეზე - არა, რამაც შესაძლებელი გახადა გენეტიკური და ოჯახური ფაქტორების გათვალისწინება.

საბოლოო ჯამში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ნესთეზიით და მის გარეშე დაბადებულ ბავშვებს შორის, აუტიზმის დიაგნოზის განვითარების ალბათობასთან კავშირში არ გამოვლინდა.

როგორც მეცნიერები ხაზს უსვამენ, ისინი აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან მიღებული შედეგების სისწორეში, რადგან მათ მრავალი სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ანალიზი გამოიყენეს და ასევე გაითვალისწინეს ყველა ის ხარვეზი, რომელიც ამ თემაზე ჩატარებულ პირველ კვლევაში იყო. ამიტომ, მშობიარობის ქალებს შეუძლიათ აბსოლუტურად უშიშრად მიმართონ ეპიდურული ანესთეზიას, რომელიც მშობიარობის დროს ტკივილის შემსუბუქების „ოქროს სტანდარტია“.