2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო და აბიტურიენტები სხვადასხვა საგანში, განსაზღვრული დროის მიხედვით შესაბამის ტესტებს წერენ. პარალელურად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას, აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და რამდენმა ახალგაზრდამ დააგვიანა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა, ინგა ბაშიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერს, რომ მისმა შვილმა გამოცდაზე გასვლა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და მას დამატებით შესაძლებლობას აღარ აძლევენ. ის უფრო კონკრეტულად გვიყვება, რა პრობლემის გამო ვერ შეძლო აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრში გამოცხადება და რა პასუხი აქვს ოფიციალური უწყებებიდან ამ ეტაპზე:
- ჩემს შვილს 17 ივლისს მესამე გამოცდა უნდა ჩაებარებინა. 16 ივლისს ღამით, გვიან, კბილისა და ყბის გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, ამიტომაც სასწრაფოდ პირველივე სტომატოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სადღეღამისო მომსახურება ჰქონდა, მივმართეთ. ბავშვს სპეციფიკური ყბა აქვს, გვითხრეს, რომ კბილი ამოსაღები იყო, დავთანხმდით და როდესაც ექიმმა კბილის ამოღება დაიწყო, სიტუაცია უმართავი გახდა, დასჭირდა გაჭრაა, საათ-ნახევარზე მეტი ბავშვი სავარძელში იწვა და ეს შეფასდა, როგორც ოპერაცია. ოპერაცია რომ დასრულდა, ექიმმა ანტიბიოტიკი დანიშნა და სახლში წამოვედით. ანტიბიოტიკმა ალერგიული რეაქცია მისცა, დილით დაეწყო ხერხემლისა და ხელების საშინელი ტკივილი, დიარეა. სახე შეუშუპდა და ფეხზე ადგომა უჭირდა. ტემპერატურა უმართავი იყო. ექიმი გვეუბნებოდა, რომ პოსტოპერაციული სინდრომი იყო, დანიშნულებას გვაძლევდა და გვამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, ტემპერატურას მედიკამენტებით ვერ ვწევდით და სასწრაფო დახმარებას დავურეკეთ. სასწრაფო მოვიდა, დააფიქსირა, რომ ბავშვს მაღალი ტემპერატურა და ალერგიული რეაქცია ჰქონდა. რა თქმა უნდა, იმ დღეს გამოცდაზე ვერ წავიდა. შეუძლებელი იყო, სახლიდან გასულიყო. თავს გრძნობდა ძალიან ცუდად და ამას თან ერთვოდა მწვავე დიარეა... მთელი დღის განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვრეკავდი და ვარკვევდი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. თუმცა, ზუსტ პასუხს ვერავინ გვეუბნებოდა. ამიტომაც, მეორე დღეს ცენტრში თავად მივედი, დავწერე განცხადება და დავაფიქსირე, რომ თანახმა ვარ, ბავშვს ანალიზები, ექსპერტიზა ჩაუტარდეს. აღვნიშნე, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ, რათა როგორმე დავამტკიცო, რომ იმ დღეს ბავშვის გამოცდაზე მისვლა შეუძლებელი იყო და ამავდროულად, ვერც სტომატოლოგი დატოვებდა სტაციონარში ღამით. ვესაუბრე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იურიდიულ სამსახურს, საიდანაც ქალბატონმა კატეგორიული უარი მითხრა და თქვა, რომ დადებით პასუხს ვერ მივიღებდით, რის შემდეგაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წავედი, რომ ვინმეს დავლაპარაკებოდი.
3 საათის განმავლობაში სამინისტროს ფოიეში ვიყავი, 25 წუთში ერთხელ ცხელ ხაზზე ვრეკავდი და ვიდრე მათ არ ვუთხარი, რომ ადგილზე ოპოზიციურ არხებს მივიყვანდი, არავინ დამელაპარაკა. 45 წუთში გამოვიდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარიც არ მახსოვს. ეს იყო ცინიზმის პიკი. მას ჩემი განცხადება უკვე წაკითხული ჰქონდა. მეუბნებოდა, რომ თუ ოპერაცია ჩაუარდა ბავშვს, რატომ არ დატოვეს კლინიკაში, ჭკუას მარიგებდა და დედობას მიწუნებდა... რამდენჯერმე ვკითხე, რა გზა შეიძლება გვენახა ამ ამბიდან, თუმცა კონკრეტულ პასუხს ვერ აფიქსირებდა და ცინიკურად მელაპარაკებოდა. შემდეგ კვლავ დავრეკე სამინისტროში და მითხრეს, რომ ჩემი წერილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადააგზავნეს. თუმცა, ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიმიღია. მე ვთვლი, რომ ჩემი შვილის კონსტიტუციური უფლება, რომ განათლება მიიღოს, დაირღვა, ამიტომ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ... როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ქალბატონი თავის მონოლოგს ასრულებდა, თქვა, რომ ერთ-ერთი წერილი შევიდა, სადაც აღწერილი იყო, რომ მანქანა, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა, ავარიაში მოყვა, დააგვიანდა და ითხოვდნენ განმეორებით გამოცდაზე გაშვებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც არ აპირებდნენ...
თუ პასუხი დადებითი იქნება და გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლებას მისცემენ, მაინც არ გავჩერდები. გუშინ განზრახ დამიზიანეს ჯანმრთელობა, დაცვას წყალი განუწყვეტლივ მოჰქონდა, მეც და ჩემს შვილსაც ძალიან დიდი სტრესი მოგვაყენეს. იმ პირებს, რომლებიც ჩემი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს და ასე ჩატ-ბოტებივით მელაპარაკებიან, აუცილებლად უნდა დაეკისროთ რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა. სამართლიანობა აუცილებლად უნდა აღდგეს. არ შეიძლება, ბავშვებს ასე ექცეოდნენ. 18-19 წლის ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ აქვთ შანსი, ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი ინტერესებისთვის.
თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩემი შვილი დემონსტრაციულად დატოვებს ქვეყანას და სხვა ქვეყნის ჯარში წავა. თავად ძალიან ცუდადაა, გუშინ მითხრა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა და ეს ჩემთვის დიდი ტრაგედიაა...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური წერილის განხილვას საკუთარი დადგენილი ვადები აქვს და ჯერჯერობით, რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ამავდროულად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:
აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
თამარ იაკობაშვილი