21 ივლისს, ახალგაზრდა ქართველი ავტორები დიდი ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში მკითხველს ქალაქ ფოთში შეხვდებიან. ბესტსელერი წიგნების ავტორები თათული ღვინიანიძე და ირაკლი არიშვილი შეხვედრას ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში (წმინდა ნინოს ქუჩა #61) გამართავენ.
შეხვედრის ფარგლებში ავტორები საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ, მკითხველს ახალ გამოცემებს წარუდგენენ, მეორე მხრივ, კი მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები თავად ავტორებისგან მიიღონ, გადაიღონ მათთან სამახსოვრო ფოტოები და ასევე, მიიღონ ავტოგრაფები.
თათული ღვინიანიძე ორი ბესტსელერი წიგნის ავტორია. მისი პირველი რომანი „აღიარება ხელისგულზე“ 2017 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ბესტსელერი წიგნების პოზიციას არ კარგავს. წიგნი რამდენჯერმე ახალი ტირაჟით გამოიცა. თათულის მეორე რომანი „ერთი კვირა ერთ ოთახში“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში გამოიცა. მისი მარაგი წიგნის მაღაზიების ნაწილში დახლებზე გამოჩენის დღესვე ამოიწურა.
ირაკლი არიშვილი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულია. მისი სადებიუტო რომანი „დასაწყისის დასასრული“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით აღმოაჩენს, რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს. მთავარი გმირი იწყებს პასუხების ძიებას და ამ პროცესში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა გადახდება თავს.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის. სტუმრებს მისვლა 16:00 საათიდან და 19:00 საათამდე შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე წიგნები განსაკუთრებული, 60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
R