10 წლის რამაზ ველთაურს საკმაოდ რთული დიაგნოზი დაუსვეს და საზოგადოების დახმარება სჭირდება. რამაზს რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა, მარჩენალდაკარგულია და სოციალურად დაუცველი. როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ჯანმრთელი დაიბადა და აქამდე არაფერი აწუხებდა.
- ჯანმრთელობის პრობლემა არასოდეს არ ჰქონია. ამ წლის 3 ივნისს ბავშვმა საღამოს მოულოდნელად დაკარგა გონება, შემდგომ დაეწყო გულისრევა და სასწრაფოდ გადაიყვანეს სავადმყოფოში, სადაც დადგინდა ჰიდროცეფალია და ტვინის პარკუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. საქართველოში გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდგომაც 4 ივლისს გამოწერეს სახლში, ვინაიდან არანაირი სხვა სამედიცინო დახმარების გაწევა არ შეიძლებოდა. აღნიშნული ანალიზი და დიაგნოზი გადაიგზავნა თურქეთში, სადაც გვითხრეს, რომ დაუყოვნებლივ იყო ბავშვის გადაყვანა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებოდა, ამიტომ მაშინვე ვთხოვეთ დახმარება საზოგადოებას, მეგობარ-ახლობლებს, გარკვეულ თანხას მოვუყარეთ თავი და ბავშვი თურქეთში გადავიყვანეთ, სადაც დადგინდა, რომ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც 29 ათასი დოლარი ღირს...
რამაზი, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, დუშეთში სპორტით იყო დაკავებული. ახლაც მშობლიურ დუშეთზე საუბრობს გამუდმებით, კლასელებზე, კალათბურთზე, ბებოებზე... მხოლოდ ერთი სურვილი აქვს ჯერ - ირბინოს დაღლამდე და მერე დუშეთში დაბრუნდეს სტადიონზე ბურთით ხელში... ყველა დაინახავს, როგორი გრძელი ვარო და ყველას მოვუგებ თამაშსო... არ აინტერესებდა, სად მივდიოდით, მხოლოდ ერთს იმეორებდა: "მე უნდა გამოვჯანმრთელდე მალე, რომ სახლში დავბრუნდე"...
ანგარიშის ნომრები:
თი-ბი-სი
GE02TB7164245068100014
საქართველოს ბანკი
GE38BG0000000538085025