მსახიობი ნინო კასრაძე "პირველი არხის" ეთერში მოზარდ შვილებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რა არის მისთვის ამ პროცესში ყველაზე რთული:
- ორი შვილი მყავს - გოგონა და ბიჭი. გოგო უფროსია, ბიჭი - უმცროსი. ვიდრე პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვიყავი. გასეირნება, ჭამა, მოვლა - ეს ყველაფერი, თითქოს, კარგად გამომდიოდა. მერე დამთავრდა ეს ეტაპი და თინეიჯერები გახდნენ. დაიწყო განსხვავება და პრობლემა იმაში, ჩვენ რა გვგონია, რომ იყო კარგი მშობელი და ბავშვები, როგორ თვლიან - რა არის მათთვის კარგი. ეს ეხება ყველაფერს - სად წაიყვან, რაზე ატარებ და ასე შემდეგ. მუსიკაზე ტანჯვით გავიარე 7 წელი და რატომღაც მეგონა, რომ აუცილებელი გამოცდილებაა, ჩემს შვილებსაც მუსიკალურ სკოლაში ევლოთ. უნდა გითხრათ, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ, 3-4 წელიწადში თავისი გაიტანეს, არ იარეს... სპორტის შერჩევაზეც, ყველაფერზე - ნელ-ნელა გართულდა ეს ურთიერთობა. საზღვარგარეთ არ მისწავლია, არსად ვყოფილვარ და სულ მეგონა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შვილი სასწავლებლად საზღვარგარეთ გამეშვა და მეგონა, რომ ეს წარმატების ფორმულაა. ამიტომ, ჩემი შვილები გადავიყვანე. იქ მთავარი პრობლემები დაიწყო. წარმოდგენები, ვინ არის მოზარდი, რა სურს, სად უნდა სწავლა, ეს კარგია, თუ ცუდი, რომ ამოგლეჯ და სხვაგან გადაიყვან, მეორე მხრივ, რას ღებულობს იქ, ყველაზე რთული თემა აღმოჩნდა. ამასობაში, პანდემია წამოგვეწია და ჩავიკეტეთ. წელიწადი და 7 თვე ჩაკეტილები ვიყავით პატარა ქალაქში, სადაც 6 საათის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. თუმცა, ბავშვებს სკოლა არც ერთი დღე არ გაუცდენიათ, რადგან საფრანგეთში ასეთი მოთხოვნა იყო, რომ სწავლა არ გაეცდინათ. მე, როგორც მშობელი, პანდემიის დროს შევდექი. ყველაფერი თავიდან გავიგე. რაც მთავარია, მივხვდი, როგორ ვშორდებით ჩვენ ჩვენს შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე. მან მითხრა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, გამოწვევების დროს, მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან ჩვენი შვილი ემოციურად, ენერგიით, სასიცოცხლო ძალებით უნდა დაიტენოს, ხოლო როცა გაუჭირდება, ბალიშზე თავი დადოს. მივხვდი, რომ მთელი ჩემი წარმოდგენები, რა არის კარგი, რა ცუდი, როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს, ყველაფერი შეიცვალა.