"დამეხმარეთ!" – 13 წლის გოგონამ, რომელიც პედოფილმა გაიტაცა და მასზე ძალადობდა, მოახერხა და გამვლელებს შველა სთხოვა - მშობლები

"დამეხმარეთ!" – 13 წლის გოგონამ, რომელიც პედოფილმა გაიტაცა და მასზე ძალადობდა, მოახერხა და გამვლელებს შველა სთხოვა

2023-07-26 12:37:24+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 13 წლის გოგონა მოძალადისაგან გამვლელებმა მას შემდეგ იხსნეს, რაც დაინახეს, რომ მოზარდს ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა: "დამეხმარეთ". იგი გაჩერებულ მანქანაში იყო ჩაკეტილი და ვერ გადმოდიოდა. ამის შესახებ USA Today წერს.

საქმეზე 61 წლის მამაკაცი სტივენ რობერტ საბლანი დააკავეს და არასრულწლოვანის გატაცებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალი წაუყენეს. როგორც ცნობილია, შემთხვევის დღეს 13 წლის გოგონა ტეხასის შტატში ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც სტივენ რობერტ საბლანმა მის წინ მანქანა გააჩერა, სავარაუდოდ, მოზარდს იარაღით დაემუქრა და უბრძანა, მანქანაში ჩამჯდარიყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მოზარდს მუქარის შეეშინდა და მანქანაში ჩაჯდა. როგორც გოგონას მიერ მიცემულ ჩვენებაშია ნათქვამი, მამაკაცმა მას ჰკითხა, რამდენი წლის იყო. ამის შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.

"ორი დღის განმავლობაში საბლანს გოგონა ტეხასიდან კალიფორნიაში დაჰყავდა და სულ მცირე, ორჯერ მაინც იძალადა მასზე სექსუალურად", - ნათქვამია აშშ-ის პროკურატურის პრესრელიზში.

9 ივლისს საბლანმა გოგონას უბრძანა, რომ ტანსაცმელი გაეხადა და სამოსი ლონგ-ბიჩში მდებარე სამრეცხაოში წაიღო. ბავშვი მანქანაში დატოვა. 13 წლის მოზარდმა მოახერხა, სასწრაფოდ ფურცელზე დაწერა "დამეხმარეთ" და ხელში დაიჭირა. ამ გზით, გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.

2-1690360746.jpg
სამრეცხაო, სადაც ბოროტმოქმედს გოგონას ტანსაცმლის გარეცხვა სურდა

ლონგ-ბიჩის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ადამიანებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ გაჩერებულ მანქანაში გოგონას ხელში ეჭირა ფურცელი, რომლითაც დახმარებას ითხოვდა, სასწრაფოდ სამართალდამცავებს შეატყობინეს. ადგილზე მისულ პოლიციას მანქანაში იარაღი და დანა დახვდა. გამტაცებელიც იქვე დააკავეს.

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, საბლანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 61 წლის მამაკაცი ტეხასში ძარცვისთვის იძებნებოდა და იქამდე ნასამართლევიც იყო.