შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ დღეს ბრიფინგი გამართა და 2023 წლის გამოცდები შეაჯამა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო, 28 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი - 75% -ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; გამოცდაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად რაჭაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდები ჩაებარებინათ ამბროლაურში ახლადგახსნილ საგამოცდო ცენტრში.
დიპლომირებული მედიკოსი, სამართლის და ინფორმატიკის პროგრამები წელს ყველაზე პოპულარული იყო აბიტურიენტებს შორის. აღსანიშნავია, რომ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან არც ერთი აბიტურიენტი არ მოუხსნიათ.
სოფიო გორგოძის თმით, დამატებითი გამოცდა 5 საგანში ჩატარდა. მათ შორის, ყველაზე მეტმა, 10-მა აპლიკანტმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერა.
ასევე, მასწავლებელთა გამოცდიდან 2 აპლიკანტი მოიხსნა - ერთ შემთხვევაში მიზეზი ნასვამობა იყო, მეორე შემთხვევაში კი დამხმარე მასალის აღმოჩენა.
თამარ იაკობაშვილი