მეცნიერებმა, როგორც იქნა, მიაგნეს ხერხს, როგორ შეიძლება სასკოლო მიღწევების გაუმჯობესება.
"აუცილებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ აქტივობებზე დახარჯული ბავშვის დრო, რაც სწავლას, სპორტს და ძილს არ უკავშირდება", - ამ დასკვნამდე მივიდნენ სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა სტატია ჟურნალში Health Education & Behavior გამოქვეყნდა.
კვლევაში 9-12 წლის ორი ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე იყო ჩართული. ყველა მათგანს ერთი კვირის განმავლობაში მაჯაზე ეკეთა გაჯეტი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევდა თვალყური ედევნებინათ მათი ფიზიკური აქტივობისთვის. გარდა ამისა, ყველა ბავშვს ლიტერატურულ და მათემატიკურ უნარებში ტესტირება ჩაუტარდა.
შედეგად, აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში რაც უფრო ნაკლებ დროს უთმობს ბავშვი მსუბუქ ფიზიკურ აქტივობას - საშინაო საქმეებს, კომპიუტერთან ჯდომას და თამაშს, უბრალოდ, უსაქმოდ ყოფნას, მეტი დრო რჩება ძილისთვის, სწავლისა და სპორტისთვის და უფრო მაღალია მისი აკადემიური მოსწრება.
როგორც ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ტიმ ოლდსმა განმარტა, საქმე ის არ არის, რომ თამაშები და უსაქმურობა თავისთავად საზიანოა აკადემიური მოსწრებისთვის. და ის, რომ ისინი ბავშვს ძვირფას დროს ართმევენ.
ოლდსის და მისი კოლეგების რეკომენდაციების თანახმად, 9-12 წლის მოსწავლემ დაახლოებით ერთი საათი უნდა დაუთმოს ენერგიულ ფიზიკურ დატვირთვას დღის განმავლობაში, ორ საათზე ნაკლები დახარჯოს კომპიუტერზე ან სმარტფონზე თამაშში და ღამით 9 -11 საათი ეძინოს.
„თუ მშობლებს უზრუნველყოფენ, რომ ბავშვმა საკმარისად იძინოს, საკმარისად ივარჯიშოს და საკმარისი დრო დაუთმოს სწავლას, მაშინ სხვა რამეებზე ბავშვს უბრალოდ დრო არ დარჩება და პრობლემა მოგვარდება“, - განმარტა ოლდსმა.