რამდენიმე დღის წინ აბიტურიენტმა, რომელიც გამოცდაზე ავადმყოფობის გამო ვერ მივიდა, სასამართლოს ძალით, დამატებითი გამოცდის უფლება მოიპოვა. იქამდე კი მშობელმა, ინგა ბაშიროვმა სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის შვილს 16 ივლისს, გვიან ღამით, კბილისა და ყბის გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, მეორე დღეს კი ცუდად გახდა, ექიმის მიერ დანიშნულმა ანტიბიოტიკმა ალერგიული რეაქცია მისცა და უმართავი ცხელება ჰქონდა, რის გამოც ისტორიის გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო. მისი თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მის შვილს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც სასამართლოს მიმართა.
აბიტურიენტის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" იცავდა. 27 ივლისს მათ განაცხადეს:
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს" დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება.“
თუმცა, დღეს აბიტურიენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს იმ მიზეზით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩაატარა.
ინფორმაციის მიღების შემდეგ მშობელმა, ინგა ბაშიროვმა შიმშილობა დაიწყო და სოციალურ ქსელში დაწერა:
"მე, ინგა ბაშიროვმა, ამ წუთას გადავწყვიტე, გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება - სიცოცხლის უფლება. ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას."
თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. ორგანიზაციის იურისტი, თამარ კაპანაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხი,რომ ისინი არ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, არა მხოლოდ უკანონოა, არამედ დანაშაულიცაა. ძალიან საშიში პრეცედენტია, როდესაც სახელმწიფო უწყება, რომელიც თავად უნდა იყოს სამაგალითო ყველა სხვა უწყებისა თუ ორგანოსათვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულოს, ამის ნაცვლად, აღსრულებაზე ფორმალური, სრულიად დაუსაბუთებელი გარემოებების გამო ამბობს უარს. როგორც აღვნიშნე, ძალიან საშიში პრეცედენტია და კანონის უზენაესობისათვის საფრთხეს წარმოადგენს, რაც, ცხადია, ქვეყანაში არსებულ პროცესებზე უარყოფითად იმოქმედებს. რა თქმა უნდა, დავის გაგრძელებას ვაპირებთ და ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდებით, აბიტურიენტის უფლებები დავიცვათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული არგუმენტი უსაფუძვლოა. ისინი ამბობენ, რომ 25 ივლისს უკვე ჩაატარეს დამატებითი გამოცდა, თუმცა ეს ის შემთხვევებია, როდესაც აბიტურიენტები განცხადებით თავად ცენტრს მიმართავენ. სასამართლო გადაწყვეტილებით დავალებულ შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ იტყვის, რომ მას დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარებული აქვს. მან ყველანაირ გზებსა და საშუალებებს უნდა მიმართოს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოს." - ამბობს თამარ კაპანაძე.
თამარ იაკობაშვილი