2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კი აბიტურიენტებს სხვადასხვა საგანში შედეგებს უზიარებს. უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, აგვისტოს ბოლოსკენ ქვეყნდება.
ჩვენც წარმატებული აბიტურიენტები გაგაცანით, რომლებმაც გამოცდებში უმაღლეს შედეგს მიაღწიეს. ამავდროულად, რამდენიმე მშობელმა გვთხოვა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასელები გავიდნენ და საკუთარი ძალები მოსინჯონ. მათი თქმით, წელს მსგავსი პრეცედენტი იყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ ადამიანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ასაკში შეზღუდული არ არის. თუმცა, აბიტურიენტი, რომელსაც სკოლის დამამთავრებელი ატესტატი არ ექნება, უნივერსიტეტში ვერ მოხვდება და ვერც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
ამიტომაც, მე-11-მე-10 კლასის მოსწავლეებს, ან სხვა ასაკის ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ გამოცდებში საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ, შეუძლიათ, მომავალ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ, თუმცა ისინი ატესტატის გარეშე კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ და ვერც უნივერსიტეტში მოხვდებიან. შედეგების ნახვა კი ჩვეულებრივ შეეძლებათ, როგორც სხვა აბიტურიენტებს.
თამარ იაკობაშვილი