"გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი" 2017 წლიდან მოყოლებული აქტიურად საქმიანობს საქველმოქმედო მიმართულებით და იმ მცირე კერძო ფონდებს შორისაა, რომლებიც საქართველოში განათლების სფეროს უჭერენ მხარს. ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, რაც როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. სწორედ ამ მხრივ თანამშრომლობს "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი" "საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტთან", სამოქალაქო ორგანიზაციასთან, რომელიც საგანმანათლებლო დებატების სასწავლო დაწესებულებებში დანერგვისა და დებატების, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის პოპულარიზაციაზე მუშაობს.
ფონდის დირექტორის ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით: „აღნიშნული ინიციატივა საინტერესოა ჩვენთვის მრავალი ფაქტორის გამო. პირველი და მთავარი მაინც ისაა, რომ იგი ფოკუსირებულია არა მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, ვინც პროექტის მიმდინარეობისას შეძლებენ კლუბის საქმიანობაში თუ შესაბამის ტურნირებში ჩართვას, არამედ მიმართულია სკოლებში მოღვაწე მასწავლებლებზე, ვინც ამ ტექნიკის დაუფლებით შეძლებს მოიზიდოს კლუბში და ამ ტექნიკას აზიაროს არაერთი მომდევნო თაობა. პროექტი უკვე მეოთხე წელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს და დებატების ტექნიკას მოქმედთან ერთად უკვე მომავალი პედაგოგი-სტუდენტებიც ეუფლებიან, რომლებიც ამ ცოდნას უკვე პრაქტიკაში, სკოლაში გამოიყენებენ. 2022 წლიდან სამი წლის განმავლობაში, ფონდის მხარდაჭერით, დებატები, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს არაერთ სკოლაში ინერგება. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ რატომ ვამაყობთ ამ პროექტის მხარდაჭერით ისიცაა, რომ ჩვენი ჩართულობითა და აქტიურობით ფაქტობრივად ვუბიძგეთ სხვა არაერთ ორგანიზაციასა და დონორს ჩვენთან ერთად დაეფინანსებინათ და მხარდაჭერა გამოეხატათ პროექტისთვის. დღეს კი სახეზეა ერთ-ერთი წარმატებული და ხორცშესხმული იდეა, რომელიც მრავალ ორგანიზაციასა და ინსტიტუციას აერთიანებს და წლიდან წლამდე ზრდის არეალს და ტრანსფორმირდება რათა რაც შეიძლება მეტმა პედაგოგმა და ახალგაზრდამ ისარგებლოს პროექტის სიკეთით.“
„ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, რამდენიმე ფაზიანი თანამშრომლობის შემდეგ, შევძელით სრულიად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა. პირველ რიგში, ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გაძლიერდა დებატების კლუბების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაიხსნა კლუბები საქართველოს ყველა რეგიონში, მაღალ-მთიან დასახლებებში, მცირე კონტიგენტიან სკოლებში და ა.შ. კლუბების გახსნის შანსი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მიეცა. საბოლოოდ კი, სამწლიანი პარტნიორობის შედეგად, პროექტის ფარგლებში 60 აქტიური დებატების კლუბი ჩამოყალიბდა, ძალიან ყოჩაღი და მოტივირებული მოსწავლეების ჩართულობით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის შემდგომ, მართლაც ყველა სკოლას მიეცა საშუალება გაეხსნა დებატების კლუბი. სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს სკოლებში, რამადენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსების შედეგად ამ სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ხდებოდა 20 მასწავლებლის შერჩევა და ინტენსიური გადამზადება, რის შემდეგაც იხსნებოდა დებატების კლუბები. მოსწავლეებისგანაც ჩანდა კლუბებში ჩართვის ძალიან დიდი ინტერესი და მართლაც ყველაზე მოტივირებული მოსწავლეები ხდებოდნენ კლუბის წევრები.“ - აცხადებს GIDE-ის გამგეობის თავმჯდომარე, თინათინ ცერცვაძე.
"საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის" წარმომადგენლების თქმით: "ასეთი დიდი ქსელის არსებობამ შესაძლებლობა მოგვცა ჩაგვეტარებინა და მიგვეღო მონაწილოება საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებში კლუბების წევრებისთვის, როგორიცაა საჯარო დებატები, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები. კლუბებში მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა უკვე პრაქტიკაში, სწორედ აღნიშნული აქტივობებით გადაიტანეს. დებატების ხელოვნების საშუალებით, მოსწავლეები ივითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც გადამწყვეტია პიროვნული და ინტელექტუალური ზრდისთვის. ეს უნარები მოიცავს კონსტრუქციულ მსჯელობას, არგუმენტირებას, კვლევასა და ანალიზს, ორატორულ უნარებს, გუნდურ მუშაობას, დროის მართვას, ოპონენტების პატივისცემას და ბევრ სხვას. ეს ყველაფერი კი ნათლად აისახა მოსწავლეების ჩართულობით აღნიშნულ აქტივობებში. საბედნიეროდ, დებატების კლუბების მიღწევების შედეგად, გაგრძელდა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან აქტიური თანამშრომლობა და პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გადავიდა თვისებრივად ახალ ეტაპზე. ამ ეტაპის ფარგლებში, შევქმენით ახალი პროგრამა და მოვახდინეთ საქართველოს მასშტაბით 20 სკოლაში დებატების, როგორც არჩევითი საგნის დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო, როგორც მოსწავლეების განვითარებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ აღნიშნული უნარების განვითარების შესაძლებლობა ამავე პროექტის ფარგლებში არსებულ დებატების კლუბებში, დებატების როგორც არჩევითი საგნის დანერგვამ გააჩინა კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა, რომ არაფორმალური განათლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველასთვის."
„კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ ადამიანს ვინც საკუთარი რესურსი ჩადო იდეის განხორცილებაში. მათი ძალისხმევა, შრომა და პროფესიონალიზმი რომ არა, დღეს ეს პროგრამა ასე წარმატებით ვერ იფუნქციონირებდა საქართველოს ყველა რეგიონში და ვერ მივიღებდით იმ შედეგებს, რაც პროექტმა ასე მოკლე დროში მოგვცა. ჩვენი გაწეული ინვესტიციის საზღაური კი გულანთებული და წარმატებული მოსწავლე, მადლიერი მშობელი და რეალიზებული მასწავლებელია. ყოველივე ეს კი ფონდისთვის მხოლოდ დამატებითი მოტივაციაა დააფინანსოს მსგავსი ინიციატივები, მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ორგანიზაციებს მეტი ძალისხმევა ჩადონ საგანმანათლებლო პროექტებში, რათა ისევ ერთად, ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.“ - ამ სიტყვებით ასრულებს ჩვენთან საუბარს ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.
R