რას ურჩევენ თანატოლებს აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს - "საკუთარ თავზე იმუშაონ, რადგან, ვფიქრობ, მხოლოდ მასწავლებლის მოსმენით რთულია, სასურველი შედეგის მიღწევა..." - მშობლები

რას ურჩევენ თანატოლებს აბიტურიენტები, რომლებმაც წელს ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს - "საკუთარ თავზე იმუშაონ, რადგან, ვფიქრობ, მხოლოდ მასწავლებლის მოსმენით რთულია, სასურველი შედეგის მიღწევა..."

2023-08-04 13:13:45+04:00

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და აბიტურიენტებმა საგნების უმეტესობაში საკუთარი შეფასება უკვე გაიგეს. დღეს გაგაცნობთ რამდენიმე მომავალ სტუდენტს, რომლებმაც გამოცდებზე ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღეს. ისინი მომავალ აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას და რჩევებს უზიარებენ:

ლუკა ლიკლიკაძე 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 აიღო, ინგლისურში - 70-დან 70, ხოლო მათემატიკაშიც - 51-დან 51 ქულა. ლუკა სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით აპირებს.

- ხშირად აბიტურიენტები მხოლოდ ბოლო წელს გადაწყვეტენ სხვადასხვა საგნის საფუძვლიანად შესწავლას, რაც ვფიქრობ, უმაღლესი შედეგის მიღწევას ართულებს. ეტაპობრივად ვსწავლობდი ყველა საგანს, პროგრამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდი და შრომისმოყვარეობამ სასურველი შედეგი გამოიღო. მათემატიკაში უმაღლესი ქულის მიღებაში, გარდა ფაქტობრივი ცოდნისა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება დამეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკითხი უკვე ვიცოდი, გამეორებას, პერიოდულად გახსენებას დროს ვუთმობდი. წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს. სხვადასხვა უცხოური ნაწარმოების გახსენება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისთვის დამეხმარა. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ინგლისური თითქმის ყოველდღე გვესმის და ენის საფუძვლიანად სწავლაში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომავალ აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, ეტაპობრივად მიჰყევით მასალის ათვისებას, იშრომეთ და ეს შრომა აუცილებლად დაფასდება. მინდა, ჩემს მასწავლებლებს მადლობა გადავუხადო, ამ შედეგის მიღწევაში მათ დიდი როლი აქვთ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა, დედაჩემს გადავუხადო. ამ წლების განმავლობაში, ყველაფერში მხარს მიჭერდა, მამხნევებდა და მოტივაციას მაძლევდა. კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და ჩემი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.

მარიამ მებუკე თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ისტორიაში 58 ქულა აიღო, ქართულში უმაღლესი, 60 ქულა აქვს, ინგლისურში კი - 70-დან 69. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და აღნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი:

- პირველ რიგში, შრომა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა აუცილებელია. წლების განმავლობაში, კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამაზე მოხვედრის სურვილით ვმეცადინეობდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. განსაკუთრებული როლი აქვს ჩემს მასწავლებელს. სწორ დროს შერჩეულ ადამიანს, ამ შემთხვევაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შედეგს, საკუთარი შრომისა და მიზანდასახულობის და ამავდროულად, მასწავლებლის დახმარებით მივაღწიე. დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობდი და პროგრამულ საკითხებსაც კარგად ვმეცადინეობდი. ტესტი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. დაკვირვება და დეტალებზე ყურადღების გამახვილება სჭირდებოდა, თუმცა მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა არასოდეს შეწყვიტონ. არასდროს იფიქროთ, რომ იმედი გაგიცრუვდებათ და რამეს ვერ შეძლებთ, სამივე გამოცდიდან ძალიან უკმაყოფილო, ცუდი განწყობით გამოვედი, მაგრამ საბოლოოდ, შრომა ფასდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ, ერთ-ერთი მთავარი, რაც წარმატებას განაპირობებს, არის ის, რომ ჯიუტად გწამდეს რაღაცის, ოღონდ თან იმოქმედო. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა" (ილია). ბევრჯერ მიფიქრია ამ სტრესული ერთი წლის განმავლობაში, რომ დავიღალე, მაგრამ ჩემი მიზნის გამო გაჩერების უფლება არ მქონდა. ამიტომ, მომავალო აბიტურიენტებო და უბრალოდ, თავისუფალო ადამიანებო, ზუსტად იცოდეთ, რომ ბოლოს თქვენივე აგებული ცათმფრენით გაფრინდებით და ამაში ვეღარავინ შეიტანს ეჭვს.

აკაკი ძიძიგურმა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულიდან 50-ის მიღება შეძლო. მაქსიმალური შეფასება აქვს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (60), ასევე ინგლისურში (70). ამბობს, რომ ეს წლების განმავლობაში მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის მიმართულებით გეგმავს და პროგრამისტობას აპირებს.

- მათემატიკაში მხოლოდ ფორმულებისა და მონაცემების დაზეპირება საკმარისი არ არის და ანალიტიკურ უნარებს, ლოგიკურ მსჯელობას, სხვადასხვა საკითხს შორის კავშირების პოვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მასწავლებლებიც სულ ცდილობდნენ, რომ სწორ პასუხამდე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივსულიყავით და გაგვეაზრებინა, რატომ იყო კონკრეტული არჩევანი მართებული. სისტემატურად ვმუშაობდი, სკოლაშიც გამოცდები თითქმის ყოველთვე გვქონდა და გარემოსაც მიჩვეულები ვიყავით.

რაც შეეხება სხვა საგნებში მიღებულ მაქსიმალურ შეფასებებს, ვფიქრობ, რომ აქაც შრომისმოყვარეობა დამეხმარა. საგამოცდო მასალა კარგად მქონდა დამუშავებული, ბევრ დროს ვუთმობდი, მასწავლებლებიც ძალიან გვეხმარებოდნენ და მოტივაციას გვაძლევდნენ.

სწავლის გაგრძელებას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაზე თავისუფალ უნივერსიტეტში ვგეგმავ. მინდა, სამომავლოდ, პროგრამისტი ვიყო და დიდ კომპანიაში ვისურვებდი მუშაობას. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ, რადგან, ვფიქრობ, მხოლოდ მასწავლებლის მოსმენით რთულია, სასურველი შედეგის მიღწევა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, მიუხედავად აბიტურიენტების დატვირთული გრაფიკისა, თავისუფალი დროის გამონახვა ჰობისთვის შესაძლებელია. ეს განტვირთვაში დაგეხმარებათ და სწავლის ხარისხსაც გააუმჯობესებს.

თამარ იაკობაშვილი