როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ომზე? - წიგნი, რომელიც ამ საკითხში დაგეხმარებათ - მშობლები

როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ომზე? - წიგნი, რომელიც ამ საკითხში დაგეხმარებათ

2023-08-08 16:41:20+04:00

სამწუხაროდ, ბავშვებს თამაშის ნაცვლად ხანდახან ომისთვის თვალებში ჩახედვა უწევთ. ომი დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე, ბავშვებს კი განსაკუთრებულად სტრესავს, რადგან მათ დაცულობის შეგრძნებას უკარგავს. უფრო რთულდება ვითარება, როდესაც ბავშვის ოჯახი თავად ხდება ომის მონაწილე ან მსხვერპლი.

ამ მდგომარეობის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის და სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო. ასევე ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს ბავშვისთვის ჩავლილ ომებზე ინფორმაციის მიწოდება. ფსიქოლოგები გვირჩევენ:

  • პირველ რიგში, შეძელით თქვენი ემოციების გაკონტროლება მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ომი თქვენზე. მშობელი ამ შემთხვევაში ბავშვის ერთადერთი იმედია და თუ მას ხედავს შიშით მოცულს, ბავშვსაც შიში და სტრესი დაიპყრობს. ამიტომ ომის პერიოდში თუ ომზე საუბრისას მშობლებს ემოციების განსაკუთრებული კონტროლი მოეთხოვებათ.
  • ბავშვს აუხსენით ყველაფერი, რაც აინტერესებს. ის უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც სრული ინფორმაცია ექნება. უმჯობესია, მან მშობლისგან გაიგოს ყველაფერი, ვიდრე ინტერნეტის ან სხვა ადამიანების დახმარებით.
  • დააკვირდით ბავშვის სხეულის ენას. არის მომენტები, როდესაც ბავშვები სიტყვიერად თავის გაკონტროლებას ცდილობენ, მაგრამ, მაგალითად, თუ ზედმეტად ოფლიანობს ან ძილის რეჟიმი დაერღვა, იცოდეთ, რომ ის სტრესშია და დახმარება სჭირდება.
  • მძიმე თემაზე საუბრის შემდეგ ყოველთვის ეცადეთ სასიამოვო საკითხებზე ლაპარაკით დაასრულოთ მასთან კომუნიკაცია. ელაპარაკეთ სიყვარულზე, რომელიც დიდი მიზნების დასახვასა და განხორციელებაში დაეხმარება; თანაგრძნობაზე, რომელიც მთელი ცხოვრება თან უნდა დაჰყვებოდეს და თანასწორობაზე, რომელიც მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი უნდა იყოს.
  • შესთავაზეთ მისი ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც სხვა თვალით დაანახებს ომს და მისი თანმდევი მოვლენების უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარება. ქართულ ენაზე რამდენიმე ნათარგმნი წიგნია გამოცემული ომის თემატიკაზე, თუმცა სულ ახლახან გამოიცა ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის, თამრი ფხაკაძის მცირეტანიანი ნაწარმოები „გიო“, რომელიც აფხაზეთის ომის თემატიკაზეა.

გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.

მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?

ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ დღეში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცდადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს და ჯიუტად ამბობს „მე დავბრუნდები“.

ნუ მოერიდებით ბავშვებთან ომზე საუბარს, უბრალოდ ეცადეთ სწორი დრო, სწორი ფორმა და სწორი სიტყვები შეარჩიოთ.

R